აფხაზეთში, გაგრაში დასასვენებლად ჩასული 26 წლის რუსი ტურისტი, ამინა ბიკბოვა მოკლული იპოვეს. გოგონა, რომელიც ორენბურგის ოლქიდან იყო, ოჯახთან კონტაქტზე სამი დღის განმავლობაში არ გასულა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 25 წლის ედგარ აბუხბა დაკავებულია. აფხაზეთის შსს-ს ინფორმაციით, მან დაკითხვისას დანაშაული აღიარა და გამოძიებას ის ადგილი უჩვენა, სადაც ცხედარი გადამალა.
ოჯახის წევრებმა, რომლებმაც ამინასთან დაკავშირება ვერ შეძლეს, სამართალდამცველებს მიმართეს. ძებნისას პოლიციამ იმ ადამიანების წრე დაადგინა, რომლებთანაც გოგონა დასვენების პერიოდში ურთიერთობდა. ეჭვი ედგარ აბუხბაზე მიიტანეს, რომელიც გაგრაში დროებით ცხოვრობდა და მუშაობდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ამინას 23 სექტემბრის საღამოს არძინბას გამზირზე შეხვდა, რის შემდეგაც ისინი ერთად ტაქსით გაემგზავრნენ.

დანაშაულის კვალის დამალვის მიზნით, აბუხბამ 24 სექტემბერს ნაცნობს ავტომობილი გამოართვა, ცხედარი მანქანაში მოათავსა და ბზიფის ხეობის მიმართულებით წაიღო. მისი განზრახვა ცხედრის წყალში გადაგდება იყო, თუმცა ეს ვერ შეძლო და იგი გზიდან მოშორებით, ბუჩქებში, გადასაფარებელში გახვეული დატოვა. ტურისტის ტელეფონი და პირადი ნივთები კი სოხუმის გზატკეცილზე მდებარე ნაგვის ურნებში გადააგდო.
ამინას მეგობრის მონათხრობით, აბუხბა ხილით ვაჭრობდა. გაცნობის შემდეგ მან გოგონა ყავის დასალევად დაპატიჟა, მოგვიანებით კი მათ მიმოწერა გააგრძელეს. მეგობარი ამინას აფრთხილებდა და ურჩევდა, ახალგაცნობილ მამაკაცთან სახლში არ წასულიყო, თუმცა გოგონამ რჩევა არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.
გამოძიებისას განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ეჭვმიტანილის წარსულიც. რუსული მედიის ცნობით, 2019 წელს, არასრულწლოვანი ედგარ აბუხბა სოხუმში კიდევ ერთ რუს ტურისტ ქალს თავს დაესხა.
მან გოგონა ყოფილი სამთავრობო შენობების დამწვარ კომპლექსში მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა და გააუპატიურა. ამ დანაშაულისთვის მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაახლოებით ოთხ-ნახევარი წელი გაატარა.