რომის პაპმა ლეო XIV-მ საფრანგეთში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, პონტიფიკოსმა საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის (AI) საფრთხეების შესახებ მიმართა და მოუწოდა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ადამიანურობა არ დაკარგონ.

პაპი ლეო XIV საფრანგეთში ორლის აეროპორტში ჩაფრინდა, სადაც მას პირადად პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დახვდა. ელისეს სასახლეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ეკლესიისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას პონტიფიკოსმა განაცხადა: “არ დავკარგოთ ჩვენი ადამიანურობა მანქანების სამოთხეში“.
პონტიფიკოსის ოთხდღიანი ვიზიტის კულმინაცია შაბათს პარიზში დაგეგმილი გრანდიოზული მესა იქნება, რომელსაც, სავარაუდოდ, 500 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. ამ მოვლენისთვის საკურთხეველი სპეციალურად აშენდა Place de la Concorde-ზე, ხოლო ელისეს მინდვრების მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ გადაკეტა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში სახელმწიფოსა და ეკლესიის მკაცრი გამიჯვნის გამო, პრეზიდენტი მაკრონი პაპის მესას არ დაესწრება. მის ნაცვლად ღონისძიებაზე პრეზიდენტის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი და პრემიერ-მინისტრი სებასტიენ ლეკორნიუ იქნებიან. მესას ასევე დაესწრებიან საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები - მარინ ლე პენი, ედუარ ფილიპი, გაბრიელ ატალი და ბრუნო რეტაიო.
პონტიფიკოსი პარიზში მიგრანტების ჯგუფს შეხვდება, ხოლო ლურდში - სასულიერო პირთა მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს. ორშაბათს, ვიზიტის ბოლო დღეს, პაპი ქალაქ მეცში გაემგზავრება, სადაც პატივს მიაგებს ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და მორწმუნე კათოლიკეს, რობერ შუმანს.