ავტორი:

“დადგენილია, რომ სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა - პათოგენებს შორის წამყვანია შემდეგი 5...“ - მაია ბუწაშვილი

“დადგენილია, რომ სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა - პათოგენებს შორის წამყვანია შემდეგი 5...“ - მაია ბუწაშვილი

“უხსოვარ დროს, როდესაც სტუდენტი ვიყავი, ლექციაზე ეთერ ბოცვაძემ გვითხრა, დრო მოვა და ძალიან ბევრ სიმსივნეზე აღმოჩნდება, რომ ინფექციები იწვევსო. მაშინ ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, თუმცა სადღეისოდ უკვე დადგენილია, რომ სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა (ანუ წელიწადში 2.3 მილიონზე მეტი სიმსივნის დიაგნოზი),“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი “ფეისბუქზე“ წერს და იმ 5 პათოგენსაც ასახელებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ სიმსივნეს.

“ამ ინფექციურ პათოგენებს შორის წამყვანია შემდეგი 5:

  1. ჰელიკობაქტერია (Helicobacter pylori) - რომელიც იწვევს კუჭის კიბოს და ლიმფომას.
  2. პაპილომავირუსი (HPV) - სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, პენისის და ორიგარინგეალურ (პირ-ხახის) კიბოს.
  3. B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) - იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)
  4. C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) -იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)
  5. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) - რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰოჯკინის ლიმფომა, ბერკიტის ლიმფომა და ცხვირ-ხახის კარცინომა (ეს ფაქტი ზოგჯერ ზედმეტ შფოთვას იწვევს EBV გამოწვეული მონონუკლეოზის დროს. ეს დაავადება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, >90% გადატანილი აქვს, თუმცა სიმსივნის რისკი უკიდურესად დაბალ პროცენტშია).

ეს ჩამონათვალი სრული არ არის და რამდენიმე სხვა ინფექციური აგენტის სიმსივნეებთან ასოციაციაც დადგენილია, თუმცა მათი სიხშირე ნაკლებია.

ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინაში (ანუ ინფექციების და სიმსივნეების ასოციაციების დადგენა), რადგან ინფექციური სიმსივნეები ხშირად შეიძლება მარტივად იქნას თავიდან აცილებული.

საკითხის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერებმა არაერთხელ მოიპოვეს დიდი აღიარება. მაგალითად, მარშალმა და უორენმა 2006 წელს (ჰელიკობაქტერ პილორის აღმოჩენისთვის), ხოლო ჰაუზენმა 2008 წელს (პაპილომავირუსის აღმოჩენისთვის) მიიღეს ნობელის პრემია.

განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა სიმსივნეების პრევენციის მარტივ შესაძლებლობებს ადამიანები არ იყენებენ. მაგალითად, B ჰეპატიტი და პაპილომავირუსი და მათთან ასოცირებული სიმსივნეები ვაქცინაციით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ.

P.S. ახლა, ამ პოსტის ქვეშ, ანტივაქსერების დიდი შეკრება და წყევლა-კრულვაა მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ამას ვერავინ უარყოფს,“ - წერს ბუწაშვილი.