ანტიქრისტე უკვე გამოჩნდა? რატომ ხედავს ზოგიერთი ქრისტიანი ხელოვნურ ინტელექტში სამყაროს აღსასრულის ნიშნებს - ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს არა მხოლოდ ტექნოლოგიების, არამედ რელიგიის სფეროშიც. ზოგიერთი გავლენიანი ამერიკელი პასტორი მიიჩნევს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სამყაროს აღსასრულის ბიბლიურ სცენარში. მეტიც, ზოგიერთი მათგანი AI-ს ანტიქრისტეს შესაძლო გამოვლინებადაც კი განიხილავს. აღნიშნულის შესახებ BBC წერს და ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:
მისი განცხადებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტისა და აპოკალიფსის შესაძლო კავშირის შესახებ საუბარი სხვა ცნობილმა ქრისტიანმა სასულიერო პირებმაც დაიწყეს.
"შესაძლებელია თუ არა, ხელოვნური ინტელექტი იმ სცენარის ნაწილი იყოს, რომელიც სამყაროს აღსასრულამდე მიგვიყვანს?“, - კითხულობს ამერიკული ეკლესიის პასტორი გრეგ ლორი და თავადვე პასუხობს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.
კიდევ ერთი ამერიკელი პასტორი, მაიკ სენიორელი, მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა, ანტიქრისტეს გამოჩენასთან იყოს დაკავშირებული.
სასულიერო პირები არ უარყოფენ, რომ ადამიანს AI-ს სასარგებლო მიზნებით გამოყენება შეუძლია, თუმცა მიიჩნევენ, რომ იგივე ტექნოლოგია შესაძლოა ანტიქრისტემაც გამოიყენოს. ქრისტიანულ წარმოდგენებში ანტიქრისტე სატანის განსახიერებაა, რომელიც ადამიანების მოტყუებასა და მათ ღმერთის ნაცვლად საკუთარი თავის თაყვანისცემისკენ უბიძგებს.
ბიბლიის ბოლო წიგნში, იოანეს გამოცხადება, აღწერილია სამყაროს აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებები. ამ ტექსტების მიხედვით, ანტიქრისტე ღმერთის წინააღმდეგ გამოვა და ადამიანებზე გავლენის მოპოვებას შეეცდება, თუმცა საბოლოოდ მას იესო ქრისტე დაამარცხებს.
ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომის ბაზარსა და ეკონომიკას. მისი სწრაფი განვითარება ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე სპეციალისტებშიც იწვევს შეშფოთებას. Anthropic-ის ყოფილმა თანამშრომელმა ჯეიკობ კოქსტონმა ახლახან გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში კაცობრიობა განადგურდეს. ამასთან, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებიც არაერთხელ გამოსულან ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელების მოწოდებით, რათა შესაძლო რისკები შემცირდეს.
თუმცა აპოკალიფსზე საუბარი მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების შიშით არ აიხსნება. ამერიკული წმინდა იოანეს თეოლოგიური სკოლის პროფესორის, ნორინ ჰერცფელდის აზრით, სამყაროს აღსასრულის შესახებ წარმოდგენები ხშირად სწორედ მასშტაბური ცვლილებების პერიოდებში აქტიურდება.
ჰერცფელდი, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და თეოლოგიური ეთიკის საკითხებს იკვლევს, მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხედულებები ადამიანებს სოციალური დაძაბულობის ახსნაში ეხმარება. მათ უჩნდებათ განცდა, რომ მიმდინარე მოვლენები შემთხვევითი არ არის და შესაძლოა, უფრო დიდი, ღვთიური ჩანაფიქრის ნაწილი იყოს.
"ჩვენ სწრაფი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ. კომპიუტერული ტექნოლოგიები იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ოდესმე. გვესმის, რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვა სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს, ყველაფერს შეცვლის და სხვადასხვა სფეროში რევოლუციას მოახდენს. ადამიანებისთვის ასეთი სწრაფი ცვლილებების მიღება ძალიან რთულია“, - აღნიშნავს ჰერცფელდი.
სამყაროს აღსასრულის მოლოდინი ახალი მოვლენა არ არის. 2022 წელს Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი სრულწლოვნების თითქმის 40 პროცენტს სჯერა, რომ სამყაროს აღსასრული ახლო მომავალში დადგება. ქრისტიანებში ეს მაჩვენებელი 47 პროცენტს შეადგენს.
მკვლევრების შეფასებით, მსგავსი შეხედულებები სხვადასხვა ეპოქაში მეორდება. საზოგადოების წინაშე არსებული კრიზისებისა და ცვლილებების ფონზე ადამიანები ხშირად ცდილობენ, მიმდინარე მოვლენები ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს დაუკავშირონ.
ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ილონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი პიუ იხსენებს, რომ მის ბაბუას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ანტიქრისტე ეგონა.
რუზველტი ხელისუფლებაში "დიდი დეპრესიის" პერიოდში მოვიდა, როდესაც შეერთებული შტატები მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. მისი ინიციატივით განხორციელებული "ახალი კურსი“ ქვეყნის ეკონომიკის გარდაქმნას ისახავდა მიზნად და იმ დროისთვის რადიკალურ ცვლილებად აღიქმებოდა. პიუს აზრით, ბაბუამისის შეხედულება ნათლად აჩვენებს, რამდენად სარისკოა თანამედროვე მოვლენების კონკრეტულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირება.
მომდევნო ათწლეულში პოპულარული გახდა წიგნი "დედამიწის უკანასკნელი დიდი პლანეტა“, რომელშიც ავტორი სამყაროს აღსასრულის ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს იმდროინდელ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებდა. პიუს შეფასებით, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო სოციალური და პოლიტიკური რყევების აპოკალიფსურ კონტექსტში განხილვა.
ცივი ომის დროს ზოგიერთი ქრისტიანი ანტიქრისტეს საბჭოთა კავშირსა და კომუნისტურ იდეოლოგიაში ხედავდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ კი მორწმუნეთა ნაწილმა ეს როლი ისლამს დაუკავშირა.
პიუს აზრით, ადამიანები ხშირად საკუთარი ეპოქისთვის დამახასიათებელ შიშებს სამყაროს აღსასრულის შესახებ რელიგიურ წარმოდგენებში ასახავენ.

ავსტრალიელი პასტორი სტივენ დრისკოლი, წიგნის "ჩვენს ხატად შექმნილი: ღმერთი, ხელოვნური ინტელექტი და თქვენ“ ავტორი, არ გამორიცხავს, რომ ხელოვნური ინტელექტი ანტიქრისტესთან დაკავშირებული წარმოდგენების განხილვისას მნიშვნელოვანი საკითხი გახდეს.
ის AI-ს ადამიანის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ტექნოლოგიად მიიჩნევს. დრისკოლი ასევე აფრთხილებს მკითხველს, რომ ბიბლიის გამოყენება მომავლის ზუსტი პროგნოზირებისთვის სწორი მიდგომა არ არის.
მისი თქმით, ბიბლია მხოლოდ ანტიქრისტეს ვინაობის გამოცნობაზე არ არის ორიენტირებული. ის ადამიანებს ცვლილებების მომზადებაში, სამყაროს გააზრებასა და ტექნოლოგიების ადამიანურ ღირებულებებთან შესაბამისობაში მოყვანაში უნდა დაეხმაროს.
დრისკოლი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური განვითარება ყოველთვის იყო ადამიანური ცივილიზაციის ნაწილი და ამ პროცესს რელიგიური თვალსაზრისითაც შეიძლება შევხედოთ.

დრისკოლი ბიბლიური წინასწარმეტყველის, დანიელის, მაგალითსაც იხსენებს. დანიელი ბაბილონის ტყვეობაში რამდენიმე იმპერიის აღზევებისა და დაცემის მომსწრე გახდა. პასტორის განმარტებით, მას არ შეეძლო ისტორიული მოვლენების შეჩერება, თუმცა შეეძლო, შეენარჩუნებინა რწმენა, იმედი და ადამიანებისადმი სიყვარული.
პასტორი დარწმუნებულია, რომ საბოლოო შედეგი კეთილი იქნება, იმის მიუხედავად, დადგება თუ არა სამყაროს აღსასრული უახლოეს მომავალში, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი კეთილია და ყველაფერი მის ხელშია.