ავტორი:

"თვლიან, რომ ახმატს ჯადო გაუკეთეს" - კადიროვის ყოფილი რძლის ოჯახი ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და სასტიკად გაუსწორდნენ

"თვლიან, რომ ახმატს ჯადო გაუკეთეს" - კადიროვის ყოფილი რძლის ოჯახი ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და სასტიკად გაუსწორდნენ

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ოჯახში მომხდარი კიდევ ერთი ისტორია ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობის მხრიდან მძიმე ბრალდებების მიზეზი გახდა. ამჯერად საქმე კადიროვის უფროსი ვაჟის, ახმატ კადიროვის, ყოფილ მეუღლესა და მის ოჯახს ეხება.

ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა NIYSO ამტკიცებს, რომ ახმატ კადიროვის პირველი მეუღლის, მარიამ (თამილა) მახმატოვას ოჯახი კადიროვის შვილისთვის "ჯადოს“ გაკეთებაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ, მოძრაობის ინფორმაციით, მახმატოვების ოჯახის რამდენიმე მამაკაცი დააკავეს, ახმატ-იურტში გადაიყვანეს და სასტიკად სცემეს.

ძალადობის მსხვერპლი, წყაროს ცნობით, თავად მარიამ მახმატოვა და მისი დედა, პეტიმატ მახმატოვაც გახდნენ. NIYSO აცხადებს, რომ პეტიმატ მახმატოვა სავარაუდო გატაცებისა და წამების შემდეგ გარდაიცვალა.

ეჭვი ჯადოქრობაზე

NIYSO-ს მიერ გავრცელებული ვერსიის თანახმად, მახმატოვების ოჯახის წინააღმდეგ ანგარიშსწორება მას შემდეგ დაიწყო, რაც კადიროვების ოჯახში გაჩნდა ეჭვი, რომ ახმატ კადიროვის წინააღმდეგ ე.წ. სიჰრი - ჯადოქრობა ან შელოცვა იყო გამოყენებული. მოძრაობის ინფორმაციით, ახმატის მდგომარეობასა და ქცევაში ცვლილებები შენიშნეს და ამის მიზეზად სწორედ ჯადოქრობა მიიჩნიეს.

ეჭვი საბოლოოდ მის პირველ მეუღლეზე, მარიამ მახმატოვასა და მის ნათესავებზე მიიტანეს, რის შემდეგაც მოვლენები ძალადობაში გადაიზარდა.

  • NIYSO-ს ცნობით, მახმატოვების ოჯახის რამდენიმე მამაკაცი დააკავეს და კადიროვების საგვარეულო სოფელ ახმატ-იურტში გადაიყვანეს, სადაც ოპოზიციური მოძრაობის მტკიცებით, მათ სასტიკად გაუსწორდნენ.

ოჯახი, რომელიც კადიროვებთან თავადაც იყო დაკავშირებული

მარიამ მახმატოვა კადიროვების ოჯახისთვის უცხო ადამიანი არ ყოფილა. იგი ახმატ კადიროვის პირველი მეუღლე იყო. მათი ქორწილი 2023 წლის მარტში გაიმართა, როდესაც ახმატი მხოლოდ 17 წლის იყო.

ქორწილი დახურული იყო. სტუმრებსა და ადგილობრივებს ცერემონიის გადაღება აეკრძალათ, რის გამოც იმ ქორწილიდან საჯარო ფოტო და ვიდეომასალა ძალიან მცირეა.

მახმატოვების ოჯახს გროზნოში საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. რუსულენოვანი წყაროების ინფორმაციით, ოჯახი, მათ შორის, სტომატოლოგიურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ახლა კი, NIYSO-ს ცნობით, ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას მათი ბიზნესის დაკარგვაც მოჰყვა. მოძრაობა ამტკიცებს, რომ მახმატოვებს, მათ შორის სტომატოლოგიური კლინიკა "ბენოდენტი“, ჩამოართვეს.

მახმატოვების ოჯახის წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის შესახებ ცნობები განსაკუთრებით ხმაურიანად სწორედ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ახმატ კადიროვის მეორე ქორწინების შესახებ გახდა ცნობილი. 2026 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი მეორედ დაქორწინდა. ქორწილი, გავრცელებული ცნობით, 11 ივლისს ახმატ-იურტში გაიმართა.

ახალი მეუღლის ვინაობა საჯაროდ არ გამჟღავნებულა.

ამასთან, მედიაში კვლავ გაჩნდა კითხვები ახმატის პირველი ქორწინების შესახებ, კერძოდ, რა ბედი ეწია მარიამ მახმატოვას და რატომ აღმოჩნდა მისი ოჯახი კადიროვების გარემოცვის ყურადღების ცენტრში.

"მათი მოკვლაც იგეგმებოდა“ - ყველაზე მძიმე ბრალდება

NIYSO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კიდევ ერთი, გაცილებით მძიმე დეტალია. მოძრაობა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მარიამ მახმატოვას, მის დედას, პეტიმატს და, სავარაუდოდ, ოჯახის კიდევ ერთ ხანდაზმულ წევრს თავდაპირველად მოკვლას უპირებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, წამების შემდეგ ყოფილი რძლის დედა სახლში დააბრუნეს. მალევე პეტიმატ მახმატოვა გარდაიცვალა. ოპოზიციური მოძრაობა მის გარდაცვალებას სწორედ სავარაუდო გატაცებასა და წამებას უკავშირებს.

ჩეჩნეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი ბრალდებებსა და პეტიმატ მახმატოვას გარდაცვალების გარემოებებზე.