New York Times-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან მაკკინსი კალიფორნიაში, ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

შემთხვევა შაბათს, დაახლოებით 15:00 საათზე, Dublin Sports Grounds-ის ავტოსადგომზე მოხდა. პოლიციამ მაკკინსი მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობით იპოვა. ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ორივე ეჭვმიტანილი პოლიციამ მალევე დააკავა.


მკვლელობის ზუსტი მოტივი პოლიციას ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დაუსახელებია. თუმცა, სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მაკკინსსა და მის მეუღლეს, კენდის ჯანგს, ბოლო პერიოდში რთული ოჯახური და სამართლებრივი დავა ჰქონდათ.
მაკკინსი ტრანსგენდერი მამაკაცი იყო. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, მან ტრანზიცია 2010 წელს დაიწყო. სწორედ მისი გენდერული იდენტობა გახდა ოჯახური დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი, რომლის შესახებაც მან მოგვიანებით სასამართლოს მიმართა.
მის მიერ შეტანილ სასამართლო დოკუმენტებში მაკკინსი ამტკიცებდა, რომ მეუღლის დედა, შილი ჩენი, მის მიმართ ანტილგბტქ+ შინაარსის შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდა. ასევე განაცხადა, რომ მეუღლის მამამ 2010 წელს, ორმაგი მასტექტომიის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში, მკერდის არეში დაარტყა.

ჯანგი ასევე ამტკიცებდა, რომ მაკკინსი მას და მის მშობლებს წარსულში მოკვლით დაემუქრა. ერთ-ერთ დოკუმენტში ის მეუღლის მიერ შვილებისთვის მიცემულ წიგნზეც საუბრობს, რომელიც დედის გარდაცვალებას ეხებოდა - წარსულში მიღებული მუქარების ფონზე, ეს ჟესტი მისთვის შემაშფოთებელი და საშიში აღმოჩნდა.
თავის მხრივ, მაკკინსსაც ჰქონდა სასამართლო დავა ბავშვებთან დაკავშირებულ საქმეზე. მას 2025 წელს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. საბოლოოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ მშობლებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კურსს გაივლიდა.