ინდოეთის დედაქალაქი დელი უჩვეულო “არჩევნებმა“ მოიცვა, რომელშიც ათასობით ამომრჩეველი მონაწილეობს, ხოლო კამპანიის ორგანიზატორები ქალაქის “ყველაზე პუტკუნა“ ძაღლის გამოვლენას ცდილობენ. კონკურსი Instagram-ის გვერდ Fat Dogs of Delhi-ის ინიციატივით დაიწყო და მოკლე დროში ნამდვილ სოციალურ ფენომენად იქცა.
ის, რაც უბრალო ხუმრობით დაიწყო, სწრაფად გადაიზარდა სერიოზულ შეჯიბრში, სადაც მხარდამჭერები თავიანთი ფავორიტი ოთხფეხასთვის საარჩევნო პოსტერებს, ვიდეოებსა და მემებს ქმნიან. კონკურსმა ათასობით ხმა და ათობით ათასი ახალი გამომწერი მიიპყრო, ხოლო გრანდიოზული ფინალი ოთხშაბათს არის დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსანტთა უმეტესობას ერთი კონკრეტული პატრონი არ ჰყავს - ისინი უბნის ბინადრები არიან, რომლებზეც ადგილობრივი მცხოვრებლები, მაღაზიის მეპატრონეები და მუშები ზრუნავენ, კვებავენ, სახელებს არქმევენ და მათ ჯანმრთელობას ადევნებენ თვალყურს. ტურნირის მსვლელობისას ორი ძაღლი დაიღუპა, რასაც გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება და სამძიმრის წერილები მოჰყვა.
გვერდის დამფუძნებლის თქმით, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, იდეა X-ზე (ყოფილი Twitter) მსგავსი კონკურსების ნახვის შემდეგ გაუჩნდა. თავდაპირველად 64 განაცხადი მიიღეს, ხოლო ძაღლების სახელები არანაკლებ კოლორიტული აღმოჩნდა. მაგალითად, ერთ-ერთ ძაღლს ჩრდილოეთინდური ქუჩის საჭმლის პატივსაცემად “დაჰი ბჰალი“ ჰქვია; მეორეს - “მაჰაკუტეშვარი“, ხოლო სხვებს “გუგუ“, “რამბაბუ“, “კუტა სინგჰი“ და ა.შ.

ხმის მიცემა 24 სექტემბერს დაიწყო. პირველ რაუნდში 64 მონაწილე 32 წყვილად დაიყო, საიდანაც გამარჯვებულები შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ეტაპობრივი გათამაშების შედეგად, სამშაბათისთვის ფინალურ რბოლაში მხოლოდ რვა კანდიდატი დარჩა. გულშემატკივრობამ დელის საზღვრებსაც გადააჭარბა და მხარდამჭერები კერალასა და კოლკატაშიც კი გამოჩნდნენ.
მიუხედავად დიდი პოპულარობისა, კონკურსს კრიტიკაც მოჰყვა. სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა ეჭვქვეშ დააყენა, ხომ არ ახალისებს ეს პროექტი ძაღლებში ჭარბწონიანობას. ჭარბი წონა ოთხფეხებისთვის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს და მათ სიცოცხლეს ამცირებს.
ამჟამად ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია “გუგუ“ 46 კილოგრამიანი მეტისი, რომელიც დელის ცხოველთა მოვლის ცენტრში იმყოფება და წონის დაკლებას ცდილობს. მისი კვება მკაცრად კონტროლდება და იგი რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას გადის.