საზღვრისპირა რეგიონებში მოსულმა უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობები და მეწყრები გამოიწვია. ბოლო დღეებში ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე უტარ-პრადეშის შტატში სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეზობელ ნეპალში სტიქიას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უტარ-პრადეშის კატასტროფების მართვის კომისარმა, ჰრიშიკეშ ბჰასკარ იაშოდმა განაცხადა, რომ პარასკევიდან კვირა დილამდე შტატში 66.5 მმ ნალექი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ამ პერიოდის საშუალო ნორმა მხოლოდ 7.6 მმ-ს შეადგენს.

240 მილიონზე მეტი მოსახლით ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უტარ-პრადეშის შტატი ივნისიდან სექტემბრამდე, მუსონური წვიმების სეზონზე, ხშირად ხდება ძლიერი შტორმებისა და ნალექების სამიზნე.
ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ოდიშას შტატში მდინარეების ადიდების გამო დაბლობში მცხოვრები 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. უხვმა წვიმებმა დააზიანა ხიდები და წყალგამტარი ნაგებობები, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა პოპულარული ტურისტული ადგილი, დევკუნდი დროებით დაეხურა.
ინდოეთის წყლის ცენტრალური კომისიის ცნობით, შვიდი შტატის მასშტაბით მდინარის მონიტორინგის 30 სადგურზე “კრიტიკული ვითარებაა“ გამოცხადებული. ქვეყნის უდიდესი მდინარეები, მათ შორის განგი, განდაკი, კოსი, ბაგმატი და ნარმადა, საფრთხის ზღვარს გადასცდნენ.

ახალი წყალდიდობა და მეწყერი დაფიქსირდა ნეპალშიც, სადაც აგვისტოს ბოლოს მომხდარ დამანგრეველ სტიქიას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით დაკარგულად ითვლება. ხუთშაბათის შემდეგ დაწყებული ახალი ტალღის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება.
ხელისუფლებამ ქვეყნის 77 რაიონიდან 49-ში წყალდიდობის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, საიდანაც ნახევარზე მეტს მდინარეებსა და შენაკადებში წყლის დონის მატების გამო მაღალი რისკი ემუქრება.
მანანგის, მუსტანგის, მიაგდისა და ბაგლუნგის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრ ბირაჯ ბჰაქტა შრესთას ცნობით, მდინარე რაჰუგანგას ადიდებამ 40-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა და გადამცემი ანძები დააზიანა.
კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანოს წარმომადგენელ შანტი მაჰატის განცხადებით, გასულ თვეს დაზარალებულ რასუვასა და ნუვაკოტის რაიონებში სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე ისინი მაღალი რისკის ზონებად არ ითვლებიან.