ტენესის შტატში 200 წელზე მეტი ხნის შემდეგ ქალის სიკვდილით დასჯა იგეგმება. 50 წლის კრისტა პაიკის სასიკვდილო განაჩენის აღსრულება 30 სექტემბერს, სასიკვდილო ინიექციით არის დაგეგმილი. თუ განაჩენი შესრულდება, იგი ტენესიში 1819 წლის შემდეგ პირველი ქალი იქნება, რომელსაც სიკვდილით დასჯიან.

პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს, 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის მიუსაჯეს. განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე მან NBC News-ს წერილი გაუგზავნა, რომელშიც განაცხადა, რომ სიკვდილის არ ეშინია და "მშვიდად“ არის. მისი თქმით, ყველაზე მეტად თავად სიკვდილით დასჯის პროცესი აშფოთებს.
"მიუხედავად იმისა, შემიწყალებენ თუ არა, მშვიდად ვარ. სიკვდილის არ მეშინია. მხოლოდ პროცესის გამო ვნერვიულობ“, - წერს პაიკი.

პაიკი 18 წლის იყო, როდესაც 1995 წლის 12 იანვარს ტენესის უნივერსიტეტის, ნოქსვილის კამპუსთან ახლოს, 19 წლის კოლინ სლემერი მოკლა. სასამართლოს მასალების მიხედვით, პაიკმა სლემერი იზოლირებულ ადგილას შეიტყუა და თავს დაესხა. დანაშაულში პაიკის იმჟამინდელი შეყვარებული, ტადარილ შიპიც მონაწილეობდა, რომელიც იმ დროს 17 წლის იყო.

გამოძიების მიხედვით, პაიკმა სლემერს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემდეგ ასფალტის ნატეხით სცემა. შიპმა კი ახალგაზრდა ქალის სხეულზე პენტაგრამა ამოკვეთა. მკვლელობის განსაკუთრებულმა სისასტიკემ და ოკულტურმა სიმბოლომ საქმე 1990-იანი წლების ე.წ. სატანური პანიკის პერიოდში განსაკუთრებით გახმაურებულად აქცია.
"მე ვიღაცის შვილს, დას, მეგობარს სიცოცხლე წავართვი. ახლა გულისამრევია იმის წარმოდგენა, რომ ასეთი დანაშაულის ჩადენის უნარი მქონდა“, - თქვა მან.