დაღესტანში ტურისტული ატრაქციონის თანამშრომლებმა შეშინებული ქალი, რომელიც გადახტომაზე უარს ამბობდა, იძულებით გადაახტუნეს დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან.

ვიდეო, რომელიც გამოცემა New York Post-მა გაავრცელა, მდინარე სულაკზე მდებარე ტურისტულ ატრაქციონ Noh’o-შია გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ქალს უსაფრთხოების აღჭურვილობა უკეთია. მას ასევე დამცავი ღვედი აქვს, თუმცა გადმოხტომა აშკარად არ სურს.
შეშინებული ტურისტი ტირის, უკან დაბრუნებას ცდილობს და ინსტრუქტორებს ევედრება, არ გადააგდონ.

ქალი დახმარებას მეუღლესაც სთხოვს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს თავად იღებდა. ვიდეოში ისმის, როგორ ეუბნება ტურისტი ინსტრუქტორებს: „გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას! გემუდარებით!“
ინსტრუქტორები კი მას დამშვიდებისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, მკვეთრად არ იმოძრაოს.
ამის შემდეგ ისინი ქალს პლატფორმის კიდიდან აგდებენ და ის დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მდინარის კანიონის მიმართულებით ვარდება.
შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ქალის მეუღლე მას ამ მდგომარეობას იღებდა და ამავდროულად იცინოდა.
პლატფორმაზე დაბრუნების შემდეგ მას კიდევ ერთხელ ჰკითხეს, სურდა თუ არა იგივე ნახტომის გამეორება, რაზეც ქალმა აღშფოთებით უპასუხა: "არა, მე ხომ ვთქვი, რომ არ მინდოდა! მეშინია!“

East 2 West-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინსტრუქტორების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
შემთხვევამ კიდევ ერთხელ გაახსენა საზოგადოებას ბრაზილიაში მომხდარი ტრაგედია, როდესაც მიმდინარე წლის ივნისში მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი ბანჯი-ჯამპინგის დროს 40-მეტრიანი სიმაღლიდან გადმოაგდეს ისე, რომ უსაფრთხოების თოკი დამაგრებული არ ჰქონდა. ქალი დაიღუპა.
იმ შემთხვევის შემდეგ სამ ინსტრუქტორს, რომლებიც ვიდეოში ქალის გადმოგდების პროცესში მონაწილეობდნენ, განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ სწევენ ისინი ქალს და კლდის კიდიდან აგდებენ, მაშინ როცა უსაფრთხოების თოკი ადგილზე რჩება და მასზე მიმაგრებული არ არის.