ავტორი:

ირანმა აშშ-ს მშვიდობის ახალი გეგმა გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტეს 7 დღეში სრულად გახსნის - რა დეტალები ხდება ცნობილი

ირანმა აშშ-ს მშვიდობის ახალი გეგმა გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტეს 7 დღეში სრულად გახსნის - რა დეტალები ხდება ცნობილი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონს შეთანხმება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტე შესაძლოა შვიდ დღეში გაიხსნას.

არაღჩიმ ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სრუტის გახსნა და ნორმალური საზღვაო მიმოსვლის აღდგენა “საჭირო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“ შვიდ დღეში გახდება შესაძლებელი. მისი თქმით, ეს პირობები ივნისში ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმშია (MOU) მოცემული.

“არჩევანი ახლა შეერთებულ შტატებზეა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ გეგმა აშშ-ს კატარის მეშვეობით გადაეცა. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა BBC-სთან დაადასტურა, რომ შუამავლების ჩართულობით პოზიტიური დისკუსიები მიმდინარეობს, მათ შორის ბირთვულ საკითხებზეც. თუმცა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ასევე დასძინა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი “ძალიან ძლიერ პოზიციაშია და არსად ეჩქარება“.

ამასთან, Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული შეთანხმება უარყო. გამოცემის თანახმად, ტრამპს ეჭვი ეპარებოდა, რომ ირანი მის მოთხოვნებს შეასრულებდა და თავის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ სავარაუდო იყო ავიადარტყმების განახლება.

  • კონფლიქტის ისტორია

აშშ-მა და ისრაელმა ირანზე საჰაერო დარტყმები 28 თებერვალს განახორციელეს. საპასუხოდ, ირანმა იერიში მიიტანა ისრაელზე, სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკულ ბაზებსა და აშშ-ის არაბ მოკავშირეებზე, ასევე ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე.

ომამდე ამ სრუტეზე მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) დაახლოებით 20% გადიოდა, რის გამოც მისი ჩაკეტვა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრ მერყეობას იწვევს. ამასთან, შექმნილმა ვითარებამ გაზარდა ზეწოლა ტრამპზე, რათა კონფლიქტის დასრულების გზა იპოვოს, განსაკუთრებით ნოემბერში მოსალოდნელი კონგრესის არჩევნების ფონზე.

CBS News-თან ინტერვიუში ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პროცესი იმავე დღეს დაიწყება, როდესაც აშშ პირობებს მიიღებს. მან დასძინა, რომ ირანი მზადაა ქვეყანაში გაეროს ბირთვული ინსპექტორები დაუშვას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კი აღნიშნა, რომ ირანი არ იღებს იძულებასა თუ მუქარას და “მშვიდობის აგება განადგურების მუქარით შეუძლებელია“.

  • 18 ივნისის მემორანდუმი

აშშ-სა და ირანს შორის 18 ივნისს ხელმოწერილი 14-პუნქტიანი მემორანდუმი ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას, ბირთვულ იარაღზე ირანის უარს, სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას ყველა ფრონტზე, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნასა და სანქციების შემსუბუქებას. თუმცა შეთანხმება მალევე ჩაიშალა, როდესაც მხარეებმა დარტყმები განაახლეს.

დღეისათვის ირანი ესხმის თავს იმ გემებს, რომლებიც, მისი თქმით, ნებართვის გარეშე ცდილობენ სრუტის გადაკვეთას, ხოლო აშშ ბომბავს ირანულ ობიექტებსა და ტანკერებს, რამაც ირანის ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა.

ამავდროულად, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ირანის მოკავშირე ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში. ჰუსიტებმა ხელში ჩაიგდეს წითელი ზღვის სანაპირო ზოლის სტრატეგიული ტერიტორიები, მათ შორის მოხას პორტი, რომელიც ბაბ-ელ-მანდების სრუტეს გადაჰყურებს. ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმების შემდეგ, გავრცელებული ცნობებით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ტრამპს სამხედრო დახმარება სთხოვა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება, სავარაუდოდ, ნოემბრის არჩევნების შემდეგ მიიღწევა, ან აშშ იძულებული იქნება “ისლამური რესპუბლიკა გაანადგუროს“.

წყარო