“ეს იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას. გახარიამ ამ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები და უმძიმესი გახადა საოკუპაციო ხალხის მიმდებარედ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება “, - ამის შესახებ “ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო შაქარაშვილმა განაცხადა, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საქმეზე პროკურატურის მოწმედ გამოიკითხა.
“დაცვის მხარე იცავდა ლიდერს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე და მიიღო მონაწილეობა იმ კლასიკურ სცენარში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში ჩათრევას. საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია ამ სცენარმა, მაგრამ მოხდა ის, რომ დაიკარგა დამატებით ტერიტორიები, ჩადგა საოკუპაციო ძალების საგუშაგოები. ადამიანების ცხოვრება, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ ისედაც ურთულეს პირობებში, კიდევ უფრო გაუარესდა. შეიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი და დაზიანდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რისთვისაც ბატონმა გახარიამ და მთლიანმა მისმა პარტიამ უნდა აგოს პასუხი.
ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე საკუთარი თავის წინააღმდეგ არის გიორგი გახარია მისი ჩადენილი ქმედებებით. მათ შორის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ორ საათ ნახევარი მიმდინარეობდა გამოკითხვა, გიორგი გახარიამ ისევე, როგორც დღეს სასამართლოზე მისი დაცვის მხარემ, ვერ წარმოადგინა თუნდაც ვერცერთი კითხვა, რომელიც გააქარწყლებდა იმ ვარაუდს, რომელსაც მე გამოვთქვამ საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს წინაშე”, - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.