ავტორი:

არასრულწლოვანების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ანალოგიური ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, "ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

არასრულწლოვანების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ანალოგიური ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, "ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, "ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისი ნაცნობი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვანის მიმართ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ 2025 წელს, ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთი არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას, ასევე, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

"სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხდება, რომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, ასევე, ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულის თანამოაზრეებმა მობილური ტელეფონითაც გადაიღეს ინტერნეტსივრცეში განთავსების მიზნით.

სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

აღნიშნულ დანაშაულებში მონაწილე პირთა ნაწილი სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია და 25-144-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.