"იცოდეთ მკვლელებო, ახლა იმაზე საშიში გავხდი, ვიდრე წარმოგედგინათ! ხვალ, სასამართლო პროცესზე მერაბ მალანიას მოუწევს ჩემი მოსმენა" - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

"იცოდეთ მკვლელებო, ახლა იმაზე საშიში გავხდი, ვიდრე წარმოგედგინათ! ხვალ, სასამართლო პროცესზე მერაბ მალანიას მოუწევს ჩემი მოსმენა" - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

"იცოდეთ მკვლელებო, ახლა იმაზე საშიში გავხდი, ვიდრე წარმოგედგინათ!" - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • ეკა კუპატაძის თქმით, ხვალ, 28 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, სასამართლო პროცესზე, მერაბ მალანიას მისი მოსმენა მოუწევს.

"27 სექტემბერი გვტკივა ყველას.....

2 ოქტომბრის დილას 9:13 სთ-ზე, გიგა ავალიანის საქმეში ჩაიდო პირველი მტკიცებულება: გიგა ავალიანის ტელეფონი და პირნაღები მასალით (მოყვითალო-მომწვანო კუჭის წვენით) სველი ტანსაცმელი. 8 ოქტომბერს, პროკურორ მარიამ გიგაურის შუამდგომლობა, დააკმაყოფილა მოსამართლე ნანა შამათავამ და დადგენილების მე-2 მუხლში ჩაწერა: "გამოთხოვილ იქნეს ეკა კუპატაძისგან ამოღებული გიგა ავალიანის კუთვნილი POCO-ს მოდელის მობილური ტელეფონიდან საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია." 10 ოქტომბერს გიგა ავალიანის კუთვნილ ტელეფონზე დაინიშნა ტექნოლოგიური ექსპერტიზა და გამოთხოვილ იქნა "როგორც მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შენახული, ისე წაშლილი, შემავალი და გამავალი ზარები, მიმოწერები, გადაღებული ფოტო და ვიდეო ფაილები, მობილურ აპლიკაციებში არსებული ინფორმაციები სრულად."

  • სწორედ ამიტომ არ დაუკმაყოფილა იგივე შუამდგომლობა არც ერთი ინსტანციის სასამართლომ გიორგი ლეკიშვილს, რომელიც წამიერად ვარდება აფექტში და ტოვებს გიჟის შთაბეჭდილებას, როგორც კი ვინმე კითხვას შეუბრუნებს. ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა მოატყუა სრულიად საქართველო.

გიგა ავალიანის ტელეფონს მოსამართლის განჩინების არ არსებობის გამო ვერ შეეხება "ისრაელი ექსპერტები". თუმცა 22 იანვარს მე მივაწოდე ინფორმაცია პროკურატურას გიგას პლანშეტის შესახებ და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოიღეს ყველა საჭირო მასალა გიგას პლანშეტიდან. (გიგას პლანშეტის შესახებ იცოდა გლდანი-ნაძალადევის განყოფილებამაც.)

როცა მხეცურად მოკლული შვილის ღირსებისთვის თავაწყვეტილი დედის ბრძოლაში ფარიც და მახვილიც თავად შვილის ღირსებაა, მაშინ დედაშვილობა დედაშვილობაზე ძლიერია! მე, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში არათუ ვწერდი პოსტებს, არამედ 2-3 დღე შემოსვლასაც ვერ ვახერხებდი და ჩემი მოსწავლეების წარმატებების გამოქვეყნებისთვისაც კი ვერ ვიცლიდი, 2025 წლის 18 ნოემბრის შემდეგ, ტელეფონი ხელიდან არ გამიშვია. მას შემდეგ, არც თქვენ აგიშვიათ ჩემს პულსზე ხელი და ყველას გეთაყვანებით ამის გამო.

გიგა ავალიანის მკვლელების წინააღმდეგ მთელი საქართველო ერთ მუშტად შევიკარით, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ პოლიტიკური ხედვისა, რადგან არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა მკვლელების გვერდით ცხოვრება. სწორედ ამ ერთიანობამ შეგვაძლებინა, გიგა ავალიანის მკვლელობის ყველა ფიგურანტი გისოსებს მიღმა გამოგვემწყვდია. ეს შევძელით და ბრძოლა ცოტა მოვადუნე, რადგან ფიზიკურად დავარდი, თან ვიცოდი ჩემი შვილიკოს სიმართლეს სასამართლოში სრულფასოვნად დაიცავდა ზეპროფესიონალი პროკურორი, ქალბატონი ქეთი სონიძე.

თუმცა ბრძოლის ველი არ ყოფილა მხოლოდ სასამართლო დარბაზში! მიუხედავად ყველაფრისა, სრულყოფილად მაინც ვერ შევაფასე ჩემი შვილიკოს მკვლელთა ოჯახები. მათ დაიწყეს ტყუილებით და ტროლ-ბოტებით ხალხზე მანიპულირება. ხალხი მათთვის ბრბოა, ჩემთვის კი საზოგადოება, რომლის აზრსაც მას შემდეგ ვუწევ ანგარიშს, რაც ცნობიერება ჩამომიყალიბდა. ჰოდა, თუნდაც ერთ ადამიანს რომ შეეპაროს ეჭვი გიგას სიწმინდეში, ესეც ბევრია. ხელახლა დამჭირდა ბრძოლაში ღიად გააქტიურება, ამიტომაც ბოლო პერიოდში მიჭირს თავის ხელში აყვანა ეკრანებთან, რისთვისაც ბოდიშს გიხდით თქვენც და ტელევიზიებსაც.

  • მაგრამ იცოდეთ მკვლელებო, ახლა იმაზე საშიში გავხდი, ვიდრე წარმოგედგინათ!

1-ელ ოქტომბერს გვიან ღამით დაესხნენ თავს გიგას. საქმის მასალებით დასტურდება: 2 ოქტომბერს ნია იმნაძის დედამ და გიორგი მალანიას დედამ იცის, რომ ნიას შეყვარებული დაესხა თავს გიგას. სავარაუდოდ, 3, არაუგვიანეს 4 ოქტომბერს ეს გაიგო მერაბ მალანიამაც. შეიმჩნევა კიდეც მისი უცაური სატელეფონო აქტივობა, რომელსაც აუცილებლად შევისწავლი. 9 ოქტომბერს გამოძიება ოფიციალურად გავიდა სწორ კვალზე. 12 ოქტომბერს მოხდა ალექსანდრე გაბაშვილის და გიორგი რიკაძის იდენტიფიცირება. სავარაუდოდ, პოლიციიდან ინფორმაციამ გაჟონა მაშინვე. ფიქსირდება კიდეც, 12 ოქტომბერს ვერიკო ქარჩავასა (მერაბ მალანიას ცოლი) და თამარ ნავროზაშვილს (ნია იმნაძის დედა) შორის თვალშისაცემად ხანგრძლივი საუბარი (1814 წამი). 13 ოქტომბერს ნია იმნაძის ოჯახს მიუვიდა უწყება, პოლიციაში გამოცხადების თაობაზე და მაშინვე რეკავს ვერიკო ქარჩავა ჩემს კუთვნილ ტელეფონზე, 157 წამი ესაუბრება ჩემი ოჯახის რომელიღაც წევრს და ადგენს, რა ვიცით ოჯახმა.

2025 წლის 24 ოქტომბერს, გიგა ბიოლოგიურად-აც გარდაიცვალა. ჩემმა ისტერიულმა ვიდეომ, იმ ღამესვე მოიცვა მთელი საქართველო. თუმცა მშვიდად ეძინა ნია იმნაძის და გიორგი მალანიას მშობლებს. ლაღად ფშვინავდნენ, როცა გიგა ავალიანის გვამი იფატრებოდა და ექსპერტიზა უტარდებოდა. 25 ოქტომბრის დილას, კარგად გამოძინებული ვალერიან იმნაძე (ნია იმნაძის მამა) ურეკავს ვერიკო ქარჩავას. ვერიკო ქარჩავა, მოგახარეს გიგას სიკვდილი? მე არ დავუშვებ, შვილებმა წააქეზონ და დახმარება გაუწიონ მკვლელებს, მერე კი ეს წაახალისონ და დააკანონონ მშობლებმა!

ხვალ, 28 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე სასამართლო პროცესზე მოუწევს ჩემი მოსმენა მერაბ მალანიას!" - წერს ეკა კუპატაძე.