28 წლის ნეითან ბლაგმა 50 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ტრაქტორი მასზე მიბმულ მისაბმელთან ერთად მოიპარა და მიდლსბროში მდებარე კერძო სახლს შეეჯახა. ინციდენტი ბანდებს შორის შეტაკებების მატების ფონზე მოხდა.

სათვალთვალო კამერის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მოექანება ბალაკლავით შენიღბული ბლაგი გზაზე, შემდეგ საცხოვრებელ ქუჩაზე უხვევს და სრული სიჩქარით ეჯახება თავისი მოწინააღმდეგე ბანდის წევრის ოჯახის კუთვნილ სახლს.


შურისძიების ამ ზარდამცემმა აქტმა შენობის წინა მხარე სრულად გაანადგურა, ხოლო ტრაქტორი პირველი სართულის მისაღებ ოთახში გაიჭედა.

ბედნიერი შემთხვევის წყალობით, შენობაში არავინ იმყოფებოდა, თუმცა როგორც სასამართლოზე აღნიშნეს, ზიანი იმდენად მასშტაბურია, რომ სახლის ფაქტობრივად თავიდან აშენება გახდება საჭირო.
ბლაგმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მისსა და 31 წლის ლუკ ლანკასტერს შორის კრიმინალურ სამყაროში არსებული მწვავე დაპირისპირება კონტროლს გასცდა.
მანამდე ლანკასტერმა სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბლაგის გარდაცვლილი მამისა და ძმის საფლავებს შეურაცხყოფდა.

მოსამართლემ ნეითან ბლაგს “მაქსიმალურად მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო“ 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თავად 31 წლის ლანკასტერს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო 46 თვით თავისუფლების აღკვეთა უკვე აქვს მისჯილი მას შემდეგ, რაც იგი ბლაგს ავტომობილით დაეჯახა და შემდეგ დანით გამოეკიდა.