დონალდ ტრამპის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა, ალინა ჰაბამ, თურქ მილიარდერ ტურჰან მილდონზე იქორწინა. ნიუ-იორკის ლეგენდარულ სასტუმრო Waldorf Astoria-ში გამართულ მდიდრულ ცერემონიას ცნობილი სტუმრები, მათ შორის, ტრამპის გარემოცვის გავლენიანი წარმომადგენლები და მაიკ ტაისონიც კი ესწრებოდნენ. მედიის ინფორმაციით, ქორწილის საერთო ღირებულებამ შესაძლოა 10 მილიონ დოლარს მიაღწია.
ქორწილი შაბათს, ნიუ-იორკში, Waldorf Astoria-ს სასტუმროს მეოთხე სართულზე, მდიდრულ საბანკეტო დარბაზში გაიმართა. სივრცე ვარდისფერი და თეთრი საკურას ყვავილებითა და ასობით წითელი ვარდით იყო მორთული.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის საერთო ღირებულებამ შესაძლოა 10 მილიონ დოლარს მიაღწია. საზეიმო ღონისძიებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 900 ათასი ახალი ყვავილი ჩაიტანეს.
ცერემონიაზე 30-კაციანი ორკესტრი უკრავდა. ახალდაქორწინებულთა პირველი ცეკვისთვის კი საფრანგეთიდან სპეციალურად ჩამოფრინდა მომღერალი, რომელმაც კომპოზიცია Heir Encore შეასრულა. სტუმრებს განსაკუთრებული კულინარიული მენიუც დახვდათ - ვახშმის დაწყებისას თითოეულ მათგანს ხიზილალის ინდივიდუალური ქილა მიართვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი, გენერალური პროკურორი ტოდ ბლანში, პრეზიდენტის მრჩეველი მარგო მარტინი და გენერალური პროკურორის თანაშემწე სამოქალაქო უფლებების საკითხებში, ჰარმიტ დილონი. მოწვეულთა შორის იყო ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონიც. ქორწილის დახურულ წვეულებაზე კი ახალდაქორწინებულებისთვის სამგზის "გრემის“ მფლობელმა რეპერმა ნელიმ იმღერა. თავად დონალდ ტრამპი ცერემონიას არ დასწრებია.
ალინა ჰაბამ საღამოს განმავლობაში სამი საქორწინო კაბა გამოიცვალა. ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სასტუმროს ფოიეში მისი შვილები, ქალიშვილი ქლოი და ვაჟი ლუკი, გამოჩნდნენ.

საქორწინო ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე ალინა და მისი ეუღლე ფლორიდაში, უესტ-პალმ-ბიჩში, ძვირადღირებულ რესტორან Polo Room-თან შენიშნეს. მაშინ ალინას თითზე დიდი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი ეკეთა, რომლის ზომაც მედიამ სულ მცირე 23 კარატად შეაფასა. ქალს 30 ათასი დოლარის ღირებულების, სირაქლემას ტყავისგან დამზადებული ვარდისფერი Hermès Birkin-ის ჩანთა ეჭირა.
მედიის ცნობით, წყვილი ერთმანეთს მიმდინარე წლის დასაწყისში, ვაშინგტონში, Kennedy Center-ში გამართულ ღონისძიებაზე შეხვდა. აპრილში ისინი პირველად გამოჩნდნენ ერთად საჯაროდ, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე, რომელიც შენობაში შეიარაღებული პირის შეღწევის მცდელობის შემდეგ ნაადრევად შეწყდა.
ალინა ჰაბასთვის ეს მესამე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე ადვოკატი მეთიუ ეიტი იყო, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. წყვილი 2019 წელს განქორწინდა. მოგვიანებით ჰაბა ბიზნესმენ გრეგ რუბენზე დაქორწინდა, რომელიც პარკირების სფეროში მომუშავე კომპანიის მფლობელია. მათი ქორწინებაც განქორწინებით დასრულდა მას შემდეგ, რაც ჰაბამ გასული წლის დეკემბერში ნიუ-ჯერსის ფედერალური პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.