ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში, სამეფო საჰაერო ძალების ფერფორდის სამხედრო-საჰაერო ბაზასთან, ხუთი მამაკაცი დააკავა. დაკავებულებს ტერორისტული თავდასხმის მომზადებასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონის დარღვევაში ედებათ ბრალი.
მანქანები სამხედრო ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ადგილზე მისულმა შეიარაღებულმა პოლიციელებმა ხუთი მამაკაცი დააკავეს, რის შემდეგაც ტერიტორია შემოღობეს და უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.

პოლიციამ უსაფრთხოების კორდონი თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე შექმნა, თუმცა მოგვიანებით ის დაახლოებით 400 მეტრამდე გაფართოვდა და სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორია მოიცვა. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, უელფორდის დასახლებიდან 85-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
გლოსტერშირის პოლიციის უფროსის მოადგილის, რიჩარდ ოკონის განცხადებით, გამოძიებას ამ ეტაპზე კონტრტერორისტული პოლიცია ხელმძღვანელობს. პოლიციის ცნობით, დაკავებულთა წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება და ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია მათი სავარაუდო მოტივის, კონკრეტული სამიზნის ან შესაძლო კავშირების შესახებ.
ინციდენტის ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თავად სამხედრო ბაზის მნიშვნელობაც. RAF Fairford-ს ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების გარდა აშშ-ის საჰაერო ძალებიც იყენებენ და ის ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი "სერიოზულ ზიანში“ და ეფუძნებოდა თუ არა მისი განცხადება ბრიტანული გამოძიების ოფიციალურ მონაცემებს.

ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ბაზაზე ამერიკული ბომბდამშენების განთავსების შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, ხოლო ირანის ხელისუფლებას წარსულში ბრიტანეთი აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერაში დაუდანაშაულებია.
ამასთან, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფერფორდთან დაკავებული მამაკაცების ქმედებები ირანთან დაკავშირებულ კონფლიქტს უკავშირდება.