88 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი, ვლადიმირ ვისოცკის ქვრივი მარინა ვლადი. მსახიობის გარდაცვალების შესახებ სააგენტო AFP-ს მისმა ახლობლებმა აცნობეს.
მარინა ვლადი (ეკატერინე-მარინა პოლიაკოვა-ბაიდაროვა) დაიბადა პარიზის მახლობლად, რუსეთიდან ემიგრირებულთა ოჯახში. პირველად კინოში - იტალიურ ფილმში ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გადაიღეს.
როგორც მსახიობი, ის მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ჟან-ლიუკ გოდარი, ორსონ უელსი, ბერტრან ტავერნიე, და თამაშობდა მსახიობ მარჩელო მასტროიანისთან ერთად.

მან როლები შეასრულა ფილმებში: "ჯადოქარი“, "კლევის პრინცესა“, "უარყოფითი მტკიცებულებები, "შუაღამის ზარები“ და სხვა.
1963 წელს ვლადიმ მიიღო კანის კინოფესტივალის პრიზი რეჟისორ მარკო ფერერის ფილმში "დედა ფუტკარი“ (ასევე ცნობილია, როგორც "სარეცელი“) შესრულებული როლისთვის.

1970 წელს ის ცოლად გაჰყვა ცნობილ საბჭოთა მსახიობს, პოეტსა და მომღერალს ვლადიმირ ვისოცკის - ის მსახიობის მესამე ქმარი გახდა. ვლადი ვისოცკის მეუღლე იყო მის გარდაცვალებამდე, 1980 წლამდე. მოგვიანებით მან დაწერა წიგნი "ვლადიმირი, ან შეწყვეტილი ფრენა“.
"ის გარდაიცვალა თავის სახლში, ახლობლებისა და თავისი ცხოველების გარემოცვაში... მან იცხოვრა ხანგრძლივი, მშვენიერი და დატვირთული ცხოვრებით“, - ციტირებს სააგენტო ვლადის შვილების განცხადებას. წყარო