თბილისის 166-ე სკოლასთან მოსწავლეები და მშობლები აქციას მართავენ. მათი თქმით, მესამე წელია, რაც ბავშვებს სხვა სკოლებში უწევთ სწავლა.
ისინი მოითხოვენ, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, ან გამოიძებნოს ალტერნატიული სივრცე, სადაც 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ერთ სივრცეში შეძლებენ სასწავლო პროცესის გაგრძელებას.
ბავშვებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: "ნუ გვყოფთ სხვადასხვა შენობაში, დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა!“ "დამიბრუნეთ ჩემი სკოლა და საკლასო ოთახი!“ "ნუ დაგვინგრევთ სკოლას!“
"როგორც ჩვენ ვიცით, პირველადი ექსპერტიზის დასკვნით, ჩვენ სკოლას აქვს მინიჭებული მეორე-მესამე დონის კატეგორია, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლებელი იყო აღდგენა და არა დემონტაჟი. ამ დასკვნის საფუძველზე ვითხოვთ, სკოლას დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს [რეაბილიტაცია] და დაბრუნდეს სასწავლო პროცესი ამ სკოლაში“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.