ავტორი:

ჩინეთის მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა სი ძინპინს ამერიკული იარაღის შესყიდვა შესთავაზა - “ერთ-ერთი შეხვედრისას პირდაპირ ჰკითხა, სურდა თუ არა შეიარაღების ყიდვა“

ჩინეთის მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა სი ძინპინს ამერიკული  იარაღის შესყიდვა შესთავაზა - “ერთ-ერთი შეხვედრისას პირდაპირ ჰკითხა, სურდა თუ არა შეიარაღების ყიდვა“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვით გამოწვეული უკმაყოფილების საპასუხოდ, პეკინს ამერიკული სამხედრო შეიარაღების შეძენა შესთავაზა. ამის შესახებ გასულ კვირას, ჩინეთში აშშ-ის ელჩმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჩინეთი ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, ხოლო თვითმმართველი კუნძულისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება ვაშინგტონსა და პეკინს შორის დიდი ხანია დავის საგანს წარმოადგენს. ამასთან, 1979 წლის მიღებული“ტაივანთან ურთიერთობის აქტის“ თანახმად, აშშ კანონითაა ვალდებული, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტისა და პარლამენტის მქონე ტაივანი თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებით უზრუნველყოს.

  • ჩინეთში აშშ-ის ელჩის, დევიდ პერდიუს თქმით, ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა გასულ კვირას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის ამერიკაში ვიზიტის დროს.

“პრეზიდენტი ტრამპი ხშირად ამბობს: ჩვენ იარაღს მთელ მსოფლიოში ვყიდით. ერთ-ერთი შეხვედრისას მან თავმჯდომარე სის პირდაპირ ჰკითხა, სურდა თუ არა შეიარაღების ყიდვა“, - აღნიშნა პერდიუმ.

მისივე თქმით, სამხედრო მიწოდებებთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება და ტრამპი და სი ძინპინი ამ თემას ყოველი შეხვედრისას განიხილავენ, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უცვლელი რჩება.

ივნისში ჩინეთმა ტაივანი გააფრთხილა, რომ “აშშ-ზე დაყრდნობით ან სამხედრო გზით დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობა ჩიხს წარმოადგენს“.

ამავდროულად ვაშინგტონმა ჯერ კიდევ დეკემბერში დაამტკიცა ტაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა. პერდიუს განცხადებით, ეს ტაივანისთვის იარაღის ყველაზე მსხვილი მიწოდებაა 1979 წლის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით ვაშინგტონში ვიზიტისას სი ძინპინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ტრამპს, გამოეჩინა “სიფრთხილე“ ტაივანის საკითხში და მოსთხოვა აშშ-ს, ღიად დააფიქსიროს ტაივანის დამოუკიდებლობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.

წყარო