ირანში, სპექტაკლის დროს მსახიობი ქალის მიერ მამაკაცის მკერდზე თავის მიდების გამო, თეატრალური დასის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ირანში, სპექტაკლის დროს მსახიობი ქალის მიერ მამაკაცის მკერდზე თავის მიდების გამო, თეატრალური დასის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ირანის პროკურატურამ თეატრალური დასის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც მაყურებლის მობილურმა ტელეფონმა სცენაზე აღბეჭდა, როგორ მიადო მსახიობმა ქალმა მამაკაცს თავი მკერდზე - ქმედება ხელისუფლებამ "სოციალური ნორმების" დარღვევად შეაფასა.

პიესა, სახელწოდებით Tehran Paris Tehran მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონაზე, სახელად სარაზე, რომელიც მამის მკვლელობისთვის შურის საძიებლად თეირანიდან პარიზში მიემგზავრება და შემდეგ უკან ბრუნდება.

აღნიშნულ სცენაში ჩანს მსახიობი ფატემე მასუდიფარი, რომელიც თავს მერდად სედიგიანს მკერდზე ადებს.

  • ირანის ისლამური რესპუბლიკა საჯარო სივრცეში იმ ქალებსა და მამაკაცებს შორის ფიზიკურ კონტაქტს კრძალავს, რომლებიც ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში არ არიან. ეს წესი სცენაზეც ვრცელდება.

თუმცა, როგორც Iran International იუწყება, პროდიუსერულმა კომპანიამ შაბათს განაცხადა, რომ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელიც ვიწრო რაკურსითაა გადაღებული, შეცდომაში შემყვანია: ის მსახიობებს ერთმანეთთან უფრო ახლოს წარმოაჩენს, ვიდრე ისინი სინამდვილეში იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, როგორც პროდიუსერულმა კომპანიამ განაცხადა, სცენაში მონაწილე ორი პერსონაჟი პიესაში და-ძმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ფიზიკური კონტაქტი ისლამური კანონმდებლობით არ იკრძალება.

  • კომპანიამ განაცხადა, რომ ჩახუტება სიუჟეტის კრიზისულ მომენტში მოხდა.

აგრეთვე, ამ კვირის დასაწყისში ქალაქ ყუმის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მომღერალ პარასტუ აჰმადის და შვიდი სხვა მუსიკოსის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც. საქმე ეხება 2024 წლის დეკემბერში YouTube-ზე გამართულ კონცერტს, რომელშიც მომღერალი ჰიჯაბის გარეშე გამოდიოდა.

თითოეულ მათგანს სასჯელის სახით 74 მათრახის დარტყმა მიესაჯა, ასევე აეკრძალათ გამოსვლა და გადაადგილება ორი წლის განმავლობაში.

წყარო

მოამზადა: ანა სიბოშვილმა