ავტორი:

მსოფლიო სცენების ქართველი ვარსკვლავის ლიზა ბათიაშვილის City Lights-ის ტრიუმფი საერთაშორისო სცენებზე გრძელდება

მსოფლიო სცენების ქართველი ვარსკვლავის ლიზა ბათიაშვილის City Lights-ის ტრიუმფი საერთაშორისო სცენებზე გრძელდება

მსოფლიო სცენების ქართველი ვარსკვლავის ლიზა ბათიაშვილის City Lights-ის ტრიუმფი საერთაშორისო სცენებზე გრძელდება. 18 სექტემბერს მუსიკალურ წარმოდგენას დრეზდენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად Kulturpalast-მა უმასპინძლა. პროექტი, რომლის ორიგინალური საორკესტრო ვერსიები ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის, ხოლო სცენარის ავტორი და რეჟისორი თეო ჯორბენაძე გახლავთ, 20 სექტემბერს ბონის ცნობილ საკონცერტო დარბაზში Beethovenhalle-ში წარადგინეს.

პრესტიჟული გერმანული გამოცემა Der Opernfreund ქართველი ავტორების მიერ შექმნილი წარმოდგენის შესახებ ვრცელ რეცენზიას აქვეყნებს, სათაურით: "დრეზდენი, კონცერტი: City Lights - Follow Your Dreams, დრეზდენის ფილარმონია ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით“

გთავაზობთ რეცენზიას:

პროექტი City Lights ბათიაშვილისა და რაჭველის კოლაბორაციით სამზარეულოს მაგიდასთან, იდეების გაზიარებისას (Brainstorming) დაიბადა. საუბარი ჩაპლინისა და მორიკონეს კინომუსიკას შეეხებოდა - ორივე მათგანი აღფრთოვანებას გამოხატავდა ამ გენიალური კომპოზიტორების მიმართ. დისკუსია მოულოდნელად შემოტრიალდა, როდესაც რაჭველმა ლიზას უეცრად ჰკითხა: "და რატომ არ უნდა ჩაწერო ალბომი იმ ქალაქებზე, რომლებიც შენთვის ძვირფასია?“. ეს გახდა დასაბამი ერთობლივი CD-პროექტისა, რომლის სათაურიც ჩაპლინსა და მის მიერ 1931 წელს გადაღებულ ფილმს "დიდი ქალაქის ჩირაღდნებს“ უკავშირდება.

მთავარი პრინციპი ასეთი იყო: არავითარი ძველი ვერსიების კოპირება, არამედ მხოლოდ საკუთარი კომპოზიციები და ახალი არანჟირება, როგორიც მანამდე არასდროს შესრულებულა. დისკი 2020 წელს Deutsche Grammophon-მა გამოუშვა და მას საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად: ორი კვირის განმავლობაში ალბომი ჩარტების სათავეში ლიდერობდა. ეს საკმარისი მიზეზი გახდა იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე სცენარისტისა და რეჟისორ თეო ჯორბენაძისთვის მიემართათ და შეექმნათ სასცენო მულტიმედიური ვერსია.

  • მუსიკალური წარმოდგენის მსვლელობისას ლიზა ბათიაშვილი, დახვეწილი ვიდეოინსტალაციებისა და განათების ეფექტების თანხლებით, მსმენელს იწვევს ავტობიოგრაფიულ, მუსიკალურ მოგზაურობაში მსოფლიოს გარშემო - თერთმეტ ქალაქში, რომლებმაც განსაზღვრეს მისი ცხოვრება და შემოქმედებითი გზა:

"არ აქვს მნიშვნელობა, საით მიდიხარ ან რამდენად შორს აღმოჩნდები, საბოლოოდ, შენ ყოველთვის ინარჩუნებ განსაკუთრებულ კავშირს იმ ადგილებთან, რომლებიც შენი ნაწილი ხდება... "მსურდა, გამომეხატა ჩემი სიყვარული ამ ქალაქების, მუსიკის, კულტურისა და ადამიანების მიმართ“ - ამბობს ლიზა.

ლიზა ბათიაშვილისთვის საშემსრულებლო ტექნიკისა და სტილისტიკის თვალსაზრისით საზღვრები არ არსებობს. კლასიკას ოსტატურად ურევს თანამედროვე, ხალხურ სიმღერასა და ფოლკლორს, შანსონსა და სამბას. საღამო იწყება ჩაპლინისა და მისი ფილმებისადმი პატივის მიგებით - ნიკოლოზ რაჭველის არანჟირებით შექმნილი კომპოზიციით City Memories - Follow Your Dreams. პარალელურად, მაყურებელი დიდ ეკრანზე ხედავს ვიდეოპროექციას: თბილისში მცხოვრები პატარა გოგონა, ლიზა ბათიაშვილი, ოცნებობს მშვიდობიან სამყაროზე, რის შემდეგაც მას უწევს სამოქალაქო ომით გაჩანაგებული სამშობლოს, საქართველოს დატოვება.

მუსიკალური მოგზაურობის პირველი გაჩერება მიუნხენია - იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებით Ich ruf zu dir, Herr Jesu Christ, მიუნხენში ლიზა ბათიაშვილი აგრძელებს მუსიკალურ განათლებას ანა ჩუმაჩენკოსთან და პირველად სიღრმისეულად ეზიარება ბახის შემოქმედებას. იარკო პიიჰიმაექის მიერ არანჟირებული Evening Song-ით თბილი მოკითხვა იგზავნება ჰელსინკიში - ქალაქში, სადაც მან 16 წლის ასაკში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, სიბელიუსის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მეორე პრიზი მოიპოვა, რაც მისი დიდი კარიერის დასაწყისი გახდა.

პოეტური კადრების თანხლებით, მიშელ ლეგრანის Paris Violon-ის და სოლო-ჰობოისთან ბრწყინვალე მუსიკალური დიალოგის მეშვეობით, გადავდივართ პარიზში - მისი დიდი სიყვარულის ქალაქში. მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ბერლინის კადრების ფონზე (რომელიც დღეს მისი ოჯახის საცხოვრებელ ქალაქად იქცა), ლიზა ბათიაშვილი ასრულებს რალფ მარია ზიგელის ცნობილ შანსონს Ich hab‘ noch einen Koffer in Berlin (მარლენ დიტრიხის repertory-დან), ნიკოლოზ რაჭველის მიერ დამუშავებული ვერსიის სახით. აქ სოლო-საყვირმა, სოლო-კონტრაბასმა და დასარტყამმა ინსტრუმენტებმა აჩვენა, რომ დრეზდენის ფილარმონიის ორკესტრს ჯაზის დაკვრაც არანაკლებ ეხერხება!

შემდეგ ვმოგზაურობთ ვენაში ფრიც კრაისლერის სენტიმენტალური Liebesleid-ითა და იოჰან შტრაუსის (მამის) სწრაფი, ლაღი Furioso Galopp-ით. ამის მერე, ლიზა ბათიაშვილი, რომელიც უკვე დირიჟორის როლშიც გვევლინება, ორკესტრსა და მსმენელს ნიუ-იორკში გადაიყვანს - მე-9 სიმფონიის ("ახალი სამყაროდან“) ინტიმური, განწყობებით სავსე Largo-თი. ის რჩება ამ კონტინენტზე და სამბასა და ლათინოამერიკული რიტმებით, ანტონიო კარლოს ჟობიმის Desafinado-თი (ნიკოლოზ რაჭველის არანჟირება), ტემპერამენტულად მიგვიძღვება რიო-დე-ჟანეიროში.

იქიდან კვლავ ევროპაში, ლონდონში ვბრუნდებით. აქ შედგა მუსიკალური შედევრი: ლიზა ბათიაშვილი (ცოცხალი შესრულება) და ქართულ-ბრიტანული პოპ-იკონა ქეთევან (ქეთი) მელუა (ვიდეოჩანაწერი) ასრულებენ ჰიმნურ კომპოზიციას No Better Magic (ნიკოლოზ რაჭველის არანჟირება).

მოგზაურობა გრძელდება ბუქარესტში, შტეფან კონცის Ciocârlia-თი (ტყის ტოროლა), სადაც ისმის სინტისა და რომაელთა ცეცხლოვანი, ვირტუოზული და სიცოცხლით სავსე მუსიკა. ბათიაშვილს ხომ ყველაფერი ხელეწიფება! გამაოგნებელი ტექნიკით ის სუნთქვისშემკვრელ შეჯიბრში შედის ფილარმონიულ ორკესტრთან.

მოგზაურობა თბილისში სრულდება. გია ყანჩელის თავდაპირველად სევდიან, ხოლო შემდეგ პროტესტით სავსე მუსიკაზე შექმნილი ნიკოლოზ რაჭველის ვერსიით - Lights of Sorrow "ჰერიო ბიჭებო“ თანხლებით, ლიზა ბათიაშვილი ვიდეოში თავის შვილებთან ერთად ბრუნდება თბილისში, რათა მათ მშობლიური სახლი და საქართველოს მშვენიერება უჩვენოს.

ნიკოლოზ რაჭველის მიერ დაწერილი და ქართული დოლის რიტმებზე დაფუძნებილი სიმფონიური ხორუმი - "ცეკვა თავისუფლებისთვის“ - ხდება მუსიკალური თანაგრძნობის გამოხატულება კიევის მაიდანზე დახოცილ მსხვერპლთა და მთლიანად უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მიმართ.

"ბრავოს“ შეძახილებითა და ფეხზე წამოდგომით გამოხატული ოვაციებით (standing ovation) მიეგებება მაყურებელი დიდებულ მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილს, დირიჟორსა და შესანიშნავ პიანისტს, ნიკოლოზ რაჭველს, ფილარმონიულ ორკესტრსა და მის გამორჩეულ სოლისტებს, ასევე ვიდეონამუშევრის ავტორსა და რეჟისორს - თეო ჯორბენაძეს. ბოლოს მსმენელს საჩუქრად რომში მცირე გადახვევა ელოდა - ამჯერად, უკვე ენიო მორიკონეს მუსიკითაც.

ასე სრულდება ფანტასტიკური საღამო. ნამდვილი მუსიკალურ-ვიზუალური ფოიერვერკი გრძნობებისთვის! გრანდიოზულია!

ბერნდ რუნგე, 2026 წლის 18 სექტემბერი