ავტორი:

რატომ სჭირდება ჩვენს სხეულს ცხიმი და რატომ არის მისი უკიდურესად შემცირება სახიფათო?

რატომ სჭირდება ჩვენს სხეულს ცხიმი და რატომ არის მისი უკიდურესად შემცირება სახიფათო?

წლების განმავლობაში დიეტების კულტურა და სოციალური ქსელები გვარწმუნებდნენ, რომ სხეულის ცხიმი მაქსიმალურად უნდა მოვიშოროთ. თუმცა, წონის დაკლების ახალი პრეპარატებისა და “ზედმეტად გამხდარი“ სხეულის ტრენდის ფონზე, ექსპერტები გვაფრთხილებენ: სხეულის ცხიმის დეფიციტი ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე მისი ჭარბი რაოდენობა.

  • ცხიმის ბიოლოგიური დანიშნულება და ჰორმონალური ფუნქცია

დიეტური ცხიმებისგან განსხვავებით, რომელთაც საკვებთან ერთად ვიღებთ, სხეულის ცხიმი ორგანიზმის მიერ ენერგიის შენახვის ბუნებრივი საშუალებაა. თუმცა, იგი მხოლოდ ენერგიის პასიური რეზერვი როდია - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხეულის ცხიმი აქტიური ორგანოა, რომელიც ორგანიზმის მრავალ ფუნქციას არეგულირებს.

შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის პროფესორ მიკაელ რუდენის განმარტებით, სხეულის ცხიმი სპეციალიზებული “საცავია“, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის დაგროვებას უხვად კვებისას და მის გამოყოფას საჭიროებისამებრ, რაც ჩვენს წინაპრებს საკვების დეფიციტის დროს გადარჩენაში ეხმარებოდა.

გარდა ამისა, ცხიმოვანი უჯრედები გამოსცემენ მნიშვნელოვან ჰორმონებს, მათ შორის ლეპტინს. მიჩიგანის უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიისა და მედიცინის პროფესორი ელიფ ორალი აღნიშნავს, რომ ლეპტინი ტვინს აწვდის სიგნალს ენერგიის საკმარისი მარაგის შესახებ. ამ დროს ტვინი “მშვიდდება“ და საშუალებას აძლევს ორგანიზმს, ფოკუსირება მოახდინოს ისეთ სასიცოცხლო პროცესებზე, როგორებიცაა რეპროდუქცია და ინფექციებთან ბრძოლა. ლეპტინის ნაკლებობისას კი ტვინი იწყებს შფოთვას ენერგიის დეფიციტზე და პრიორიტეტს აცლის ამ ფუნქციებს.

ცხიმი ასევე აუცილებელია სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად: თეთრი ცხიმი უზრუნველყოფს თბოიზოლაციას, ხოლო ყავისფერი და ბეჟი ცხიმი ენერგიას წვავს სითბოს წარმოქმნისთვის.

  • რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ცხიმი ძალიან ცოტაა?

სხეულის ცხიმის კრიტიკულ ზღვრამდე შემცირება სერიოზულ დარღვევებს იწვევს. როდესაც ორგანიზმში ცხიმის დონე მკვეთრად ეცემა, იგი გადადის “შიმშილის რეჟიმში“, იზღუდება იმუნური სისტემის ფუნქციონირება, იწყება კუნთოვანი ქსოვილის დაშლა და ირღვევა ძვლების აღდგენის პროცესი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეტაბოლური მედიცინის პროფესორ ფრედრიკ კარპეს თქმით, ეს იწვევს ძვლების სიმტკიცის დაქვეითებას და მოტეხილობების რისკის ზრდას. გარდა ამისა, მამაკაცებში, რომლებიც მკაცრი შეზღუდვების გამო ცხიმის დაბალ მაჩვენებელს აღწევენ, ეცემა ტესტოსტერონის დონე და ფიზიკური შრომისუნარიანობა, ხოლო ქალ სპორტსმენებში ხშირად ირღვევა ან სრულიად წყდება მენსტრუალური ციკლი.

საინტერესოა, რომ საშუალო და ხანდაზმულ ასაკში სხეულის მცირე ჭარბი წონა ხშირად ზრდის გადარჩენის შანსებს მძიმე დაავადებების დროს.

  • რამდენი ცხიმია ოპტიმალური და რატომ არის მუცლის ცხიმი საშიში?

ექსპერტების განმარტებით, სხეულის ცხიმის უნივერსალური იდეალური პროცენტი არ არსებობს - ეს დამოკიდებულია ინდივიდზე, სქესზე, ასაკსა და ეთნიკურ კუთვნილებაზე. თუმცა, ზოგადი სახელმძღვანელოს მიხედვით:

  1. ჯანმრთელ ზრდასრულ მამაკაცებში ცხიმის შემცველობა შეადგენს დაახლოებით 10–20%-ს.
  2. ჯანმრთელ ზრდასრულ ქალებში 20-29%-ს.
  3. 30%-ზე მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს სიმსუქნეზე.

გარდა რაოდენობისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად არის განთავსებული ცხიმი. განსაკუთრებით საშიშია ვისცერალური (მუცლის) ცხიმი, რომელიც შინაგან ორგანოებს ახვევია. კანქვეშა ცხიმისგან განსხვავებით, ვისცერალური ცხიმი გამოყოფს ანთებით ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ზრდის არტერიულ წნევას, იწვევს ინსულინრეზისტენტობას და მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.

  • როგორ განვსაზღვროთ ცხიმის დონე?

პრაქტიკაში, ჯანმრთელობის შესაფასებლად ყველაზე მარტივი და ეფექტურია წელისა და სიმაღლის ფარდობა (ჯანსაღი ნორმაა 0.4–0.49) და წელისა და თეძოს გარშემოწერილობის ფარდობა (0.90-ზე მაღალი მამაკაცებში და 0.85-ზე მაღალი ქალებში მეტაბოლური რისკის მაჩვენებელია). ხოლო BMI (სხეულის მასის ინდექსი) არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, რადგან ვერ ასხვავებს კუნთოვან მასას ცხიმისგან.

ასაკის მატებასთან ერთად ცხიმის წილი ბუნებრივად იზრდება, ხოლო კუნთოვანი და ძვლოვანი მასა მცირდება. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ სწორ კვებას, ძალისმიერ ვარჯიშებს და იმის გააზრებას, რომ ცხიმი ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წყარო