თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ცნობილ მსახიობ ბირან დამლა ილმაზს გერმანიაში 6-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. საქმე 285 ათასი ევროს ოდენობის დავალიანებას უკავშირდება, რომელიც მსახიობის გერმანიაში ყოფნის პერიოდში ჩატარებულ ესთეტიკურ პროცედურებს ეხებოდა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანხის გადაუხდელობის გამო საქმე სასამართლოში გადავიდა და პროცესის დასრულების შემდეგ ბირან დამლა ილმაზს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ილმაზმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება და მასთან ერთად გერმანიაში მისი სამართლებრივი წარმომადგენლის, ადვოკატ ონურ ჯან იაღბაშანის მიერ მომზადებული ოფიციალური დოკუმენტებიც გაავრცელა.
ადვოკატმა დოკუმენტში განმარტა, რომ მსახიობის მოთხოვნით შეამოწმა, არსებობდა თუ არა გერმანიაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მას პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ამის გასარკვევად იურისტი დაუკავშირდა იმ სასამართლოებსა და პროკურატურის შესაბამის უწყებას, რომლებიც ასეთი საქმის განხილვაზე იყვნენ უფლებამოსილი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩატარებული შემოწმების შედეგად ბირან დამლა ილმაზის მიმართ პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე ვერ დადგინდა შესაბამისი სასამართლო საქმის ნომერი. ადვოკატის თქმით, სასამართლოს კანცელარიასთან სატელეფონო საუბრის დროსაც მას აცნობეს, რომ შესაბამისი საქმის ნომერი მათთან არ ფიქსირდებოდა.

მიუხედავად ბირან დამლა ილმაზისა და მისი გერმანელი ადვოკატის უარყოფისა, თურქულ მედიაში 6-თვიანი პატიმრობისა და 285 ათასი ევროს დავალიანების შესახებ ინფორმაცია კვლავ ვრცელდება. 26 სექტემბერსაც რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის Türkiye Gazetesi-მ და Türkgün-მა, ეს ამბავი ისევ მთავარ დეტალად გამოაქვეყნა, თუმცა თავად ილმაზის სამართლებრივი გუნდი აცხადებს, რომ გერმანიის სასამართლოში ასეთი განაჩენის დამადასტურებელი გადაწყვეტილება ვერ მოიძებნა.