Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო ქართველი რეპერი ლექს-სენი (ლექსო ქავთარაძე). მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
"მოგესალმებით! მე ვარ ალექსი ქავთარაძე, იგივე "ლექს-სენი“, ქართველი რეპერი. ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობის ძირითადი არეალი ტრადიციულად ისევ ის არის, საიდანაც მოვედი: სტუდია, მუსიკა, გადაღებები და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი კონცერტი“ - ასე დაიწყო ლექს-სენმა საუბარი.
თინათინი:
- რა მოგიტანათ ფსევდონიმმა - ლექს-სენი? სწორი არჩევანი იყო?
- სხვათა შორის, სულ ახლახან, რამდენიმე კვირის წინ, ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი უცხო ადამიანებთან. გამიხარდა, რომ ეს ჩემი ჩანაფიქრი საზოგადოებამ ასე სწორად მიიღო. რამდენიმე ადამიანმა პირდაპირ მითხრა: "ძალიან მაგარი სახელი გაქვსო“. ვკითხე: "რას გულისხმობთ-მეთქი?“. "ლექს-სენს,“ როგორ მოიფიქრეო?“ მერე გამახსენდა ამ სახელის მოფიქრების დრო - მეხის გავარდნასავით შევქმენი, მე თვითონ დავბადე და, როგორც ჩანს, გაამართლა.

რეზო:
- წარსულს რომ იხსენებთ, რა არის ყველაზე ძვირფასი მოგონება იმ პერიოდიდან, როდესაც კარიერას იწყებდით?
- წარსულის გახსენება ყოველთვის რთულია, რადგან ბევრი რამ ხდებოდა და უცებ ყველაფრის გახსენება ჭირს. თუმცა ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ის პროცესია, როდესაც კარიერას იწყებ: ეს საფეხურები, რომლებზეც უნდა ახვიდე - ერთი გააკეთე, გამოგივიდა, მერე მეორე უნდა გამოგივიდეს... თვითონ ეს პროცესი იმდენად კარგი მოსაგონარია, რომ როდესაც წარსულის გზას ვიხსენებ, ის განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება.
თიკო:
- 90-იანი წლების მიწურულს გქონდათ მოლოდინი, რომ საზოგადოება მომდევნო წლებში ასე გაგიცნობდათ, მიგიღებდათ. ელოდით ასეთ მასშტაბურ წარმატებას?
- შეიძლება ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვთქვა? არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი. როცა ვიწყებდი, 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი გამომივიდოდა და საზოგადოება ზუსტად ისე მიიღებდა ამას, როგორც დავიწყე და გადმოვეცი. წინა კითხვაც რომ ვიხსენებ - ლექს-სენის სახელს და ა.შ. მგონი, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

გიო:
- რას უკავშირდება თქვენი ტექსტების შექმნის ემოცია?
- ძირითადი პრობლემა, რაც მაშინ ჩემთვის არსებობდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო. ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები ხელს გიშლიდა. ვერ იტყოდი, რომ, დავუშვათ, "ეს შარვალი მომწონს და უნდა ვიყიდო“, "ის გოგო მომწონს“ ან "ეს პოლიტიკოსი მომწონს/არ მომწონს“. არსებობდა კლიშეები, რომლებითაც ყველაფერს უყურებდნენ. ჩემი მიზანი ამ სტერეოტიპების დანგრევა იყო, რომ გამოხატვის თავისუფლება ემოციურად უფრო შესაძლებელი გამხდარიყო. სწორედ ამაზე აიგო ჩემი შემოქმედების ტექსტებიც.
ნინო:
- როგორი იყო ლექს-სენი შემოქმედებითი გზის დასაწყისში და როგორია დღეს? შეიცვალეთ?
- ასაკსა და ჭაღარას თუ არ ჩავთვლით (ხუმრობით, რა თქმა უნდა), ასაკთან ერთად, ფორმები იცვლება, მაგრამ შინაგანად იგივე ვარ. მაშინდელი პროცესიდან გამომდინარე, დროს უფრო მეტად სტუდიაში ვატარებდი - დღეში შეიძლება სამი სიმღერა ჩამეწერა, რადგან ვიცოდი, რომ ალბომი იყო გამოსაშვები. ახლა ფორმატები შეიცვალა, მაგრამ პროცესი გრძელდება. სამაგიეროდ, კონცერტებია ბევრი. ასე რომ, შემიძლია ვთქვა - დიდად არაფერი შეცვლილა.
ლიკა:
- "ჩემი მინდოზა - ჩემი ძმა“ - ეს თქვენი კომპოზიციის სიტყვებია - რას გვეტყვით მინდოზაზე, თქვენს ძმაზე?
- კი, ნამდვილად, ეს ჩემი ჩადებული სიტყვებია, ჩემი დაწერილი და შექმნილი. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე?.. ის ჩემი ღვიძლი ძმაა. ჩვენ ერთად დავიწყეთ ქართული ჰიპ-ჰოპის ფეხზე დაყენება ამ ქვეყანაში და მას, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის - ამ ეპოქის ნაწილია. "მინდოზა“ დღემდე აქტუალური სიმღერაა. ამ ეტაპზე ის სხვა საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ ეს სფერო უყვარს და თავიდან ბოლომდე ჩემი გულშემატკივარია.
უცნობი:
- თქვენი ტექსტები ყოველთვის გამოირჩეოდა სოციალური პრობლემატიკითა და გულწრფელობით. ამის გამო ოდესმე რაიმე გაუგებრობა ხომ არ შეგქმნიათ?
- სწორად დასმული კითხვაა. ვფიქრობ, მით უმეტეს, ჰიპ-ჰოპი და რეპი ისეთი ჟანრია (თან საქართველოში), სადაც არის საკითხები, რაც გაწუხებს და რასაც ეხები. მქონია ასეთი შემთხვევები... უბრალოდ, ამ ტექსტებმა და სიმღერებმა, სადაც მსგავსი შინაარსია, პირიქით ფარდა ჩამოხსნა "ბრიყვ ტიპებს,“ ადამიანებს. შევხვედრივარ ცხოვრებაში ისეთებს, რომლებსაც უთქვამთ: "აუ, მოდი რა, ამას ასე ნუ შეეხები“ და დირექტივებს გაძლევენ. აქედან შევუშვებ, იქიდან გავუშვებ - უნდა გაატარო, სხვა გზა არ არის. ასე რომ, ვიღაცებში უკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს, რადგან სიმართლე ყოველთვის ძნელი მოსასმენია.

ეკა:
- რომ არა მამუკა ღლონტი და სტუდია "მაესტრო“, სპორტის სასახლეს გაავსებდით?
- რა თქმა უნდა, ცალსახად! მე გეზი და მიზანი მქონდა აღებული და ამას აუცილებლად შევასრულებდი. ის პერიოდი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და სასიამოვნო იყო. ბევრი რამ კეთდებოდა, შოუბიზნესიც უფრო სხვანაირად მუშაობდა. მანამდე "ლექს-სენის“ სახელი უკვე შექმნილი მქონდა.
ის პერიოდი იმით იყო რთული, რომ მაშინ არ არსებობდა ასეთი გასაქანი. გარკვეული ცენზურა იყო - სიმღერაში ყოველ სიტყვას, ბგერასა და ასოს ყურადღებას აქცევდა რადიოც და ტელევიზიაც. ახლა იმდენი პლატფორმაა, რომ ყოველი მეორე კი არა, პირველი მღერის. ზოგიერთი ისეთ სასაცილო რამეს მღერის და მაინც პოპულარული ხდება. ამაში ძალიან დიდი სხვაობაა... ეს ალბათ ცხოვრებისეული ციკლია: რაღაც ნაწილი გამარტივებისკენ მიდის, რაღაც - სირთულისკენ. ჩემი მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ მსმენელი "ზევით“ წამომეყვანა, უფრო გემოვნებიანი და ახალი პროდუქტი შემეთავაზებინა. ეს გავაკეთე, შევძელი. ახლა, ალბათ, სიმრავლე ქმნის ხარისხის დეფიციტს. იმდენად ბევრია ყველაფერი და იმდენად მალე უნდათ (როგორც საზოგადოებას, ისე შემქმნელს) შედეგის მიღება ან კონცერტის ჩატარება... მე თვეობით და წლობით ვმუშაობდი, რომ რაღაც გამოსულიყო, გაყიდვაში წასულიყო... ახლა რადგან ყველაფერი ძალიან მალე ხდება, მგონია, რომ ეს გარკვეულწილად აფუჭებს ხარისხს ან ყურს. თუმცა არაუშავს, ცუდად გაკეთებული მაინც სჯობს რაღაცის დამტვრევას, გაფუჭებასა და დანგრევას.
ფანი:
- "კეთილი რეპერი“ - თქვენზე ასეთი შეფასებაც მომისმენია... რას იტყვით ამაზე?
- ეს ფრაზა არ მახსოვს, რომელიღაც გადაცემაში თქვა რომელიღაც ჟურნალისტმა... მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ როდესაც ასეთი იმიჯი გაქვს და საზოგადოებას ასე უყვარხარ, გაფასებს (ამას ყოველდღე ვგრძნობ ამდენი წლის განმავლობაში), არ გაქვს უფლება, ამ ადამიანებს აგრესიულად შეხედო. იმ პოზიტიურ ენერგიასა და ტონს, რაც მათგან მოდის, იმავე ენერგიით უნდა უპასუხო. ახლობლებსაც უთქვამთ ჩემთვის: "რა იყო, ცოტა გაგეღიმაო“. ეს მეხსიერებაში ჩამრჩა და მინდა თუ არ მინდა, მას მერე ყველას უღიმი და ეფერები - ეს ვალდებულებასავითაც არის.
მკითხველი:
- სად გაატარეთ ბავშვობა და რომელმა გარემომ ან ადამიანმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენს მსოფლმხედველობაზე?
- ბავშვობა თბილისში გავატარე - აქ დავიბადე და გავიზარდე. ასევე, საყვარელ სოფელში, საყვარელ ბებიასთან, მამიდებთან და ბიძაშვილებთან, როგორც ყველა პატარაობაში. ბებიაჩემს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგ უკვე, დიდობაში, ჩემს მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა იქონია ჩემი უნივერსიტეტის კათედრის გამგემ, ბატონმა აკაკი ყულიჯანიშვილმა (რომელიც ახლა გარდაცვლილია და ძალიან პატივსაცემი ადამიანი იყო). მან ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.

ნიკა:
- სოციოლოგობა და ფილოსოფოსობა გეხმარებათ დღევანდელ საქმიანობაში, რადგან უნივერსიტეტი ამ კუთხით დაამთავრეთ?
- ეს ყველაფერი დამეხმარა, რადგან პირდაპირ ეხება ჩემს პროფესიას - ეს კულტურული და სოციალური გარემო: როგორ ხედავ, რას ხედავ, როგორ აღიქვამ, რა გაწუხებს, რა არის პრობლემა და ადამიანების თანაარსებობა... ნამდვილად გამიმართლა, რომ ასეთი ზურგი ვიგრძენი.
პროფესიის არჩევას რაც შეეხება - ჩემზე რაღაც ასე იყო ნათქვამი (იუმორით) - დაიბადა ღარიბი რეპერის ოჯახში. წინაპრებისგან მაინცდამაინც მატერიალური კეთილდღეობა არ მომდგამდა. მაშინ ჭირდა გარკვეულ ფაკულტეტებზე მოწყობა - ძვირიც ღირდა. სადაც შენით შეძლებდი, იქ აბარებდი. ალბათ ამანაც განაპირობა, თუმცა, როცა შენში რაღაც კრეატიული არის და გინდა ახლის აღმოჩენა, ამ ინსტინქტმაც იმუშავა და ეს პროფესია ავირჩიე. საბოლოო ჯამში, უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე არა. ადამიანის ბუნება ასეთია - მეტი და მეტი გინდა, მაგრამ რას იზამ?!. სხვა რამის ცდა არც მიფიქრია, რადგან ცალსახად მივყვებოდი მუსიკასა და რეპს. ისევ იმ კითხვას რომ დავუბრუნდე - იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ აქ გამომივიდოდა, ბოლომდე "მივაწექი“.
მკითხველი:
- რა ფასი აქვს პოპულარობას და როგორ უნდა შეინარჩუნო ის?
- რთული კითხვაა. პოპულარობას საკმაოდ ძვირი ფასი აქვს, ეს ასე იოლად არ ხდება. სინამდვილეში, პოპულარობა მარტივია, მთავარია - რა ხარისხის პოპულარული ხარ. თორემ ნებისმიერი რამით შეგიძლია მიიპყრო ყურადღება: დიდი ჯაჭვი ჩამოიკიდო, ან ისეთი რამ თქვა, რომ უცებ გახდე ცნობილი... ჩემთვის მთავარი ხარისხია და ამ ხარისხის შენარჩუნებაა საკმაოდ რთული - ამას მუშაობა სჭირდება. მე ავირჩიე გზა, რომ სულ ვიმუშაო და სტაბილურობას მოაქვს ამის შენარჩუნება.
თინა:
- ახალი თაობის მსმენელთან, თინეიჯერებთან როგორ ამყარებთ კონტაქტს, კომუნიკაციას?
- სხვათა შორის, ძალიან კმაყოფილი ვარ. ამისი პირდაპირი დასტურია: დღეს თქვენთან რომ მოვდიოდი, ლიფტში სრულიად შემთხვევით შეგვეჩეხა პატარა ბავშვი. როგორი აღფრთოვანებული და გაოცებული იყურებოდა! ეს ძალიან სასიამოვნოა. ყოველთვის მეამაყება, როცა კონცერტზე მოსული დედები ამბობენ, რომ შვილებმა გაუკეთეს საჩუქარი, ან ვიდეოებს მიგზავნიან: "შენს კონცერტზე მოვდივარ, დედას უყვარხარ ძალიან. მეც ძალიან მიყვარხარ“... აღმოჩნდა, რომ თაობები ერთად მოდიან ჩემს კონცერტებზე და ეს ძალიან მაგარია. მადლობა ყველას ამისთვის!
ზუკა:
- ქართული რეპი - რა ფენომენია და ვინ არის თქვენი ფავორიტი ზოგადად ამ ჟანრის მუსიკაში? მეგობრობთ ქართველი რეპერები? რა ურთიერთობა გაქვთ ახალი თაობის რეპერებთან?
- რა ფენომენია ქართული რეპი თავისთავად, ეს არ არის ძირძველი ქართული მოვლენა, მაგრამ მუსიკასა და ხელოვნებას საზღვრები არ აქვს. თუ განავითარებ და შექმნი, შედეგსაც მიიღებ. სწორედ ქართული ჰიპ-ჰოპის შექმნა იყო ჩემი გეზი, მიზანი და მე ეს შევქმენი. მინდოდა, ყოფილიყო ძლიერი, მყარი და ჰყოლოდა ბევრი მიმდევარი. ეს თაობებიც ამის დასტურია. ლექს-სენს რომ უსმენდნენ, ყველას უნდოდა რეპერობა. ძალიან ბევრი მიყვება ბავშვობის ისტორიებს და ეს ძალიან მაგარია... ჩემი ფავორიტი დღემდე შეუცვლელია და ასეც დარჩება - არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრისთვის: თუფაქი (2Pac) და იმ სკოლის სხვა წარმომადგენლები. ჰიპ-ჰოპის ღმერთი ჩემთვის ის არის, მთლიანად იმ სკოლაზე გავაზარდე.
რაც შეეხება რეპერების მეგობრობას - ჩემ დროს ეს ნაკლებად იყო, რადგან ცოტანი ვიყავით და ზოგადად, ძმაკაცობის გაგებით ვცხოვრობდით და არა პროფესიული მეგობრობით. ახალ თაობაში ეს უფრო არის, მომწონს და ვაფასებ. ეს ხალხი მეგობრობს ერთმანეთთან (მეც მათ შორის) და ეს ძალიან კარგია. რაც მეტი კარგი პროდუქტი შეიქმნება და ბევრი ხარისხიანი რეპერი იქნება, მით უკეთესი.
ნიკოლოზი:
- ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე მთავარი დასკვნა, რას მიხვდით?
- ამაზე პასუხი მარტივია: ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მყარად ვდგავარ იმ აზრზე, რომ არანაირი პროფესია, კარიერა, ფული და მატერია ადამიანობაზე მაღლა არ დგას! პირადად მე ვერაფერს დავაყენებ მასზე მაღლა. ეს ღირებულება ჩემთვის მთავარია - პირველი არის ადამიანობა და ადამიანური ფუნქციის არდაკარგვა, დანარჩენი ყველაფერი ამის შემდეგ მოდის.
ლაკო:
- რა გაბრაზებთ?
- პირველ რიგში - უსამართლობა! ძალიან მაბრაზებს. თუმცა, მყისიერი რეაგირება, ჩემი აზრით, არც უნდა იყოს - მთავარია პასუხი გაიცეს, ხოლო რა ფორმით იქნება ეს, მეორეხარისხოვანია.
გუკა:
- როდესაც ფიქრობთ თქვენს განვლილ გზაზე, შეცდობებს ხშირად იხსენებთ? და რა მიგაჩნიათ მთავარ შეცდომად?
- განვლილ გზაზე... არ ვიცი, შეიძლება ლამაზად არ ჟღერდეს, მაგრამ ხშირად მახსენდება მომენტი, როცა ახალი დაწყებული მქონდა ეს ყველაფერი და უკვე გამომდიოდა. რამდენიმე კეთილისმსურველმა მირჩია: "შენ უნდა წახვიდე აქედან, არ უნდა დარჩე, წადიო“. ცოტა ისე მომხვდა გულზე... საზღვარგარეთ წასვლას გულისხმობდნენ - ამერიკაში ან ევროპაში. ეს 90-იანების შემდგომი პერიოდია, როცა ხალხი მიდიოდა რეალიზაციისთვის. ალბათ პოტენციალი რომ დაინახეს ჩემში და იფიქრეს, რომ აქ ადეკვატური დაფასება არ მექნებოდა, კეთილი გულით მირჩიეს ძლიერ ქვეყანაში წასვლა. თუმცა, მე ჩემი ქვეყნის დატოვება არ ავირჩიე და არც მინდოდა.
კახი:
- ლექსო და მისი ოჯახი - გაგვაცანით ის. შვილი უსმენს თქვენს რეპს და თავად თუ მღერის? რაც შეეხება მეუღლეს, ამბობენ, რომ ლექსომ კარგი არჩევანი გააკეთაო...
- ჩემი ოჯახი... მეუღლე არის ტატიანა ბურლიაი და ერთი შვილი გვყავს - ილია ქავთარაძე. ილია თინეიჯერია, კალათბურთით არის დაკავებული. ჩემს ტრეკებსაც უსმენს, მაგრამ ახლა, გარკვეულწილად, მისი ცხოვრებით ვცხოვრობ. სადმე რომ ვარ ან კონცერტი მაქვს, 24 საათი ვკითხულობ: "რა ქენი? ვარჯიშმა როგორ ჩაიარა? რა გითხრეს? რა არის სიახლე?“ დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ყველაფერი გამოუვიდეს, მაჯობოს კიდევაც და უფრო მაღლა წავიდეს. მუსიკაში არ ვზღუდავ. გარკვეულწილად, მისი ფსიქოლოგიური მწვრთნელიც ვარ. ჩავურთავ ხოლმე ჩემს ბიტს და ვუხსნი: "ნახე, ამაზე ასე უნდა იმუშაო, რიტმიკა ასე უნდა დაიჭირო...“ იმას ვაძლევ, რასაც მწვრთნელი ვერ მისცემს. ამ ეტაპზე თავად სიმღერის სურვილი არ აქვს. რამდენჯერმე ვუთხარი, დუეტი ხომ არ ჩავწეროთ-მეთქი, მაგრამ ჯერ არ აქვს ინტერესი - ბავშვია და ალბათ მოზრდილ ასაკში შეეცვლება შეხედულება.

ძალიან მზრუნველი და ლამაზი მეუღლე მყავს, არაჩვეულებრივი! ასე მოვდივართ ერთად უკვე ამდენი წელი... წლებს ვეღარც ვითვლი, მას ახსოვს ხოლმე სულ: "აი, შენ არ გახსოვს, რამდენი წელია ერთად ვართო“. ბევრი ამბობს, რომ კარგი არჩევანი გავაკეთე, ასეთი გოგო რომ მოვიყვანე ცოლად. ვეთანხმები ამ ხალხს და მადლიერი ვარ, რომ მე მიძლებს.
ნათია:
- რა სურვილები გაქვთ როგორც ზოგადი, ისე - კონკრეტული...
- სურვილები, რა თქმა უნდა, ბევრი მაქვს, მაგრამ პირველი, რაც გონებაში მიტრიალებს: ჩემი მთავარი სურვილია, რომ თავისუფალ და მდიდარ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ასეთი ქვეყანა შევქმნათ ძალიან მალე!
"მთები, მთები ბუმბერაზი... საშინელი მხედრობაა, თუ ხარ მონა, აქ არავინ გენდობა...“
მე ვარ ლექს-სენი... დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ, მისმინეთ! გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე!
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/VAbWaF0lePk?si=61EfKhQ3DfVH3CJr" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>