ავტორი:

რუსული სატყუარა ამერიკელებისთვის - 26 000 დოლარიანი ხელფასის და დასაქმების ნაცვლად, ომის პირველ ხაზზე: როგორ შეეწირნენ ახალგაზრდები მოსკოვის ინტერესებს

რუსული სატყუარა ამერიკელებისთვის - 26 000 დოლარიანი ხელფასის და დასაქმების ნაცვლად, ომის პირველ ხაზზე: როგორ შეეწირნენ ახალგაზრდები მოსკოვის ინტერესებს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ფრონტის ხაზის შევსებას ნებისმიერი გზით ცდილობს. უკრაინული მხარის მონაცემებით, მოსკოვმა მოტყუებით დაიქირავა აშშ-ის სულ მცირე 18 მოქალაქე.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა 1.5 მილიონი მებრძოლი დაკარგა (მათ შორის 500 000 დაღუპული). რუსეთი აგრესიულად ცდილობს უცხოელების გადაბირებას, რომელთა უმეტესობას “ხორცის საკეპში“ გზავნიან. ფრონტის ხაზზე ისინი უბრალო “ზარბაზნის ხორცად“ იქცევიან და სწრაფად ანადგურებენ უკრაინული დრონები, არტილერია თუ ქვეითები.

  • “ეს მთელ ინდუსტრიად იქცა და ძალიან მომგებიანია. რუსეთი ყოველთვიურად 30 000-იდან 40 000-მდე მებრძოლს კარგავს და დანაკარგების შევსებას ვეღარ ახერხებს“, - განუცხადა New York Post-ს უკრაინის სახელმწიფო პროექტის (რომელიც რუსების ჩაბარებას უზრუნველყოფს) ხელმძღვანელმა ვიტალი მათვიენკომ.

მისი თქმით, უცხოელების დაღუპვა რუსულ საზოგადოებაში არანაირ უარყოფით რეაქციას არ იწვევს, ხოლო დაღუპულთა ოჯახები უმეტესად ვერც კუთვნილ კომპენსაციას იღებენ.

აგენტები მთელ მსოფლიოში Facebook-ის, TikTok-ისა და Telegram-ის მიზნობრივი რეკლამებით ნადირობენ სიღარიბეში მყოფ, მოწყვლად ან იდეოლოგიურად აკვიატებულ ადამიანებზე. შუამავლები თითოეულ დაქირავებულზე $24 000-ს იღებენ, პლუს მათი ხელფასის ნაწილს. თავად ამერიკელ ახალწვეულებს საბონუსედ $26 000-ს, ხოლო ყოველთვიურად $2 000-ს პირდებიან.

  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა გამოავლინეს 135 ქვეყნის (მათ შორის ჩრდილოეთ კორეის, კენიის, განას) 29 000-მდე უცხოელი, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან, თუმცა ოფიციალური პირების განცხადებით, რეალური ციფრი გაცილებით მაღალია.

სეთ უილიამ ბეიკერი, არიზონას შტატის ქალაქ გილბერტიდან ჩასული კაპრალი

მოტყუებულთა შორის იყო 23 წლის სეთ უილიამ ბეიკერი არიზონას შტატიდან, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილი კაპრალი. იგი კონტრაქტის ხელმოწერიდან სულ რაღაც 3 თვეში ფრონტზე დაიღუპა.

ბეიკერი 18 წლის ასაკში შევიდა საზღვაო ქვეითებში და ეროვნული თავდაცვის სამსახურის მედალიც მიიღო. თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა COVID-ის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა, მან ვაქცინაციაზე უარი თქვა და ჯარიდან დაითხოვეს. ამის შემდეგ იგი ინტერნეტში რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცა. რუსულ ბუნკერში ჩაწერილ ვიდეოში იგი ამბობდა: “ამერიკაში ბევრს ლაპარაკობენ თავისუფლებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგისთვის ეს თავისუფლება არ არსებობს“. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მან ვერც პოლიციის აკადემიაში ჩაბარება შეძლო და ვერც ამერიკულ საზოგადოებაში იპოვა ადგილი.

21 წლის მაიკლ გლოსი

ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა 21 წლის მაიკლ გლოსი, CIA-ს ციფრული ინოვაციების დირექტორის ყოფილი მოადგილის, ჯულიან გალინასა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვეტერანის, ლარი გლოსის შვილი. იგი ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა, მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, გაუჩინარდა და მოგვიანებით რუსეთის არმიაში აღმოჩნდა. იგი 2024 წლის აპრილში დონეცკში, დაჭრილი რუსი ჯარისკაცის დახმარებისას არტილერიის ცეცხლის შედეგად სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.

კიდევ ერთი ამერიკელია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჰოლიოკის ყოფილი საკრებულოს წევრი, 30 წლის უილმერ პუელო-მოტა, რომელიც აშშ-ში 17 წლის გოგონას შიშველი ფოტოების გამო ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით გასამართლებას გაექცა და რუსეთის არმიაში გაწევრიანდა.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 6 წლის ვეტერანმა კონტრაქტს ხელი 2024 წლის აპრილში მოაწერა. რუსულ პროპაგანდისტულ ვიდეოში იგი უკრაინის ქალაქში აშშ-ის დროშას აღმართავდა და აცხადებდა: “გამარჯვება ჩვენი იქნება, მოღალატედ თავს არ ვთვლი, აშშ და რუსეთი ომში არ იმყოფებიან“. გასულ თვეს იგი აფეთქების შედეგად ჭურვის ნამსხვრევებით ფეხში დაიჭრა.

კიდევ ერთი ამერიკელია 47 წლის დერეკ ჰაფმანი, რომელიც ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა აშშ-ში არსებული “LGBT ინდოქტრინაციისგან“ გასაქცევად. იგი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით უვნებელი დაბრუნდა და განაცხადა, რომ კიდევ მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს. (აღსანიშნავია, რომ რუსეთის 2022 წლის ბრძანებულებით, სამხედრო კონტრაქტები “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულებამდე ავტომატურად გრძელდება).

ვიტალი მათვიენკოს თქმით, რუსეთს ამერიკელების მიმართ თითქმის ფსიქოდელიური დამოკიდებულება აქვს: “როდესაც ამერიკელი რუსეთის მხარეს იბრძვის, ეს რუსული პროპაგანდისთვის თითქმის წმინდა მოვლენაა. მათ ტელევიზიაში იწვევენ და აჩვენებენ, თითქოს დასავლეთში ხალხს ესმის, რა ხდება სინამდვილეში“.

წყარო