ავტორი:

ემიგრაციიდან მწყემსობამდე - როგორ აქცია 38 წლის გიორგი ნაროზაულმა პირიქითა ხევსურეთში საკუთარი ოცნება რეალობად

ემიგრაციიდან მწყემსობამდე - როგორ აქცია 38 წლის გიორგი ნაროზაულმა პირიქითა ხევსურეთში საკუთარი ოცნება რეალობად

მთისა და ბარის ზღვარზე, იქ, სადაც ბუნების სიმკაცრე და ადამიანის ნებისყოფა ერთმანეთს ეჯახება, ხშირად იბადება გამორჩეული ისტორიები. ბარში სიმშვიდესა და კომფორტზე უარის თქმა, საზღვარგარეთ გატარებული წლების შემდეგ წინაპართა მიწაზე დაბრუნება და ნულიდან დიდი მეურნეობის წამოწყება იოლი გამოწვევა არ არის. თუმცა, სწორედ ასეთი გზა აირჩია კაცმა, რომელმაც საკუთარი თავდადებული შრომით ოცნება რეალობად აქცია.

“გიორგი ნაროზაული, არხოტის ხეობელი მწყემსი სოფელ ახიელიდან“, - ასე გაგვეცნო ჩვენი რესპონდენტი. იგი იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც გაბედეს, არ შეუშინდნენ უამრავ დაბრკოლებას და საკუთარ ფესვებს დაუბრუნდნენ.

  • ფესვები, ემიგრაცია და არხოტის მონატრება

გიორგის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც იგი ევროპაში საქმიანობდა, თუმცა სამშობლოსა და მთის სიყვარულმა საბოლოოდ თავისი გაიტანა.

“ხანგრძლივად მომიწია გერმანიასა და საბერძნეთში ცხოვრება, ხან იქით ვიყავი, ხან აქეთ. გერმანიიდან რომ ჩამოვედი, საქონელი ვიყიდე და აქეთ წამოვედი. მერე ზამთრის გატარებაც აქ მომიწია. ახლა საქონლით ვმომთაბარეობ. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე აქა ვარ და მერე სოფელ გამარჯვებაში მივდივარ. შვილების სკოლისა და განათლების გამო მაინც მიწევს ბარში ჩასვლა.“

სოფელი ახიელი, სადაც გიორგი საქმიანობს, არხოტის ხეობაში, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს. თუმცა იგი ზოგად ხევსურეთს ცოტათი გამოეყოფა:

“სოფელი ახიელი არხოტის ხეობაშია, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. მთლიანობაში ხევსურეთად მოიხსენიება, მაგრამ არხოტი ცოტა განსხვავებულია - პირიქითა ხევსურეთს ეკუთვნის. ჩვენ მაინც სხვა ხალხი ვართ, რადგან სხვა მხარეა. აი, რაჭველები რომ ამბობენ, რაჭველები კი არა, ღებელები ვართო, ეგეთი ამბავია. ბოლო აღრიცხვით ბარში გადასახლებამდე აქ 120 კომლი ცხოვრობდა. ჩვენები თითქმის სულ აქ იყვნენ. მხოლოდ ერთხანს მოუწია ჩემს პაპას ბარისახოში ყოფნა - მასწავლებლად იყო. მერე ყაზბეგშიც წავიდა მასწავლებლად. თუმცა ძირითადად აქედან არ წასულა. იმის გამო, რომ მამაჩემი და ბიძაჩემები წავიდნენ ამ სოფლიდან, აქაურობისგან ჩვენი ოჯახი ცოტა შორს იყო. მე ბოლოს მაინც არხოტში წამოსვლა მოვინდომე.“

  • მკაცრ ბუნებაში დაბრუნებისა და ფიზიკური შრომის არჩევაში უდიდესი როლი გენეტიკამ და ბავშვობის მოგონებებმა ითამაშა.

“გენეტიკა თავისას შვრება - საქონელი ოჯახში ყოველთვის გვყავდა. არხოტთანაც ბავშვობიდან დიდი კავშირი მქონდა, ზაფხულობით აქ ვისვენებდით. მამაჩემს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახური ბარში ჰქონდა, ზაფხულობით მაინც ამოვყავდით. საბერძნეთიდან რომ ჩამოვედი, ვცდილობდი მესაქონლეობა ამეწყო, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა. მერე ფინანსური მდგომარეობის გამო გერმანიაში მომიწია წასვლა. იქ საქართველო მენატრებოდა და ამას დაერთო არხოტის მონატრებაც - ეს სიყვარული უფრო გამძაფრდა. მოკლედ, იქიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. გერმანიიდან ჩამოსულს რაღაც “კაპიკები“ გადადებული მქონდა, იმით საქონელი ვიყიდე და იმ ზამთარსვე აქ წამოვედი. თანაც ისე, რომ ეს საქმე საფუძვლიანად არ ვიცოდი.“

  • ნულიდან დაწყებული საქმე: ქოხიდან ტურისტულ კოტეჯებამდე

თავდაპირველად არხოტში საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი შეიცვალა.

“ჩემი სახლი არ მქონია, მამიდასთან ვცხოვრობდი. სახლი ბიძაჩემებსაც აქვთ - გარშემო ორი ბიძა, ბიძაშვილი და მამიდა ცხოვრობენ. ერთ წელიწადს ასე მომიწია ყოფნა. ეზოში “ჟეშტით“ პატარა ქოხივით გავაკეთეთ მწყემსურად და იქ ვიყავით. მერე გაჩნდა იდეა, ტურიზმის კუთხით გავაქტიურებულიყავით. “აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში პროექტი დავწერეთ, დაგვაფინანსეს და ავაშენეთ სახლი და კოტეჯები. ეს უკვე შემოსავლის წყაროც არის და თან ჩვენც ვცხოვრობთ.“

დღესდღეობით ახიელში რეალობა ასეთია:

“ახლა აქ დაახლოებით ექვსი კომლია. გაზაფხულზე, აღდგომის პერიოდში, ხნიერი კაცი გარდაიცვალა - შიო ოჩიაური, რომელიც ზამთარშიც აქ ცხოვრობდა და სალოცავში ხუცობდა... არიან დაცული ტერიტორიების რეინჯერებიც - ყოველთვე ერთმანეთს ეცვლებიან და ორი-სამი კაცი სულ არის. რაც შეეხება გზას, მთელ ხევსურეთში საუკეთესო გზაა! ყველანაირი მანქანა ამოდის.“

  • მესაქონლეობა, საგრანტო პროექტები და წარმოება

საწყისი კაპიტალით გიორგიმ პირველი ნაბიჯები გადადგა, რასაც შემდგომში გაფართოება მოჰყვა.

“თავიდან 17 სული ვიყიდე - სულ 20.000 ლარამდე მქონდა. მიზნად რომ მქონდა დასახული აქ წამოსვლა და ამ საქმის მიხედვა, იმ 17 სულით დავიწყე, მერე 50-მდეც ავედი. შემდეგ მიზეზთა გამო რამდენიმე გამომაკლდა.“

დიდ მეურნეობასთან გამკლავებაში ოჯახს საგრანტო მხარდაჭერა დაეხმარა, რამაც ხელით შრომა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა.

“საზღვარგარეთიდან დაბრუნებულებისთვის იყო საგრანტო პროგრამა. ჩემმა მეუღლე იამ, სანამ არხოტში ვიყავი, განაცხადი შეავსო. დაგვიფინანსეს საწველი აპარატი. არადა, პირველ წელიწადს ხელით ვწველიდი - არც წველა ვიცოდი, არც ყველის ამოყვანა. ახლა აპარატი ძალიან მეხმარება.“

პროდუქციის რეალიზაციასა და ჯიშების შერჩევაზე საუბრისას გიორგი აღნიშნავს:

“ყველს გუდებში ვაკეთებთ, გროვდება, ლაგდება გუდებში და ძველდება. ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩაგვაქვს ბარში და იქ რეალიზაციის პრობლემა აღარაა. ორივე მიმართულება მაქვს, მერძეულიც და მეხორცულიც. ჯიშიც ასეთია - ადგილობრივი შვიცები. ხორცისთვის რომელსაც ვიყენებთ, მას ერთ-ორ წლამდე ვზრდით და ვკლავთ, ხოლო საუკეთესო მეწველ ძროხებს ვწველით და ვამრავლებთ.“

  • ფერმერის დღის რეჟიმი და ბარში გარდამავალი პერიოდი

არხოტში ფერმერის დღე ადრიანად, დატვირთულად და მრავალფეროვნად იწყება.

“დილით 5 საათზე ვდგები, მეწველი ძროხებს და გავუშვებ მინდორში. მწყემსვა და დევნა არ სჭირდება, თუმცა თვალყურს ვადევნებ, რომ ნადირი არ დაესხას, ან სადმე არ გადავარდეს. მერე სახლისა და სტუმრისთვის 5-10 სული ცხვარიც მყავს, იმას გავუშვებ და ყველის ამოყვანას ვიწყებ. ამას ემატება ოჯახის საქმეები, მშენებლობა, შეშის მომზადება, სტუმრების მიღება... საღამოს ისევ მოვა საქონელი, მოიწველება. საღამოს რძეს ვინახავთ და დილით ამოგვყავს ყველი.“

შემოდგომის მიწურულს კი იწყება ურთულესი პროცესი - საქონლის ბარში ჩარეკვა.

“შარშან, მაგალითად, ოქტომბრის ბოლოს წამოვედით, მაგრამ უღელტეხილზე თოვლმა ჩაგვკეტა და ტრაქტორებმა გაგვიწმინდეს გზა. მთაში ამინდი უცებ იცვლება... როცა საქონელი მომყავს, 33 კილომეტრი მიწევს ფეხით სიარული საქონელთან, ცხენებსა და ძაღლებთან ერთად. ადრე ყველიც ასე გადაჰქონდათ, მაგრამ ახლა სამანქანო გზა გვაქვს და პროდუქტი მანქანებით ჩაგვაქვს, საქონელს კი ფეხით მივრეკავთ. გადავდივართ სოფელ როშკაში, იქ ერთ დღეს ვასვენებთ, მეორე დღეს ჩავდივართ ბარისახო-კორშაში და იქიდან ტრაილერებით სოფელ გამარჯვებაში მიგვყავს.“

  • ტურიზმი, ოჯახი და სამომავლო გეგმები

მეურნეობის პარალელურად, გიორგის ოჯახი აქტიურად მასპინძლობს უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს.

“სტუმრებს ვთავაზობთ ღამის გასათევსა და ჩვენს ბიოპროდუქტებს: ხორცს, ყველს, ხინკალს, ხაჭაპურს, ხორციან ხაჭაპურს (კეცეული). ჩამოდიან შვეიცარიიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამჟამად ორი კოტეჯი მაქვს (რვა კაცი ეტევა), კაფე-რესტორნის სივრცეში კი 30-40 კაცის მიღება შეგვიძლია.“

ამ წლებში მიღებული გამოცდილება გიორგისთვის უდიდესი შინაგანი ძალის წყარო გახდა:

“მეტი დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა და საქმის სიყვარული შემმატა ამ საქმემ. თავიდან ძნელი იყო - ის 17 სული ბარში მყავდა ნაყიდი, აქაურობას შეუჩვეველი იყვნენ და ოთხი სული დავკარგე. ამას ცოტა ნერვიულობა მოჰყვა, მაგრამ არ დავნებდი. დღეს იმ საქონლის წყალობით შეიქმნა ეს ყველაფერი. ჩემი ოცნება იყო საკუთარი სახლი მქონოდა და ეს ოცნება 38 წლის ასაკში ავიხდინე.“

წარმატებული საქმის უკან ყოველთვის დგას საიმედო პარტნიორი. გიორგი განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს მეუღლეზე, ია არევაძეზე:

“მეუღლე, ია არევაძე, გვერდით მიდგას. ვხუმრობ ხოლმე, ია დირექტორია, მე - მწყემსი-მეთქი. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს... ბარში ჩასვლისას ყველაზე დამღლელი პერიოდი იწყება, რადგან იქ საქონელს ასე თავისუფლად ვერ გაუშვებ - მწყემსვა სჭირდება. დილის 5 საათზე ვდგები, წველას, ბოსლის დასუფთავებას ორი საათი მიაქვს, მერე მინდორში წვიმასა თუ ქარში საქონელთან ერთად ვარ. ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე გამარჯვებაში ვართ. ნელ-ნელა მინდა ისეთი პირობები შევქმნა, რომ ზამთარშიც აქეთ, არხოტში ვიყო.“

რაც შეეხება მომავალს, გიორგი ნაროზაულს მკაფიო მიზნები აქვს დასახული:

“გეგმა საქონლის გაზრდა და მეურნეობის გაფართოებაა. რაც მეტი საქონელია, მით უფრო მყარად ხარ და შემოსავალიც მეტია. შრომა არ მეზარება.“

გიორგის ისტორია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და მშობლიური კუთხის სიყვარულით უარი თქვა უცხოეთში თუ ბარში კომფორტზე და საკუთარი ხელით შექმნა მომავალი იქ, სადაც შენი ფესვებია.