თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.
მისი თქმით, ის სტუმრად იყო მეგობართან, იყო ნასვამი. მისი თქმით, საპირფარეშოში სურდა შესვლა, რომელიც დაკავებული ჰქონდა მისი მეგობრის ფეხმძიმე მეუღლეს, ამიტომ, პოპოვის თქმით, “ჩაიდინა ის ქმედება, რასაც შსს ედავება”.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძის თქმით, ჩადენილის აღიარება და მონანიება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, თუმცა ნორმალურ საზოგადოებაში ის ახსნა, რაც მან სასამართლოში წარმოადგინა, არ გამოდგება მსგავსი ქმედების გასამართლებლად.
ცნობისთვის, თბილისში რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი გუშინ დააკავეს. მან ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით მოხდა.