ავტორი:

Factory Tbilisi-ში ექსპერიმენტული სახელოვნებო პროექტი UNBURNED გაიმართა

Factory Tbilisi-ში ექსპერიმენტული სახელოვნებო პროექტი UNBURNED გაიმართა

Factory Tbilisi - ის ინდუსტრიულ სივრცეში, 25 და 26 სექტემბერს, წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ექსპერიმენტული სახელოვნებო პროექტი UNBURNED გაიმართა.

ალტერნატიულ მეტალბენდ QUEMMEKH - ისა და რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის მულტიდისციპლინური ჰიბრიდული პერფორმანსი, მუსიკას, თანამედროვე თეატრალურ დრამატურგიას, ქორეოგრაფიას და სცენოგრაფიულ ექსპერიმენტებს აერთიანებდა. ლაივ-შოუზე ერთი სცენა Quemmekh-ს, ხოლო მეორე თეატრალურ ნაწილს დაეთმო, ორ სცენას კი, ხიდი აკავშირებდა, სადაც პარალელურად მიმდინარეობდა მოქმედება.

შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მაყურებლის და არტისტების შეხვედრამ შექმნა სივრცე, სადაც ხელოვნებამ თქვა თავისი სიტყვა: მუსიკით, სიმბოლიზმით, თეატრალური პერფორმანსითა და ქორეოგრაფიით. ლაივ-შოუს მთავარი ხიბლი კი ის იყო, რომ თითოეულ სტუმარს ინდივიდუალურად აღექვა სიმბოლიზმის დეტალები და ის საკუთარი ინტერპრეტაციით აეხსნა.

პროექტზე სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 20-ზე მეტმა ხელოვანმა იმუშავა. გარდა ამისა, სანამ მაყურებელი მთავარ დარბაზში მოხვდებოდა, მას Dogville-ის ესთეტიკით მოწყობილ პავილიონებში მოუწია გავლა, სადაც ზღაპრის, კინოსა და თეატრის ელემენტები იყო წარმოდგენილი.

ლაივ შოუს სცენოგრაფიულმა და არქიტექტურულმა კონცეფციამ უარყო მაყურებლისა და სცენის ტრადიციული დისტანცია და სტუმრებს მისცა შესაძლებლობა, ორ სცენას შორის მოქცეული ხიდის პარალელურად დამდგარიყვნენ და რადგან მოქმედებები ერთდროულად ვითარდებოდა, მაყურებელს თავად უნდა გადაეწყვიტა, საით მიაპყრობდა ფოკუსს, რამაც შოუ ინდივიდუალურ გამოცდილებად აქცია.

პროექტი ხუთაქტიან წარმოდგენად იყო დაყოფილი, რაც აერთიანებდა ფოლკლორული მოტივების მეტალთან შერწყმას, მითოლოგიურ ფენებს, სატირულ-პოლიტიკური სცენებს.

ავტორების აზრით, სახელი UNBURNED იმ მდგომარეობის მეტაფორაა, როდესაც ძველი სისტემები, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა დამწვარიყო და გამქრალიყო, მაინც რჩება და ახლის დაბადებას აფერხებს.

QUEMMEKH -ის გარდა, სცენა დაიკავეს ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის იყვნენ: ნინო კასრაძე, სოფო ნიჟარაძე, მაკა ჩიჩუა, ნანკა კალატოზიშვილი და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი არტისტები.

ავტორი: თეკლა ჯანელიძე

ფოტო: ვანო გორგიშვილი