ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის მიერ, პარასკევს გავრცელებულ განცხადრბას სადაც ის წერს, რომ თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა და ეს ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა.
“აქეთ რუსეთთან “დაჩოქილი” ერეკლე მეორე, იქეთ ქეთევან წამებულზე ირანული ცინიზმი.
ეს არის ხელისუფლების მტერთან ენის მოჩლექით საუბრის “ბრძნული” პოლიტიკის შედეგი…
მოყვარესთან კი ხართ “ვაჟკაცები”. წარმომიდგენია, რა წივილ-კივილს ატეხავდით, ან ერთი, ან მერე რომელიმე ევროპელს ეთქვა, ან გაეკეთებინა,“ - წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, ირანის ელჩმა საქართველოში, ალი მოჯანიმ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის საელჩოს შენობასთან დგას, ფასადზე ქეთევან დედოფლის ფრესკაა გამოსახული და წერს:

“დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, - დაწერა ალი მოჯანიმ.
მისი მოწამებრივი ცხოვრებისა და წამებით სიკვდილის შესახებ აღწერილია ქართველი და ევროპელი მოგზაურების, ისტორიკოსების, სასულიერო პირების წყაროებში.