ავტორი:

გია ხუხაშვილი: "ღარიბაშვილის გააქტიურება დღეს ეს უკვე ივანიშვილის თამაშია" - რა ხდება "ოცნებაში" და შეიცვლება თუ არა მთავრობა?!

გია ხუხაშვილი: "ღარიბაშვილის გააქტიურება დღეს ეს უკვე ივანიშვილის თამაშია" - რა ხდება "ოცნებაში" და შეიცვლება თუ არა მთავრობა?!

სექტემბერს ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა. გამოსვლისას მან "უმთავრეს პრიორიტეტებად" დაასახელა "მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება" იმ ვითარებაში, როცა "მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალზე კითხვის ნიშნებს აჩენს". მისი განცხადებით, "ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია. ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს... საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს დადგება ზეწოლის ან იძულების გზით". კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ასიათასობით მოქალაქე კი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. სწორედ ამ გამოსვლის შეფასებით იწყებს ინტერვიუს გაზეთ "კვირის პალიტრაში" ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- როდესაც ასეთ მაღალ ტრიბუნაზე გამოდიხარ, გარკვეული სიცხადით უნდა ილაპარაკო იმის შესახებ, თუ სად არის შენი ქვეყნის ადგილი, ვინ არიან შენი პარტნიორები და რა არის შენი ფუნდამენტური, ძირითადი პრობლემები.ირაკლი კობახიძეს არც ერთ ამ საკითხზე არ უსაუბრია. შესაბამისად, ამ გამოსვლის დეტალური ანალიზი არაფრის მომცემი მგონია, რადგან მან მთავარ ფუნდამენტურ თემებს გვერდი აუარა.

კი ბატონო, ერთი მხრივ ახსენა, რომ ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ მას არ მოუხსენებია რუსეთი, როგორც დამნაშავე, არც დეოკუპაციის აუცილებლობა და ჯარების გაყვანა უხსენებია. მან, ფაქტობრივად, გაახმოვანა მხოლოდ ის ფრაზები, რაზეც ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთიდან ჰქონდა მიღებული "ვიზა"... იქ კობახიძეს მაინცდამაინც ყურადღებით არავინ უსმენდა და არც არაფერი იყო მოსასმენი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიაზე, პროდასავლურ და ევროპულ განვითარებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გამაგრებული, არაფერი უთქვამს. ხელისუფლება ისევ ცდილობს აქცენტი გააკეთოს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე და, ფაქტობრივად, მხოლოდ გეოგრაფიის იმედზეა დარჩენილი.

კობახიძემ ასევე ისაუბრა ეკონომიკურ წარმატებებსა და სიღარიბის შემცირებაზე, არადა, იმ დარბაზში ისეთი ეკონომიკის "ვეშაპები" ისხდნენ, რომ პატარა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებაზე ლაპარაკი მათთვის სასაცილო და უინტერესოც იქნებოდა. მაგალითად, ჩინეთის ეკონომიკა საქართველოსთან შედარებით დაახლოებით ათასჯერ დიდია და ამ ფონზე ეკონომიკური ზრდით ყელყელაობა სრულიად არასერიოზულია. შეიძლება ციფრები რაღაც ზრდას აჩვენებდეს, მაგრამ ჩვენ იმდენად ჩამოვრჩებით ცივილიზებულ სამყაროს, რომ ამით ტრაბახი უადგილოა.

ისე კი, ეს გამოსვლა შეიძლება კობახიძისთვის ერთგვარ "გედის სიმღერად"იქცეს. ჩვენ ვიცით, საქართველოს პრემიერების ვიზიტები ამერიკაში რითაც მთავრდება ხოლმე - ამის ცუდი გამოცდილება გვაქვს.

- ფიქრობთ, რომ რეალურია კობახიძის შეცვლა? საინტერესოა, ვინ შეიძლება შეცვალოს?

- მე მისი შეცვლის კონკრეტულ ვადებს ვერ დავასახელებ, თუმცა პოლიტიკური პროცესის ლოგიკიდან თუ ამოვალთ, ასეთ სურათს ვნახავთ: მიზანმიმართულად და ძალიან მეთოდურად მოხდა მისი იზოლირება. ფაქტობრივად, უკვე ძალაუფლების გარეშეა დარჩენილი, რადგან მასთან ასოცირებული ყველა პირი ჩამოაშორეს პროცესებს და ის აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქციეს. პრაქტიკულად, არც ერთ მინისტრს აღარ აქვს იმის განცდა, რომ კობახიძის დანიშნულია ან მასთან არის ანგარიშვალდებული. მის ირგვლივ წმინდა ტექნიკური მთავრობა შექმნეს. დღეს მისი ძირითადი ფუნქციაა სამოქალაქო აქტივისტებთან დებატებში მონაწილეობა. მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყნის პირველი პირი სამოქალაქო აქტივისტებთან დებატებსა და დისკუსიებზე იჯდეს. ეს არის "ქართული ოცნების" უნიკალური ფენომენი. ხელისუფლების პირველი პირები მართავენ პრესკონფერენციებს, პასუხობენ კითხვებს, მაგრამ დებატები წარმოუდგენელი რამ არის. ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილი კობახიძის ამ როლით ამ ეტაპზე კმაყოფილია, რადგან ის პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ივანიშვილის მართვის ტექნოლოგია გულისხმობს განსაზღვრულ ციკლურობას: გროვდება ცოდვების პაკეტი, რომელიც მერე პასუხისმგებელ პირს - პრემიერ-მინისტრს უნდა აჰკიდოს და ამ ცოდვებით გაისტუმროს. ივანიშვილი ხომ თავად არ იღებს პასუხისმგებლობას, ამიტომ ნიშნავს პრემიერებს და ცოდვების დაგროვების შემდეგ ემშვიდობება მათ. ეს ციკლი კობახიძის შემთხვევაში პრაქტიკულად დასრულებულია. მისი პრემიერობის პერიოდში მასთან იმხელა პრეტენზიებია და იმდენი ცოდვა დაგროვდა, რომ ის უკვე ეშაფოტზეა აყვანილი და მხოლოდ სკამზე ფეხის გამოკვრა აკლია - ამას როდის იზამს ივანიშვილი, არ ვიცი. გაგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: