ავტორი:

41 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში - აშშ-ში დნმ-ის ახალი ანალიზის შემდეგ 71 წლის მამაკაცი გირაოთი გაათავისუფლეს: დაუჯერებელი საქმის დეტალები

41 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში - აშშ-ში დნმ-ის ახალი ანალიზის შემდეგ 71 წლის მამაკაცი გირაოთი გაათავისუფლეს: დაუჯერებელი საქმის დეტალები

აშშ-ში, იუტას შტატში, 41 წლის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში მყოფი 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი გირაოთი გაათავისუფლეს. პროკურორების განცხადებით, დნმ-ის ახალმა ანალიზმა დაადასტურა, რომ დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი გენეტიკური კვალი მას არ ეკუთვნის.

  • დუგლას სტიუარტ კარტერი 1985 წელს იუტას შტატის ქალაქ პროვოში, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მოკლული - ევა, რომელიც ადგილობრივი პოლიციის უფროსის მამიდა იყო, საკუთარ სახლში დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებითა და თავის არეში ნასროლი ტყვიით გარდაცვლილი იპოვეს.

წარმოშობით ჩიკაგოელი კარტერი იმ პერიოდში იუტაში დედასთან ერთად ცხოვრობდა. პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ მან მკვლელობა ძარცვის მიზნით ჩაიდინა. სხვასთან დაკავშირებულ საქმეზე ეჭვმიტანილად მიჩნევის გამო კარტერმა იუტა დატოვა, თუმცა იგი მოგვიანებით ნეშვილში (ტენესის შტატი) იპოვეს. დაკითხვისას მან აღიარებით ჩვენებას მოაწერა ხელი, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ აღიარება პოლიციელებმა ძალდატანებით გამოსძალეს.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ადგილზე კარტერის საწინააღმდეგო ფიზიკური მტკიცებულება არ არსებობდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იგი აღიარებითი ჩვენებისა და იმ ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე ცნო დამნაშავედ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კარტერმა მათთან მკვლელობით იტრაბახა.

  • მოსყიდული მოწმეები და დამალული მტკიცებულებები

წლების შემდეგ საქმეში სკანდალური დეტალები გამოვლინდა. 2011 წელს ორივე მოწმემ აღიარა, რომ პოლიციამ მათ სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა აიძულა, რისთვისაც ფული და საჩუქრები გადასცა, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში დეპორტაციით ემუქრებოდა.

კარტერის ადვოკატების განცხადებით, მოწმეებმა დანაშაულის ადგილიდან თეთრკანიანი მამაკაცის გაქცევა დაინახეს, ხოლო გამომძიებელმა დამალა მტკიცებულებები, რომლებიც მსხვერპლის ქმარზე მიუთითებდა. მოკლულის ქმარმა, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა, პოლიციას განუცხადა, რომ ცოლი სახლში გარდაცვლილი იპოვა. ქალის სხეულზე არსებული ჭრილობები მათივე სამზარეულოს დანით იყო მიყენებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არ აღმოჩენილა.

გამოძიების მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამო, იუტას უზენაესმა სასამართლომ გასულ წელს კარტერის საქმის ხელახალი განხილვა ბრძანა.

  • დნმ-ის ექსპერტიზა და გათავისუფლება

მიმდინარე თვეში პროკურორებმა განაცხადეს, რომ დნმ-ის ანალიზის შედეგად გამოირიცხა კარტერის კავშირი კარის სახელურზე აღმოჩენილ სისხლსა და დანის ტარზე ნაპოვნ გენეტიკურ მასალასთან. ორშაბათს მოსამართლემ 71 წლის კარტერი გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა მას GPS მონიტორინგის სამაჯურის ტარება დაევალა.

კარტერის ადვოკატმა ნილ ჰამილტონმა საქმის სრულად დახურვა მოითხოვა.

“იუტას შტატის ნება რომ ყოფილიყო, მას 15-20 წლის წინ სიკვდილით დასჯიდნენ, სანამ ჩვენ ამ დარღვევებს აღმოვაჩენდით“, - განუცხადა ადვოკატმა Associated Press-ს.

წყარო