ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში" - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

"მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში" - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, 2026 წლის ივლისში მას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართეს და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის - ე.წ. “პიჯაკების”, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია “იმედის” მასალები გადასცეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის თანახმად, ე.წ "პიჯაკების" საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1 900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ 5-დან 4 კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, მას არ შეუსწავლია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ უკვე შესწავლილი საქმეები - კერძოდ, სანდრო გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალებისა და ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმეები, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები დარღვეულად არ მიიჩნია.

“ე.წ "პიჯაკების" საქმეში სსკ-ის 182-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს (Nullum crimen sine lege – არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე), რომელიც კრძალავს სისხლისსამართლებრივი ნორმების ფართოდ და ბრალდებულის საზიანოდ განმარტებას. ვინაიდან არ დასტურდება არც ქონების მართლზომიერი მფლობელობა და არც ანგარებითი პირდაპირი განზრახვა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც ის ასევე წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებთან.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შეფარდების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. “პიჯაკების საქმეზე“ 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა არსებითად უსამართლოა და ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს.

უპირველეს ყოვლისა, როდესაც პირს მსჯავრს დებენ მუხლით, რომლის შემადგენლობაც არ არსებობს, ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდება ავტომატურად ხდება უსამართლო და არაპროპორციული, მაგრამ თუნდაც სასამართლოების განაჩენები მიხეილ სააკაშვილის მიერ “გაფლანგვის“ ჩადენასთან დაკავშირებით დასაბუთებული ყოფილიყო, რაც ასე არ არის, მიხეილ სააკაშვილისთვის სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის (აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს 7-დან 11 წლამდე ვადით) – 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდება თავისთავად არაპროპორციულია იმ პირობებში, როდესაც, როგორც უკვე ვნახეთ, ე.წ. „არამიზნობრივი“ ხარჯების დიდი ნაწილი სინამდვილეში სავსებით მიზნობრივ ხარჯებს წარმოადგენდა.

გარდა ამისა, იმ პირობებშიც კი, თუ ცალკეულ ხარჯებში გამოიკვეთებოდა საბიუჯეტო დისციპლინის დარღვევა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გადამეტება, ასეთი ქმედებები იქნებოდა ან ადმინისტრაციული ხასიათის გადაცდომა ან, უარეს შემთხვევაში, სხვა სისხლის სამართლის დანაშაული და არა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი იქნებოდა შესაბამისი სანქციაც.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლიანი საპატიმრო სასჯელის დადება არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს (კანონის გარეშე სასჯელის შეფარდების აკრძალვა). კანონის ბრალდებულის საზიანოდ ფართოდ განმარტების, ხარჯების დიფერენცირების არარსებობისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხელოვნურად დამძიმების გამო, აღნიშნული სანქცია წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ, არასამართლიან და აშკარად არაპროპორციულ სასჯელს“, - აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის შეფასებითვე, მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნით საპატიმრო დაწესებულებაში გამომწყვდევა ხელისუფლების გრძელვადიან პოლიტიკურ მიზნებს ააშკარავებს. მისი დასკვნით, მიხეილ სააკაშვილისთვის “პიჯაკების საქმეზე“ შეფარდებული სასჯელი - 9 წლით (ხოლო საბოლოო ერთობლიობით 12 წლითა და 6 თვით) თავისუფლების აღკვეთა გარკვეული ფარული მიზნის არსებობაზე მიუთითებს.

“სასჯელის აშკარა არათანაზომიერება: - სისხლისსამართლებრივი ნორმის (სსკ-ის 182-ე მუხლი) ბრალდებულის საზიანოდ ფართოდ განმარტება და პრეზიდენტის წარმომადგენლობითი/სახელმწიფოებრივი ხარჯების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვად გამოცხადება მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების ოფიციალური მიზანი მხოლოდ "საფარველია".

არაპროპორციულობის ხარისხი: - როდესაც ქმედება საუკეთესო შემთხვევაში საბიუჯეტო დისციპლინის ან სამოხელეო წესის დარღვევას წარმოადგენს, მისთვის 9 წლიანი პატიმრობის შეფარდება შურისძიების ან პოლიტიკური ნეიტრალიზაციის მიზანს უფრო ემსახურება, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება: - ხელისუფლების ფარული მიზნის მეტყველი მაგალითია 2021 წლის ოქტომბერში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის განცხადება: "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ", - აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახალი, დაუსაბუთებელი და დისპროპორციულად ხანგრძლივი საპატიმრო განაჩენების გარეშე, სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებას 2027 წლის 30 სექტემბერს დატოვებდა.

“მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოტანილი განაჩენები, განსაკუთრებით ე.წ. “პიჯაკების საქმეზე“, აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილ პოლიტპატიმრობის რამდენიმე კრიტერიუმს.

აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, “პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს პირადი თავისუფლება, უნდა ჩაითვალოს „პოლიტიკურ პატიმრად“:

ა) თუ პატიმრობა გამოყენებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით დადგენილი რომელიმე ფუნდამენტური გარანტიის - კერძოდ, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით;

ბ) თუ პატიმრობა გამოყენებულია მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით და არ არის დაკავშირებული რაიმე დანაშაულის ჩადენასთან;

გ) თუ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, პატიმრობის ხანგრძლივობა ან მისი პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ დანაშაულთან მიმართებით, რომლის ჩადენისთვისაც პირი მსჯავრდებულია ან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია;

დ) თუ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, იგი სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციული წესით არის დაკავებული ან

ე) თუ პატიმრობა არის ისეთი სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ხელისუფლების ორგანოთა პოლიტიკურ მოტივებთან.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „პიჯაკების საქმეში“ მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების ფუნდამენტურ პრინციპს (Nullum crimen sine lege). ქმედებაში არ დასტურდება სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული გაფლანგვის შემადგენლობა, რადგან საბიუჯეტო სახსრები პრეზიდენტის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არ ყოფილა, ხარჯები არ ყოფილა ინდივიდუალიზებული და არ იკვეთება ანგარებითი პირდაპირი განზრახვა. ამ ფონზე, 9 წლიანი პატიმრობის შეფარდება, რაც ნორმის მაქსიმალურ სანქციასთანაა მიახლოებული, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ და დისპროპორციულ პასუხისმგებლობას, რაც პირდაპირ მიუთითებს სამართლებრივი პროცესების პოლიტიკურ მოტივაციაზე.

გარდა ამისა, საქმეთა ერთობლიობა და სასჯელთა შეკრების პრინციპით პატიმრობის ვადის 12 წლითა და 6 თვით განსაზღვრა, რაც მიმდინარე საქმეების ფონზე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ავლენს ხელისუფლების დომინანტურ, ფარულ პოლიტიკურ მიზანს (Ulterior Purpose). პერმანენტული სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ასეთი ხანგრძლივი ვადის დაკისრება სცილდება მართლმსაჯულების აღდგენის მიზნებს და ემსახურება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხანგრძლივ იზოლაციას რამდენიმე საარჩევნო ციკლიდან (Political Sterilization).

ეს გარემოებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლებს, რაც 1900 (2012) რეზოლუციის “ა”, “გ”, “დ” და “ე” კრიტერიუმებიდან გამომდინარე, იძლევა სრულ იურიდიულ საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში“, - აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღემდე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა ან ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია 6 ბრალდების საქმე. აქედან 4 საქმეზე საქმის წარმოება დასრულებულია და გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. სხვადასხვა ეტაპზე სასჯელთა შთანთქმის ან შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, დღეისათვის საბოლოო სასჯელი შეადგენს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, თუმცა ეს ვადა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ვადის დინება დაწყებულია 2021 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.