აქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მიიღო. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ მაღალი იერარქიის სხვა სასულიერო პირები.
საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ასევე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ხელმძღვანელობით, თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა და პატრიარქს ტახტზე გამორჩევა მიულოცა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ძირითად შეეხო უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, განცხადებით, შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიები ქართული ეკლესიისთვის „მოუშუშებელ ჭრილობად“ დასახელდა, თუმცა მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული რესურსი ამ რეგიონებში საეკლესიო წეს-ცხოვრების მოსაწესრიგებლად.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ანტონის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობებს მოსკოვის საპატრიარქოსას. შედგა საუბარი. საუბარი რა თქმა უნდა ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ შიო მესამისადმი, მისი მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით. საუბარი ძირითად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და უდევს საფუძვლად.ამიტომ გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი პრობლემები. ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს.
გაიხსენეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი.
ასე რომ მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისთვის, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.