"დენის კომპანიიდან გირეკავთ, თქვენს სახლში ძალიან მაღალი სიხშირის დენი მოდის და 48 საათში ელექტროენერგია გაგეთიშებათ“, - ასე დაიწყო უჩვეულო სატელეფონო საუბარი, რომელმაც საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალი, თამარი, თავიდან სრულიად დააბნია. უცნობებმა მისი სახელი, გვარი და მისამართი იცოდნენ და იმდენად დამაჯერებლად, პროფესიონალურად და სუფთა ბერძნული აქცენტით საუბრობდნენ, რომ მას თავდაპირველად ეჭვი არ გასჩენია.
თამარს უთხრეს, რომ სახლში ელექტროენერგიის "სიხშირე“ უნდა შეემოწმებინათ და ამისთვის მთავარი ჩამრთველი გამოერთო. შემდეგ უცნობებმა ქალს სხვადასხვა ოთახში ექსპერიმენტის მსგავსი პროცედურების ჩატარება დაიწყეს - ფოლგაზე თერმომეტრის დადება, ნივთების მოძებნა და საბოლოოდ ოქროს სამკაულების, ძველი მონეტებისა და ნაღდი ფულის სახლში ძებნაც მოსთხოვეს.
"გუშინ, ორი საათის შემდეგ დამირეკეს სახლის ტელეფონზე, მეუბნებიან ჩემ სახელს და გვარს, თუ ვცხოვრობ ამ მისამართზე, ვეუბნები, კი. შემდეგ აგრძელებენ, რომ ჩვენ ვართ დენის კომპანიიდან, თუ მიიღეთ მესიჯი, 48 საათში დენი გაითიშება, რაზეც ვუთხარი რომ არ მიმიღია მსგავსი ინფორმაცია.

შემდეგ აგრძელებენ, რომ ჩვენს სახლში, ამ მისამართზე მოედინება ძალიან დიდი სიხშირის დენი, თითქოს ერთი ქარხანა მუშაობს და უნდა შემოწმდესო. რადგან სახლში ხართ თუ დაგვეხმარებით, გამოვრთოთ მთავარი წერტილიდან და გადავამოწმოთო, 15 წუთით შეგაყოვნებთო. დავთანხმდი, ეჭვიც არ შემპარვია არაფერში, იმდენად პროფესიონალურად, სუფთა, ბერძნული აქცენტით საუბრობდნენ. თან რადგან ჩემი სახელი, გვარი და მისამართი თქვეს, არც მიფიქრია რომ რამე თაღლითობა იყო.
მითხრეს, აუცილებლად მომეხსნა სამკაულები, რათა ჩემზე დენი არ გადასულიყო, ასევე მკითხეს რა მეცვა ფეხზე. მითხრეს, მობილურის ნომერი ჩაგვაწერინე, ვაიბერში დაგირეკავთ და გვაჩვენე როგორი დენის ჩამრთველები გაქვსო. ასევე მითხრეს, სახლის ტელეფონი არ გამეთიშა უსაფრთხოების მიზნით, რადგან შესაძლოა ამ პროცესში ხანძარიც გაჩენილიყო.
შევშინდი, ბავშვებს ვუთხარი, არაფერს შეხებოდნენ, დავსვი ერთ ადგილას. დენის გამოსართველი წყარო რომ ვაჩვენე, მითხრეს, რომ ძალიან ძველი იყო. მართლაც ძველი კორპუსია სადაც ქირით ვცხოვრობ.
იქვე მითხრეს, რომ ორი დღე იყო რაც ძალიან დიდი რაოდენობით დენი იხარჯებოდა. დაემთხვა ისიც, რომ აბაზანაში სინათლე გადამეწვა იმ დღეებში, ნათურაც გამოვცვალეთ, მაგრამ არაფერი, ჩამრთველიდან არის რაღაც გასაკეთებელი და ხელოსანმა უნდა ნახოს. მაგითაც გავები, შემეშინდა და დავთანხმდი.
გამომართვევინეს მთავარი ჩამრთველიდან დენი. შემდეგ მკითხეს, რამდენი ჩამრთველი მქონდა მისაღებში. დენის სიხშირე რომ დავწიოთ, ხის ზედაპირზე დააფინეთ 30 სმ-დე ალუმინის ქაღალდი და ზედ თერმომეტრი დადეთ, რომ სიხშირემ დაიწიოსო. იმ მომენტში არ მახსოვდა ქიმია და ფიზიკა, მარტო იმის მეშინოდა ბავშვები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ. ამ დროს რამდენიმეჯერ ამანთებინეს და ჩამაქრობინეს სინათლე. შემდეგ მითხრეს 15 ათასიდან 10-მდე დაიწია და კარგად მივდივართო.
იმავეს გამეორება მთხოვეს საძინებელში, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ კიდევ ერთი თერმომეტრი არ მქონდა, შემდეგ სხვა ნივთი დამედო ქაღალდზე, როგორც ამიხსნეს გულისხმობდნენ ოქროს ნივთს. მეორე ოთახიდან კი თერმომეტრის გამოტანა ვითომ არ შემეძლო, რადგან ბალანსი დაირღვეოდა.
როდესაც ავუხსენი რომ სახლში არანაირი ოქროს სამკაული არ მქონდა, მაშინ თქვეს, რომ ნებისმიერი ოქროს შემცველი ნივთი გამომადგებოდა. დავალაგე ფოლგაზე ისევ ნივთები რაც მქონდა, ოღონდ ბიჟუტერია. მითხრეს, რომ არ იკლებდა საძინებელში ძაბვა, ისევ მითხრეს, რომ მენახა სადმე ოქროს ნივთი ხომ არ მქონდა. აქ უკვე ძალიან შემეშინდა. ვუხსნიდი, რომ არ მქონდა სახლში არანაირი ოქროს ნივთი.
თუმცა აქვე გეტყვით, რომ დაეჭვების შემდეგ, მაინც ვერ გავუთიშე ტელეფონი. ვერ გეტყვით, რატომ შევყევი, ხომ ყოფილა რომ სიზმრიდან ვერ გამოდიხართ, რაღაც ასეთი მომენტი იყო. ბოლოს მითხრეს, რომ რადგან ოქრო არ მქონდა, ნებისმიერი კუპიურა ამეღო, ოღონდ არა ყალბი ცხადია, ეგ შეიცავს ოქროს და ვერცხლის წყალს და მაგით ვცადოთო. ნაღდ ფულს არასოდეს არ ვატარებ, ძირითადად ბარათით ვსარგებლობ.
ისე დაემთხვა რომ 5 ევროც არ მქონდა და ამაზეც უარი ვუთხარი, ხურდები მაქვს-თქო. ისინი ისევ აგრძელებდნენ რომ სახლში სიხშირე არ იკლებდა და სადღაც აუცილებლად იდო ოქროს ნივთი. მე ისევ ვუხსნიდი, რომ ნაქირავებში ვცხოვრობდი არანაირი ოქროს ნივთი არ იყო.
უკვე დავრწმუნდი, რომ აფერისტები იყვნენ, რადგან აგრძელებდნენ, რომ უჯრებში და კარადებში მომეძებნა ძველი მონეტები ან ოქროს ცეპი ან საყურე, რადგან სიხშირე არ იკლებდა. ბოლოს მითხრეს, რომ გაასწორებდნენ, ამასობაში დამირეკეს მობილურზე, რომ არიან ინტერნეტ კომპანიიდან რომ ფასდაკლების პაკეტი რომ შემოგთავაზოთ თქვენი საგადასახადო ნომერი მითხარითო, უკვე გავუთიშე და აღარ გამიგრძელებია", - წერს ემიგრანტი.