ავტორი:

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი - როდის ჩნდება ქართულ ისტორიულ წყაროებში დღეს აზერბაიჯანში მდებარე ეკლესია, როდის აშენდა და რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი სახელი?

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი - როდის ჩნდება ქართულ ისტორიულ წყაროებში დღეს აზერბაიჯანში მდებარე ეკლესია, როდის აშენდა და რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი სახელი?

18 სექტემბერს ფეისბუქგვერდმა - "საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა“ ეს ინფორმაცია გაავრცელა: "საინგილოში ისტორიულ ჰერეთში, ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველია ამოთხრილი. ასეთი ფაქტი აღმაშფოთებელია რადგან, საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს ეს პროცესი.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, რეაბილიტაციას არ შეეხება ეს საკითხი და საკმაოდ მძიმე დასანახია ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველებისთვის, საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო ხდება ის, რაც ხდება, ისედაც დაჩაგრული კუთხე, ისედაც დავიწყებული კუთხე, ახლა ეს მძიმე ფაქტი, მერამდენედ?! მერამდენედ უნდა მოგვასხან ლაფი?!

ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველებისთვის ერთ-ერთი წმინდა ადგილი ასეთ დღეში, გაუბედურებული როცა არის და ამ დროს რას ვაკეთებთ?“

  • 23 სექტემბერს ამავე ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მორიგ პოსტში ეწერა:

"ტაძრის გზაზე არსებული ბანერი გვეუბნება, რომ "შესვლა აკრძალულია, მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები“.

ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთდა სხვადასხვა განცხადება...

ambebi.ge ამჯერად ტაძრის შესახებ ისტორიული ცნობებით დაინტერესდა.

ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია - ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ისტორიულ ჰერეთში, დღევანდელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარე ქურმუხისწყლის ხეობაში (კახის რაიონი), რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, ნუხისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეზე. კანგარაკის მთის კლდოვან წვერზე. იგი საინგლოს ქართველობის მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია. ქურმუხის ეკლესიაში წირვა-ლოცვა არ ტარდება, იგი წელიწადში მხოლოდ ორჯერ (გიორგობის დღესასწაულებზე) იღება მომლოცველებისათვის და აღესრულება პარაკლისი.

  • ისტორია

თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ქურმუხის ეკლესიის აშენების, აღმშენებლის და დათარიღების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. დღევანდელი ეკლესია აშენდა ძველი დანგრეული ტაძრის ნაცვლად 1890-იან წლებში არქიმანდრიტ (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქის) ლეონიდეს ხელმძღვანელობით.

ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე. წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. აქ აღწერილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ექვთიმეს იურისდიქციაში არსებული სხვადასხვა ეპარქიაში მოგზაურობა, მათ შორის გიშ-ქურმუხის ეპარქიაშიც. აღნიშნული მოგზაურობის დროს პატრიარქმა ექვთიმემ მოინახულა გიშ-ქურმუხის ეპარქიის ეკლესიები და ქურმუხის მთავარეპისკოპოსს კირილე დონაურს ყველა ეკლესიისთვის სახარების გადაწერა დაავალა.

  • არქიტექტურა

ქურმუხის ტაძრის გეგმა წარმოადგენს ჩაწერილი ჯვრის ტიპს გარე კედლების სწორკუდხედში მოქცეული განვითარებული სამნაწილიანი საკურთხევლით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი აშენებულია კარგად გამომწვარი წითელი აგურისაგან, კირის დუღაბზე. კედლებში გამოყენებულია აგრეთვე ქვებიც. ფრონტონები და გუმბათის ყელი მთლიანად აგურისაა. ძირითადი სამშენებლო ერთეული კვადრატის მოხაზულობის თხელი აგურია.

"წყაროში მოხსენიებულია გიშ-ქურმუხის მთავარეპისკოპოსი, რაც ნიშნავს, რომ ქურმუხის ეკლესია ამ პერიოდშიც და შემდგომ საუკუნეებშიც ერთ-ერთი საეპისკოპოსო კათედრა იყო. ქურმუხის ტაძრის მახლობლად წყალგაყვანილობის ძველი სისტემის ნაშთები შეინიშნება. ეს მეტყველებს, რომ აქ მონასტერი იყო და ბერები ცხოვრობდნენ. წყალგაყვანილობის სისტემის მოშლა ქურმუხის ტაძრის, როგორც საეპისკოპოსო კათედრის და მონასტრის ფუნქციის დაკარგვამ გამოიწვია, რაც კახეთში შაჰ-აბასის 1614-1617 წლებში გამანადგურებელი შემოსევით და შემდგომ შეცვლილი პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული“, - ვკითხულობთ ინტერნეტგამოცემა karibche.ge-ზე 2015 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში.

ავტორი სტატიაში აღნიშნავს, რომ ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, ქურმუხის ეტიმოლოგია მუხის კულტთან არის დაკავშირებული:

"მუხის თაყვანისცემა ბევრგან იყო გავრცელებული. "მუხის ანგელოზი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღესაც იხსენიება, განსაკუთრებით კახეთში, ფშავ-ხევსურეთში, ქართლის ყრუ ადგილებში და ჯავახეთში, გარე კახეთში. ქურმუხის ეკლესიის ახლოს დღესაც დგას მუხის ხეები, რაც მიგვანიშნებს, რომ ქრისტიანობამდე ამ ადგილს საკულტო დანიშნულება ჰქონდა და მუხას სცემდნენ თაყვანს. როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მუხის საკულტო ადგილზე ყველგან ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები შენდებოდა. ქურმუხის ეკლესიის აშენებაც ამ მოვლენასთან არის დაკავშირებული. ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას მოწმობს ის, რომ ტაძარი ჯერ ღვთისმშობლის, შემდგომში კი წმინდა გიორგის სახელობის იყო. ქურმუხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მუხის ტყე და ადგილობრივი ქართველების ხალხურ მეხსიერებაში ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის შესახებ შემორჩენილი ლეგენდა-თქმულებებიც ამაზე მეტყველებს.

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ ცნობა შემონახულია VIII ს. ანონიმურ მატიანეში, რომელიც ჩართულია ჯუანშერის ქრონიკაში. ამ ცნობის თანახმად, ჰერეთის აღმოსავლეთი ნაწილი, შაქი ანუ შაკიხი VIII ს-ის შუა ხანებში ქართლის ხელისუფალთა ხელშია. აქ მოღვაწეობს ქართლის ერისმთავარი არჩილი. ანონიმური მატიანე წერს: "არჩილ დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი“. კასრის ეკლესიის ნანგრევები დღემდე შემორჩენილია კახის რაიონში, საყარაულოს მთაზე. მანვე "აღაშენა ციხე-ქალაქი ნუხპატს - ორთა წყალთა შუა“. მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობამდე გიშის საეპისკოპოსო კათედრა მხოლოდ გიშში იყო, როდესაც მონღოლებმა ეს მხარე დაიპყრეს და დასახლდნენ, "მთავარეპოსკოპოსთაც თავისი კათედრა გადმოუტანიათ სოფელ კაკში, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაზე, რის გამო ისინი იწოდებოდნენ ხან გიშელ-ქურმუხელ მთავარეპისკოპოსად, ხან ქურმუხელ-გიშელად“.

karibche.ge-ს ცნობით, დიდი ზეწოლისა და საფრთხის მიუხედავად, ადგილობრივი ქართველები ფარულად ყოველთვის ქრისტიანები იყვნენ. 1860 წელს "კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების“ წარმატებული მისიონერული მოღვაწეობის შედეგად ზაქათალის ოლქში, 1860–1863 წლებში მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე კვლავ მოქცეულთა რიცხვმა 20 ათასს მიაღწია. როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივი ქართველობა ფარულად ყოველთვის მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, ამ საზოგადოების აქტიურობამ მფარველობამ ხელი შეუწყო ღიად ეღიარებინათ მართლმადიდებლობა.

ზაქათალის ოლქში ამ საზოგადოებამ, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მხარდაჭერით აღადგინა და ააშენა რამდენიმე ეკლესია, რომელთა შორის ერთ-ერთი ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იყო. ამ ეკლესიის აღდგენა მკვიდრი ქართველების დიდი ხნის სურვილი იყო. ტაძრის აღსადგენად შეგროვილი თანხა - 600 მანეთზე მეტი და შემომწირველთა სია მღვდელ მიხეილ ყულოშვილთან ინახებოდა. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სამწუხაროდ, დაკარგულად ითვლება. ამ თანხის გარდა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ ტაძრის აღსადგენად 3000 მანეთი გამოყო. ეკლესიის აღდგენის პროექტი შეადგინა დასახელებული ორგანიზაციის არქიტექტორმა ბილფელდმა. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია ქურმუხის ეკლესიის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ტაძრის აღდგენით სამუშაოებზე კონტროლი საზოგადოების ინსპექტორს, მისიონერ ლეონიდე ოქროპირიძეს დაევალა. ეკლესიის მშენებლობა 1891 წელს დაიწყო და 1894 წელს დასრულდა.

ადგილობრივი ქართველების მეხსიერებაში ქურმუხის ეკლესიასთან დაკავშირებული = რამდენიმე ლეგენდა-თქმულება შემონახულა.

გადმოცემის თანახმად, წელიწადში ერთხელ, აღდგომა დღეს, მარიამ-დედა (ღვთისმშობელს ასე მიმართავენ საინგილოში) აღებს ხოლმე ტაძრის ქვეშ, გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამავე დროს გამოფრინდება ხოლმე შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს დაიწყებს, ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები. ერთხელ, როცა ჩვეულებისამებრ გამოვიდა მარიამ დედა და ნაწნავების ვარცხნა დაიწყო, თათარი მიეპარა და დაჭერა მოუნდომა, მაგრამ ხელი მაშინვე გაუშეშდა. ღვთისმშობელი კი სასწრაფოდ შევიდა გამოქვაბულში და კარები დაიხშო. თათარი შეევედრა ღვთისმშობელს და წმინდა გიორგის, განიკურნა და ქრისტიანობა მიიღო.

ერთ ურწმუნო ვაჭარს თავისი ქარავნით ქურმუხის ეკლესიისაკენ გამოუვლია და ტაძრისთვის შესაბამისი პატივი არ მიუგია. რის გამოც წმინდა გიორგის ისიც და მისი აქლემების ქარავანიც გაუქვავებია...

იხილეთ ასევე: