გაინტერესებთ, რომელი ქართველი ავტორების წიგნები იყიდება დღეს ყველაზე მეტად? ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, გეტყვით, რომ ქართული ლიტერატურა დღეს ისეთი ცოცხალი და მრავალფეროვანია, როგორც არასდროს. წიგნის მაღაზიების თაროებზე საუკუნეების წინანდელი შედევრები და თანამედროვე ბესტსელერები გვერდიგვერდ იწონებენ თავს.
“ბიბლუსი“ წარმოგიდგენთ ამ დროისთვის 2026 წლის ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად ქართველ ავტორს, რომელთა შემოქმედება და გამორჩეული ხელწერა მკითხველთა გულებს იპყრობს.
ჯემალ ქარჩხაძე ათეულის პირველ ადგილზეა. ფილოსოფიური პროზის ოსტატმა თავის ნაწარმოებებში ადამიანის თავისუფლების, მორალური არჩევანისა და სულიერი ძიების რთული საკითხები წამოწია და სწორედ ამიტომ ინტერესი ქარჩხაძის შემოქმედებისადმი არ ნელდება. მისი რომანები „მდგმური“, „ზებულონი“, „იგი“, „ქარავანი“ და „ანტონიო და დავითი“ მკითხველს ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე აყენებს და დიდ საფიქრალს უტოვებს.

გიორგი კეკელიძე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ავტორია, რომელიც სამწერლობო შემოქმედების პარალელურად არაერთ მნიშვნელოვან საზოგადო პროექტშია ჩართული. მან „ბიბლუსის“ მხარდაჭერით ჩამოაყალიბა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც უამრავი ქართული სოფლის ბიბლიოთეკა განახლდა და საზღვარგარეთ ათობით ქართული წიგნის კუთხე მოეწყო. მისი წიგნები ეროვნული ბესტსელერებია და თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. კეკელიძე არის საბას და წინანდლის პრემიების ლაურეატი.

ნოდარ დუმბაძე, რომელიც სიკეთისა და გულწრფელობის განსახიერებაა ქართულ ლიტერატურაში, ათეულის მესამე ადგილს იკავებს. მისი რომანები და მოთხრობები მკითხველს ატირებს და აცინებს ერთდროულად. დუმბაძის პერსონაჟები ცოცხალი, ტკივილიანი და გამორჩეულად ხალხური ადამიანები არიან. ბევრ მათგანს რეალური პროტოტიპიც ჰყავს და მწერალი მათ პირადად იცნობდა.

თემურ ბაბლუანი ცნობილი კინორეჟისორია, რომელმაც ლიტერატურაშიც ფურორი მოახდინა. მან 2013 წელს დაიწყო მუშაობა რომანზე "მზე, მთვარე და პურის ყანა", რომელიც 2018 წელს გამოვიდა და მალევე გახდა ბესტსელერი. სათავგადასავლო რომანში აღწერილია ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

იაკობ გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლად ითვლება. მისი მთავარი შედევრი, „დედაენა“ უნიკალური მეთოდოლოგიით შექმნილი წიგნია, რომელმაც ქართული საზოგადოების რამდენიმე თაობა აღზარდა. „დედაენისა“ და მოთხრობების გამოცემები წლების განმავლობაში ლიდერობენ საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურის ბაზარზე.
საინტერესოა, რომ „დედა ენა“ გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, ხოლო 1876–1925 წლებში მისი გამოცემების რაოდენობამ 45-ს მიაღწია.

დათო ტურაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი და დრამატურგია. მისმა რომანმა „ჯინსების თაობა“ ნამდვილი ლიტერატურული ბუმი გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, წიგნი არაერთ უცხოურ ენაზეა თარგმნილი. თუმცა დათოს შემოქმედება ამ რომანით არ შემოიფარგლება. ის მკითხველს მუდმივად სთავაზობს ახალ წიგნებს ახალი საფიქრალით. დათოს დინამიკური, ემოციური და მარტივად აღსაქმელი თხრობის სტილი განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის, რის გამოც მისი ნაწარმოებები წიგნის მაღაზიების მთავარ ჰიტებად რჩება.

კონსტანტინე გამსახურდია XX საუკუნის ქართული პროზის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურა. მისი ისტორიული რომანები „დიდოსტატის მარჯვენა“, „დავით აღმაშენებელი“, „მთვარის მოტაცება“, „დიონისოს ღიმილი“ უზარმაზარი ეროვნული და მხატვრული ღირებულების ნამუშევრებია. მწერლის ენობრივი სტილი, ფსიქოლოგიური სიღრმე და ისტორიული დრამატიზმი განაპირობებს იმას, რომ მისი წიგნები მუდმივად ბესტსელერების სიაშია.

ნათია ჯაგოდნიშვილი ფართო საზოგადოებამ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ საშუალებით გაიცნო. მან მკითხველის გული მძაფრი ემოციებით, საინტერესო სიუჟეტებითა და ცხოვრებისეული თემებით მოიგო. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ნათიამ რამდენიმე რომანი გამოსცა და ყველა მათგანი მალევე გაყიდვების სათავეში მოექცა. სწორედ ამიტომ დღეს ნათია ყველაზე გადყიდვადი ქართველი ავტორების ათეულშია წარმოდგენილი.

სულხან-საბა ორბელიანი გახლავთ XVII-XVIII საუკუნეების გამორჩეული მოღვაწე, მწერალი, დიპლომატი და ლექსიკოგრაფი. მისი იგავ-არაკები ქართული და მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის შედევრია, რომელიც ბრძნულ ალეგორიებთან ერთად გადმოსცემს ადამიანურ მანკიერებებსა და სათნოებებს. იგავ-არაკები სკოლის პროგრამის სავალდებულო ნაწილია, თუმცა მისი ისინი თანაბრად საინტერესო და მოთხოვნადია ზრდასრული მკითხველისთვისაც, რაც სულხან-საბას გამოცემების სტაბილურად მაღალ გაყიდვებს განაპირობებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულხან-საბას ცხოვრებაში ლიტერატურა და სახელმწიფოებრივი საქმიანობა ერთმანეთისგან განუყოფელი იყო. იგი არაერთხელ ასრულებდა დიპლომატიურ მისიას და 1713 წელს ევროპაშიც გაემგზავრა.

შოთა რუსთაველი ჩვენი ერის უდიდესი ავტორია, რომელმაც XII საუკუნეში შექმნა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“. ეს პოემა არის ჰიმნი სიყვარულის, მეგობრობის, ჰუმანიზმისა და თავისუფლებისა. „ვეფხისტყაოსანი“ საუკუნეების განმავლობაში ხელნაწერებით ვრცელდებოდა და მისი პირველი ნაბეჭდი გამოცემა 1712 წელს, თბილისში, ვახტანგ VI-ის სტამბაში გამოვიდა. საუკუნეების მანძილზე ის რჩება ყველაზე პოპულარულ წიგნად, საქართველოში თითქმის ყველა ოჯახის ბიბლიოთეკის განუყოფელი ნაწილია და ინტერესი მის მიმართ არასდროს მცირდება.
„ბიბლუსში“ გაყიდვაშია ე.წ. წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი - მოოქროვილი, ახალი უნიკალური გამოცემა, დღემდე სრულიად უცნობი ორი ქართველი მხატვრის მიერ XIII საუკუნეში შესრულებული საერო აღმოსავლური მინიატურით.

ქართველი ავტორების წიგნების შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ან ონლაინ ვებგვერდზე biblusi.ge
R