ავტორი:

ბუდაპეშტში საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს  - პოლიცია 6 რაიონში ჩადენილ 9 ძარცვის საქმეს იძიებს

ბუდაპეშტში საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს  - პოლიცია 6 რაიონში ჩადენილ 9 ძარცვის საქმეს იძიებს

ბუდაპეშტში საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც უნგრეთის პოლიცია საცხოვრებელი სახლების გაქურდვაში ადანაშაულებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ექვს რაიონში დღის საათებში მომხდარ ცხრა ძარცვასთანაა დაკავშირებული. მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, თითქმის 17-მილიონ უნგრულ ფორინტს შეადგენს.

სამართალდამცველებმა 25 სექტემბერს, ბუდაპეშტის მეხუთე რაიონში, საქართველოს ორი მოქალაქე, 28 და 30 წლის მამაკაცები, და ბულგარეთის 30 წლის მოქალაქე დააკავეს. ოპერაციაში ბუდაპეშტის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ანტიტერორისტული ცენტრის (TEK) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

  • უნგრეთის პოლიციის ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ქურდობაშია ეჭვმიტანილი. ისინი დაკითხვის შემდეგ დააკავეს, პროკურატურამ კი მათი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ბუდაპეშტის პოლიციის სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შანდორ გალიას განცხადებით, ეჭვმიტანილები უნგრეთში სლოვაკეთიდან ჩავიდნენ. გამოძიების ვერსიით, 15-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში მათ საცხოვრებელი სახლები გაქურდეს.

ძარცვები ბუდაპეშტის ექვს რაიონში მოხდა.

პოლიციის ცნობით, ყველა შემთხვევას რამდენიმე საერთო გარემოება აერთიანებს. დანაშაულები დღის საათებში ხდებოდა, ხოლო ეჭვმიტანილები საცხოვრებელი სახლების შესასვლელ კარებს ისე აღებდნენ, რომ ხილული დაზიანებები არ რჩებოდა.

მოპარული ნივთების ჩამონათვალში იყო ნაღდი ფული, სამკაულები, ძვირადღირებული საათები და ელექტრონული მოწყობილობები. პოლიციის წინასწარი შეფასებით, საერთო ზარალი თითქმის 17 მილიონ უნგრულ ფორინტს შეადგენს.

როგორ მიაგნეს პოლიციელები ეჭვმიტანილებს

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლეს. პოლიციას ჰქონდა ვარაუდი, რომ მძარცველები ბუდაპეშტში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და მოპარული ნივთებიც ამ გზით გადაჰქონდათ.

ვიდეოჩანაწერების შესწავლისას სამართალდამცველების ყურადღება მიიქცია მუქი ლურჯი ფერის Toyota RAV4-მა, რომელსაც უკრაინული სანომრე ნიშნები ჰქონდა. ავტომობილში სამი მამაკაცი იმყოფებოდა.

25 სექტემბერს პოლიციამ ბუდაპეშტის ცენტრში სპეციალური საპატრულო ღონისძიება ჩაატარა, რომლის მიზანიც საეჭვო ავტომობილის პოვნა იყო. სამართალდამცველებმა მანქანის ადგილსამყოფელს მიაგნეს და ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების დახმარებით მასში მყოფი სამი მამაკაცი დააკავეს.

ავტომობილისა და დაკავებულების ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა სპეციალური ხელსაწყოები, რომლებსაც, სავარაუდოდ, შენობებში შეღწევისა და საკეტების გასაღებად იყენებდნენ. ასევე ამოიღეს ნივთიერებები, რომლებიც, სამართალდამცველების ეჭვით, ნარკოტიკებს წარმოადგენდა.

გარდა ამისა, პოლიციამ რამდენიმე მოპარული ნივთისა და ნაღდი ფულის ამოღებაც შეძლო. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები უნგრეთში 28 აგვისტოდან იმყოფებოდნენ.

პოლიცია ე.წ. მოძრავი კრიმინალების ვერსიას განიხილავს

ბუდაპეშტის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შანდორ გალიას განცხადებით, გამოძიება ეჭვობს, რომ დაკავებულები ე.წ. მოძრავ კრიმინალებს მიეკუთვნებიან. ეს ტერმინი იმ პირებს აღნიშნავს, რომლებიც სხვა ქვეყანაში ჩადიან, რამდენიმე დანაშაულს სჩადიან და შემდეგ ქვეყანას ტოვებენ.

პოლიციის ვარაუდით, სამიდან ორი მამაკაცი უშუალოდ მონაწილეობდა სახლების გაქურდვაში, მესამე კი მძღოლის ფუნქციას ასრულებდა.

დაკითხვისას ეჭვმიტანილებმა ჩვენების მიცემასა და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. სასამართლომ მათ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შანდორ გალიას განცხადებით, უნგრეთის პოლიცია აპირებს, მიმართოს ეჭვმიტანილების წარმოშობის ქვეყნების, ასევე მეზობელი სახელმწიფოების სამართალდამცველ ორგანოებს. მიზანია დადგინდეს, ხომ არ მონაწილეობდნენ დაკავებულები სხვა ქვეყნებში ჩადენილ დანაშაულებშიც.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ბუდაპეშტში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის შემთხვევების რაოდენობა ამჟამად უჩვეულოდ მაღალი არ არის. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი დანაშაულების მაჩვენებელი მეტწილად სტაბილურია.