"დღეს ვნახე ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერებში: ჩვენი ტასუნა წუხს, რატომ არ არის ორსულად, თორემ ვერ დაიჭერდნენ მის შეყვარებულს, მეგობარი ეუბნება: იქნებ რამე "იჩალიჩოთ" და ციხეში შეხვიდეო. ასეთ არასრულწლოვნებთან მაქვს საქმე" - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, მას ანასტასია ბერუაშვილის დედასთანაც აქვს ყოველდღიური მიმოწერა.
“ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანობა აღდგა იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა არასრულწლოვანი ფიგურანტი დაკავებულია, მაინც გამოყოფილია საქმე და გრძელდება გამოძიება. ამ ეტაპზე არც მე მოვიაზრებ და არც პროკურატურა მოიაზრებს სხვა რომელიმე არასრულწლოვანს. გიგას მკვლელობაში უშუალოდ ფიგურანტები ვინც იყვნენ, ყველა ზის სკამზე, თუმცა გამოძიება გრძელდება.
საბრალდებო სკამი ელოდება იმ პირებს, ვინც ჩაფარცხვაში მიიღო მონაწილეობა. იცის მთელმა საქართველომ, რომ რომ არა მკვლელობის განყოფილება და რომ არა ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ ამ საქმის მოქცევა, გიგას მკვლელებიდან ახლა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაჭერილი და ალბათ, რამდენიმე თვეში მასაც გაათავისუფლებდნენ.
სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც ყველა, ვინც საქმის ჩაფარცხვაში მიიღო მონაწილეობა, დაჯდება საბრალდებო სკამზე და ექიმებიც დასხდებიან საბრალდებო სკამზე. როცა ვახსენებ ექიმებს, მე ყოველთვის ვამბობ იმას, რომ გიგას არ ჰქონდა სიცოცხლის შანსი. ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ გვიწერია, რომ მიზეზ-შედეგობრივი პირდაპირ დარტყმა იყო და ამან გამოიწვია გარდაცვალება, გიგა ავალიანი არ გადარჩებოდა, მაგრამ ვსაუბრობ იმიტომ, რომ იგივე სამედიცინო მომსახურების პირობებში სხვა პაციენტი, ვისაც ექნებოდა სიცოცხლის შანსი, ვერ გადარჩებოდა. მე საზოგადოებისგან ძალიან დიდი ვალი მაქვს და ეს ვალი ამით მაინც უნდა გადავუხადო, რომ ის ექიმები, ვინც გიგა ავალიანი მიიღო, ჩამოვაშორო სამუდამოდ სამედიცინო მიმართულებას“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.