ონტარიოს ერთ-ერთი ავტომაგისტრალი რამდენიმე საათით გადაიკეტა, ამის მიზეზი კი გზის სანიაღვრე ჭაში გაჭედილი უიღბლო ენოტი გახდა. მაგისტრალზე მოძრავმა მძღოლებმა გისოსებიდან გამოყოფილი ფუმფულა თავი შეამჩნიეს, ცხოველი დახმარების იმედით გარეთ პატარა თათს იწვდიდა.

ემოციურ ფოტოებზე ჩანს, როგორ ებღაუჭება ენოტი პატარა ბრჭყალებით ლითონის ბადეს, მის თვალებში კი სასოწარკვეთა იკითხება. ჭაში ცხოველის მთელი სხეული იყო გაჭედილი, გარეთ მხოლოდ თავი უჩანდა.
გულშემატკივრებმა ონტარიოს პოლიციას შეატყობინეს, რამაც “როკის“ სახელით მონათლული ენოტის სამაშველო ოპერაციას დაუდო საფუძველი.

სამართალდამცველები ცნობისმოყვარე ცხოველის დასახმარებლად 403-ე და 407-ე მაგისტრალების დამაკავშირებელ მონაკვეთზე მივიდნენ. პატარა არსების უსაფრთხოდ ამოსაყვანად სატრანსპორტო მოძრაობის მთელი ზოლი ჩაიკეტა.
პოლიციის ცნობით სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, როკი “შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“. მათ ასევე დასძინეს, რომ ენოტი, როგორც ჩანს, ინციდენტს სრულიად უვნებელი გადაურჩა.
ენოტები თავიანთი ურცხვი და დაუოკებელი მადით არიან ცნობილი, რის გამოც ხშირად სახიფათო სიტუაციაში ვარდებიან.