მაია ბითაძის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მისი უფლებამონაცვლე პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე გახდა. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 79-მა წევრმა დაუჭირა.
"ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 105-ე ნომრად მყოფი ხუროძე ბიზნესსა და საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს. ის რამდენიმე კომპანიის დირექტორია და თხილის სექტორში მომუშავე საწარმოს წილსაც ფლობს.

შეგახსენებთ, მაია ბითაძე, რომელიც მანამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად 15 სექტემბერს დანიშნა. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი კი თორნიკე ჭეიშვილმა დაიკავა.

ქეთევან ხუროძე დაოჯახებულია. მისი მეუღლე ვახტანგ (ვატო) აშმეიბაა. წყვილს ორი შვილი ჰყავს. უკვე პარლამენტარის მეუღლე შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია [HSE Group]-ის (შპს ეიჩესი ჯგუფი) თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორია.



როგორც ირკვევა, ქეთევან ხუროძე მოდელ თაკო ნაცვლიშვილის მეუღლის, ოთო ხუროძის, ბიძაშვილია. სამი წლის წინ ის მეუღლესთან ერთად, იტალიაში, თაკო ნაცვლიშვილის ქორწილსაც ესწრებოდა.

BPN-ის ცნობით, ქეთევან ხუროძე უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანია "მეიდან ფროფერთის“ დირექტორია. კომპანია "მეიდანი ჯგუფში“ შედის. ის ასევე ხელმძღვანელობს შპს "ძველ მეიდანსა“ და შპს „სიღნაღის ეთნოპარკს“.
გარდა ამისა, ხუროძე თხილის სექტორში მოქმედი კომპანია „ჯეონათის“ 25%-იან წილს ფლობს.
ბიზნესსაქმიანობასთან ერთად, ის საგანმანათლებლო სფეროშიც მუშაობს და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (East-West University) ვიცე-პრეზიდენტია.
განათლება და პროფესიული გამოცდილება - წაიკითხეთ BPN-ზე