30 სექტემბერს, პოლონეთში, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა, დაჯილდოებას ესწრებოდა პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა თავად ლეხ ვალენსა.
ამავე ინფორმაციით, მზია ამაღლობელის ჯილდო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ „ბათუმელების“ წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.
ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მსოფლიოში.