ავტორი:

“რობოტებისა და AI-ის სინთეზი უზრუნველყოფს ყველაფერს: სახლების მშენებლობას, საკვების მოყვანასა და ა.შ“ - ბილ გეიტსის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ორ ეტაპად განვითარდება და “სიუხვის ეპოქამდე“ მიგვიყვანს

“რობოტებისა და AI-ის სინთეზი უზრუნველყოფს ყველაფერს: სახლების მშენებლობას, საკვების მოყვანასა და ა.შ“ - ბილ გეიტსის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ორ ეტაპად განვითარდება და “სიუხვის ეპოქამდე“ მიგვიყვანს

ბილ გეიტსის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში “გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს“, თუმცა ამისათვის კაცობრიობას ორი ათწლეულის მოცდა დასჭირდება.

NBC-ის გადაცემა “Meet the Press“ - ში ინტერვიუს დროს მილიარდერმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ AI ორ ეტაპად განვითარდება. წამყვან კრისტენ ველკერთან საუბრისას მან განმარტა, რომ კაცობრიობა ამჟამად პირველ ეტაპზე იმყოფება. ამ პერიოდში ხელოვნურ ინტელექტს უკვე გააჩნია პოტენციალი, გადაჭრას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ცხოვრების მაღალი ღირებულება და ძვირადღირებული ჯანდაცვა, თუმცა ჯერჯერობით ამის გაკეთება არ შეუძლია.

“სანამ ჯეროვანი უსაფრთხოების ზომები არ გვექნება, AI შრომის ბაზარს შეცვლის და შესაძლოა კრიმინალიც კი გააძლიეროს, ასე რომ, წინ დაახლოებით 20-წლიანი ადაპტაციის პერიოდი გველოდება,“ - განაცხადა გეიტსმა.

  • მისი თქმით, მეორე ეტაპი სწორედ ის პერიოდია, როდესაც კაცობრიობა ხელოვნური ინტელექტის სიკეთეებით დაიწყებს სარგებლობას

“ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ, ჰუმანოიდი რობოტებისა და AI-ის სინთეზი უზრუნველყოფს ყველაფერს, სახლების მშენებლობას, საკვების მოყვანასა და ბევრ სხვა რამეს. ამას შეგიძლიათ სიუხვის ეპოქა უწოდოთ“, - აღნიშნა გეიტსმა

მან ასევე დასძინა, რომ კაცობრიობა მაინც წააწყდება გარკვეულ გამოწვევებს, მაგალითად, ცხოვრების აზრის პოვნისა და გამოთავისუფლებული თავისუფალი დროის სწორად განაწილებას პრობლემას, თუმცა მასშტაბური დეფიციტი და რესურსების ნაკლებობა აღარ შეგვაფერხებს.

  • “ახალგაზრდა თაობამ თავად უნდა განსაზღვროს, როგორ იცხოვრებს ამ რეალობაში. ჩემი მთავარი საზრუნავი კი ისაა, რომ ეს გარდამავალი, ტურბულენტური პერიოდი დიდი დანაკარგების გარეშე გადავიტანოთ“, - განაცხადა გეიტსმა.

ტექნოლოგიური ლიდერები ხელოვნურ ინტელექტს მომავლის მთავარ ფრონტად და კაცობრიობის განვითარების აუცილებელ საფეხურად განიხილავენ. მათი თქმით, AI ხელს შეუწყობს გარღვევებს მედიცინაში, გაზრდის პროდუქტიულობას, გამოაცოცხლებს ეკონომიკას, ხელმისაწვდომს გახდის პირველადი მოხმარების საგნებს და იკისრებს რუტინულ დავალებებს, რაც ადამიანებს მეტ თავისუფალ დროს მისცემს.

კრიტიკოსები კი, თავის მხრივ, გამოთქვამენ წუხილს, რომ AI სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს, გაუარესებს გარემოს მდგომარეობას, გადატვირთავს ენერგოსისტემებს და შექმნის საავტორო უფლებების დარღვევის რისკებს. გარდა ამისა, ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონფიდენციალურობისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემებზე, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო კვირებში მომხდარი AI-თან დაკავშირებული ჰაკერული თავდასხმების ფონზე.

წყარო