ავტორი:

ამოუხსნელი საიდუმლო - რას გვიყვება ზოგადი ანესთეზია ჩვენი ტვინისა და ცნობიერების შესახებ?

ამოუხსნელი საიდუმლო - რას გვიყვება ზოგადი ანესთეზია ჩვენი ტვინისა და ცნობიერების შესახებ?

350 მილიონზე მეტი ოპერაცია ტარდება ყოველწლიურად ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, თუმცა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელია, თუ როგორ თიშავენ ეს მედიკამენტები ადამიანის ცნობიერებას. ახალი კვლევები ტვინის ფუნდამენტურ მუშაობაზე აშუქებენ სინათლეს და ცნობიერების წარმოშობის საიდუმლოებამდე მივყავართ.

  • რუმის ყლუპიდან “უნივერსალურ ძილამდე“ - რევოლუცია მედიცინაში

1797 წელს ბრიტანელ საზღვაო სარდალს, ადმირალ ჰორაციო ნელსონს მარჯვენა მკლავის ამპუტაცია ჩაუტარდა. ლეგენდის თანახმად, ერთადერთი ტკივილგამაყუჩებელი, რაც მას შესთავაზეს, რუმის ყლუპი იყო. კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, კიდურების ამპუტაციაც კი სრულიად ფხიზელ პაციენტებზე ტარდებოდა.

1846 წელს ზოგადი ანესთეზიის დანერგვამ სამედიცინო სამყარო სრულიად შეცვალა - ცნობიერების დროებით გათიშვა ნებისმიერ დროსა და ადგილას გახდა შესაძლებელი. დღეს მსოფლიოში ყოველწლიურად 350 მილიონზე მეტი ქირურგიული ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.

არსებობს ანესთეტიკების რამდენიმე კატეგორია: ზოგიერთი პირდაპირ ბლოკავს ტკივილს, ზოგი იწვევს მოდუნებასა და ძილიანობას, ხოლო ზოგადი ანესთეტიკები ცნობიერებას სრულად თიშავენ. ამ მდგომარეობის გამოსაწვევად გამოიყენება მრავალფეროვანი ნივთიერებები: დაწყებული ისეთი გაზით, როგორიცაა ქსენონი, დამთავრებული პროპოფოლით, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება.

  • როგორ თიშავს ანესთეზია ტვინს?

ქიმიური სტრუქტურის განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა ზოგადი ანესთეტიკი ერთსა და იმავე შედეგს აღწევს, ისინი აფერხებენ ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის კომუნიკაციას, რის შედეგადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ტვინის საერთო აქტივობის მკვეთრ შემცირებას აჩვენებს. თუმცა, ზუსტად როგორ იწვევს ეს პაციენტის დაძინებას, ჯერ კიდევ უცნობია.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის ბიოფიზიკისა და ანესთეზიოლოგიის პროფესორ ნიკ ფრანქსის თქმით, გაურკვეველია, საჭიროებს თუ არა ცნობიერების დაკარგვა მთელი ტვინის სრულ გათიშვას, თუ ზოგიერთი რეგიონი უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ტვინის სკანირება აჩვენებს, რომ გარკვეული ზონები უფრო მგრძნობიარეა და პირველები ითიშებიან.

ერთ-ერთი ასეთი ცენტრია თალამუსი - ტვინის სიღრმეში მდებარე კვერცხისებრი სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა რეგიონებს შორის ცენტრალური ჰაბის ფუნქციას ასრულებს. თალამუსი პირველი ითიშება ანესთეტიკის შეყვანისას და იგი გადამწყვეტ როლს თამაშობს ძილის დაწყებასა და შენარჩუნებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ დაძინებული ცხოველის თალამუსის გარკვეული ნაწილის სტიმულირებით მისი გაღვიძება შესაძლებელია, ხოლო კომაში მყოფი ზოგიერთი პაციენტიც სწორედ თალამუსის სტიმულაციით გამოფხიზლდა.

სხვა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ “ცნობიერების მთავარი სახლი“ ტვინის ქერქია (cerebral cortex), სადაც ანესთეტიკები ძირითად ეფექტს ახდენენ, თუმცა პროცესში ჩართულია შუბლისა და თხემის წილებიც.

  • ცნობიერების “მესამე მდგომარეობა“

გამოვლენილი ახალი ცნობების თანახმად, ჩვენს ტვინს შეუძლია იმყოფებოდეს შუალედურ - “მესამე მდგომარეობაში“, რომელიც არც ძილია და არც სიფხიზლე.

ადამიანების უმეტესობისთვის ანესთეზია ცნობიერებისა და მეხსიერების სრულ დაკარგვას ნიშნავს, თუმცა ყოველი 15 000 პაციენტიდან ერთს ოპერაციის დროს მომხდარი დეტალები ახსოვს. ამ ფენომენს “შემთხვევით ცნობიერებას“ (accidental awareness) უწოდებენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგ-კონსულტანტ ჯაიდიპ პანდიტის განცხადებით, ეს ადამიანები სწორედ ცნობიერების “მესამე მდგომარეობას“ განიცდიან.

წყარო