ამერიკელი მუსიკალური მაგნატი და რეპერი შონ “დიდი“ კომბსი ნიუ-ჯერსის ფედერალურ ციხეში VIP-პირობებით სარგებლობს. NBC News-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, 56 წლის არტისტი თვეში ათასობით დოლარს ხარჯავს იმისათვის, რომ გისოსებს მიღმა ფუფუნება, პირადი ასისტენტები, ალკოჰოლი, კონტრაბანდული ტელეფონი და მასაჟი მისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ერთ-ერთი პატიმარი გამოყენებამდე კომბსისთვის საგანგებოდ ასუფთავებს ტუალეტსა და შხაპს. სხვები კი სპეციალურ წყლის გამაცხელებლებში ამზადებენ კერძებს, მათ შორის კარი-ქათამს, პიცასა და ემპანადას. გარდა ამისა, პატიმრების ნაწილი ინახავს მის კონტრაბანდულ ტელეფონსა და ფანებისგან მოსულ უამრავ წერილს.

“ეს არ არის ის, რასაც ჩვეულებრივ ციხეში ნახავთ. ეს მდიდრული ცხოვრებაა... თუმცა, ეს ხომ 'დიდია'“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა. ფუფუნების დასაფინანსებლად კომბსის წარმომადგენლები ციხის გარეთ არსებული წყაროებიდან ფულს პირდაპირ იმ პატიმრების ანგარიშებზე რიცხავენ, რომლებიც მას ემსახურებიან.

ციხეში კომბსი უკანონოდ შეტანილი სმარტფონით სარგებლობს, რომლითაც Instagram-ს ათვალიერებს და ყოფილი შეყვარებულის მიერ გაგზავნილ ინტიმურ ფოტოებს უყურებს. მას ასევე აქვს “გატეხილი“ ტაბლეტი, რომლითაც ფილმებსა და Netflix-ის სერიალს - “Sean Combs: The Reckoning“-ს უყურებს, რომელიც მისმა კონკურენტმა, 50 Cent-მა გადაიღო.
გარდა ამისა, იგი ციხის შავ ბაზარზე ყიდულობს რეცეპტორულ პრეპარატ Remeron-ს, რომელიც დეპრესიის დროს ინიშნება. შაბათ-კვირას კი ბადრაგის მიერ ჩუმად შეტანილ პრემიუმ-კლასის ალკოჰოლს სვამს პატიმართა ვიწრო წრესთან ერთად.
“ციხეში მისი შესვლის დღიდანვე ნამდვილი წვეულება დაიწყო“, - იხსენებს ერთ-ერთი წყარო.

შონ კომბსს პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 50-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ფორტ-დიქსის ციხე მან ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის პროგრამის გამო აირჩია, რაც სასჯელის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ივლისში, სხვა პატიმართან ჩხუბის შემდეგ, იგი კარცერში გადაიყვანეს და სარეაბილიტაციო პროგრამიდან გარიცხეს. კარცერიდან გამოსვლის შემდეგ კი VIP-ცხოვრებას დაუბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება 1 მილიარდი დოლარიდან 300–400 მილიონ დოლარამდე შემცირდა, გისოსებს მიღმა ფული მაინც უდიდეს ძალაუფლებას წარმოადგენს.
თავად კომბსის წარმომადგენელმა მედიაში გავრცელებულ ცნობებს უპასუხა და განაცხადა: “შონ კომბსის ციხის ცხოვრების ყოველდღიური დეტალების განხილვამ იმ ზღვარს მიაღწია, სადაც მედია ჩვეულებრივ საპატიმრო ცხოვრებას სენსაციად აქცევს. ერთადერთი რეალური სიახლე ის არის, რომ შონი აგრძელებს სასჯელის მოხდას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება“.
ამასთან, ციხეების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, კომბსის გათავისუფლების სავარაუდო თარიღმა გადმოიწია და 2028 წლის ივნისის ნაცვლად, 2028 წლის 21 იანვარი განისაზღვრა.
იხილეთ ასევე: