ბოლო ხანს აქტუალური გახდა ქურმუხის ტაძართან დაკავშირებული მოვლენები:
18 სექტემბერს ფეისბუქგვერდმა - "საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა“ ეს ინფორმაცია გაავრცელა: "საინგილოში ისტორიულ ჰერეთში, ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველია ამოთხრილი. ასეთი ფაქტი აღმაშფოთებელია რადგან, საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს ეს პროცესი.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, რეაბილიტაციას არ შეეხება ეს საკითხი და საკმაოდ მძიმე დასანახია ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველებისთვის, საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო ხდება ის, რაც ხდება, ისედაც დაჩაგრული კუთხე, ისედაც დავიწყებული კუთხე, ახლა ეს მძიმე ფაქტი, მერამდენედ?! მერამდენედ უნდა მოგვასხან ლაფი?!
ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველებისთვის ერთ-ერთი წმინდა ადგილი ასეთ დღეში, გაუბედურებული როცა არის და ამ დროს რას ვაკეთებთ?“
23 სექტემბერს ამავე ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მორიგ პოსტში ეწერა: "ტაძრის გზაზე არსებული ბანერი გვეუბნება, რომ "შესვლა აკრძალულია, მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები“.
ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთდა სხვადასხვა განცხადება...
იქ მიმდინარე პროცესებს საქართველოს საპატრიარქო ნეგატიურად გამოეხმაურა, რასაც აზერბაიჯანის მკვახე პასუხი მოჰყვა.
ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან: ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს:
"ასეთი ფაქიზი საკითხების საჯარო პოლემიკაში გამოტანა არასოდეს ხდება შემთხვევით და ყოველთვის მიმართულია საქართველო-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის შემოსატანად. ეს არ არის ახალი თემა - ათწლეულების პრობლემაა. ვიდრე ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტის ფორმულა მოიძებნება, ყველაზე სწორი მიდგომაა პროცესის კულისებში მართვა და მოგვარება. მსურველებს, რასაკვირველია, უნდა ჰქონდეთ ტაძრის მოლოცვისა და თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ვართ ერთი გეოპოლიტიკური კვანძის განუყოფელი ნაწილები და ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია საერთოა.
ამ თემის ხელოვნური აქტუალიზაცია და დღის წესრიგში წამოწევა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ მოვლენებს ქრონოლოგიურად მივადევნებთ თვალყურს, სურათი ძალიან ნათელი გახდება: რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომლითაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მხარეს მებრძოლ აზერბაიჯანელებს, რამაც, ბუნებრივია, რუსეთი გააღიზიანა და ამ განცხადებიდან სულ რაღაც ორ დღეში ხდება ქურმუხის თემის აქტუალიზაცია.
მე არ ვამბობ, რომ ამას აუცილებლად ვინმე შეგნებულად აკეთებს, თუმცა რუსული გავლენის აგენტებსა და მექანიზმებს ძალიან კარგად შეუძლიათ თემის ისე წამოწევა, რომ შემდგომ მასში მთელი ისტორია და დაპირისპირება ჩაერთოს.
სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის კონტროლი ისტორიულად ყოველთვის ემყარებოდა "გათიშე და იბატონეს" პრინციპს. რუსეთის სტრატეგია იყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთმანეთზე გადაკიდება: ყარაბაღის კონფლიქტიც რუსების ინსპირირებული იყო, რათა მუდმივად მარყუჟში ჰყოლოდათ როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი. საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაც ამავე სტრატეგიის ნაწილია.
როდესაც რეგიონში ასეთ დანაწევრებას ახდენ, ეს ქვეყნების გაკონტროლების ძალიან სერიოზული ბერკეტია.
ამ დაძაბულობის კერებში განსაკუთრებით სახიფათოა მსოფლმხედველობრივი და ფუნდამენტური საკითხების, კერძოდ, რელიგიური ელემენტებისა და "ერთმორწმუნეობის" თემის შემოტანა. ეს არის ყველაზე ძლიერი და სასტიკი ინსტრუმენტი გავლენის აგენტების ხელში.
იმედია, ეს სენსიტიური თემები დღის წესრიგიდან დროულად მოიხსნება". წაიკითხეთ სრულად