ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში უხვი ნალექის გამო მასშტაბური წყალდიდობა დაიწყო, რის გამოც ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხუთშაბათის შემდეგ 300 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა, რამაც ბანგკოკის ქუჩების წყლით დაფარვა და სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.
კვირას ბანგკოკის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წვიმა შეწყდა, თუმცა არხებში წყლის დონე კვლავ მაღალი რჩება. ქალაქის გუბერნატორმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ წყალდიდობის საფრთხე ჯერ არ გასულა. უხვი ნალექისა და შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, ბანგკოკის 50-ვე რაიონი საგანგებო მდგომარეობის ზონად გამოცხადდა.

ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, ხოლო არხებთან ახლოს მცხოვრებლებს ურჩევენ, პირადი ნივთები შენობების ზედა სართულებზე გადაიტანონ. ჭექა-ქუხილი და უხვი წვიმა ტაილანდში წელიწადის ამ დროს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ბოლო დღეების ექსტრემალურმა ამინდმა ბანგკოკის სადრენაჟო სისტემა გადატვირთა და გზებზე ქაოსი გამოიწვია.
ქალაქის მასშტაბით არხები ნაპირებიდან გადმოვიდა, რის გამოც ქუჩები წყლით დაიფარა. ბანგკოკის ცენტრის ჩრდილოეთით, არხის მახლობლად მცხოვრებმა 67 წლის სომკიდ ფეუკ-ნგამმა განაცხადა, რომ წყლის დონემ უკვე წელამდე მიაღწია.
“წყალი სულ იმატებს. გარეთ გასვლა უკვე ძალიან ჭირს. ორდღიანი იძულებითი პაუზის გამო ჩემი მაღაზიის დაკეტვა მომიწია“, - აღნიშნა მან.

ადგილობრივების თქმით, წყლის დონე უფრო კრიტიკულად გამოიყურება, ვიდრე 2011 წლის მასშტაბური წყალდიდობის დროს. 2011 წელს სამთვიანი სტიქიის შედეგად ტაილანდში ასობით ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბანგკოკის გუბერნატორმა ჩადჩარტ სითიპუნტმა განაცხადა, რომ სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა.
ტაილანდის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, კვირის განმავლობაში უხვი ნალექი კვლავ მოსალოდნელია, თუმცა დაბალი წნევის ზონა, რომელიც ბოლო დღეების წვიმებს იწვევდა, სავარაუდოდ, ცენტრალური ტაილანდისკენ გადაინაცვლებს.