2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შედეგად საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები - 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ხარჯები ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით:
ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით (მაღალმთიან დასახლებებში 665 ლარს აჭარბებს), ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის იზრდება 20 ლარით და 390 ლარს შეადგენს (მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი);
ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 60 მილიონი ლარი;
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა;
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით;
დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით.
განათლების ხარჯები გაზრდილია 400 მილიონი ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით;
სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 50 მილიონი ლარით;
სხვა დანარჩენი სახელმწიფო პროგრამების და მუნიციპალური სერვისების დაფინანსება გაზრდილია 269 მილიონი ლარით;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი;
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 332 მილიონ ლარამდე, მათ შორის 723 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის.
განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 800 მილიონი ლარი;
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 432 მილიონი ლარი;
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 404 მილიონი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობა და რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების განახლება;
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 310 მილიონი ლარი;
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილია 172 მილიონი ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 268 მილიონი ლარი;
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 142.5 მილიონი ლარი;
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების პროექტებზე გამოყოფილია 145 მილიონი ლარი;
მყარი ნარჩენების პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 106,4 მილიონი ლარი;
პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები შეადგენს 701 მილიონ ლარს;
საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით მიიმართება 250 მილიონი ლარი;
თბილისის მეტროს მოდენრიზაციის პროექტის დაფინანსება შეადგენს 125 მილიონ ლარს;
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტისთვის გამოყოფილია 125 მილიონი ლარი;
სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე მიიმართება 107 მილიონი ლარი;
ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დასასრულებლად გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარი;
სხვა დანარჩენი კაპიტალური ხარჯები ჯამში შეადგენს 267 მილიონ ლარს;
2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება.
2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა, საბიუჯეტო პროცესის თანახმად, პარლამენტში გაგრძელდება და მასში გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა მოხდება. პარლამენტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დეკემბრის თვეში დაამტკიცებს.