ავტორი:

ძლიერი შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე — ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ძლიერი შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე — ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი შტორმის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უამინდობის გამო რამდენიმე შტატში წყალდიდობისა და ძლიერი ქარის საფრთხეა გამოცხადებული.

PowerOutage.us-ის მონაცემებით, შაბათს, დილის 3 საათისთვის, ნიუ-ჯერსიში ელექტროენერგია 28 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდებოდა.

ნიუ-იორკის შტატში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 10 000 აბონენტი დარჩა. მათ შორის 7 200 საფოლკის, ხოლო 1 400-მდე ნასაუს ოლქში ცხოვრობს.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, შტორმი ლონგ-აილენდზე, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსისა და დელავერის სანაპირო რაიონებში ძლიერ წვიმასა და ქარს გამოიწვევს. ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 60 მილს მიაღწიოს. სანაპირო რაიონებში ასევე მოსალოდნელია მაღალი ტალღები და წყალდიდობა.

მეტეოროლოგების განცხადებით, შტორმის ყველაზე ძლიერი ეტაპი შაბათს დილით არის მოსალოდნელი. ოფიციალური პირები მოსახლეობას ხეების წაქცევის, ძლიერი ღელვისა და საშიში დინებების შესახებ აფრთხილებენ.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა კეტი ჰოჩულმა ნასაუს, საფოლკის, ნიუ-იორკისა და ვესტჩესტერის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"შაბათ-კვირის განმავლობაში სანაპირო ზოლის სახიფათო წყალდიდობას, ძლიერ ქარს და ელექტროენერგიის პოტენციურ გათიშვას ველოდებით. სერიოზულად მოეკიდეთ ამ შტორმს და მოერიდეთ არასაჭირო მგზავრობას“, — განაცხადა ჰოჩულმა.

უამინდობამ ავიამიმოსვლაზეც იმოქმედა. FlightAware-ის ინფორმაციით, შაბათს დილით მასაჩუსეტსის აეროპორტებში, მათ შორის ბოსტონის ლოგანში, ნანტაკეტსა და მართას-ვაინიარდში, თითქმის 180 რეისი გაუქმდა.

წყარო