თურქეთში ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ყოფილი ფეხბურთელის, ჰასან შაშისა და მსახიობ აფრა სარაჩოღლუს ნარკოტესტის პასუხები გახდა ცნობილი. შაშის სისხლის, შარდისა და თმის ნიმუშებში კოკაინი აღმოაჩინეს, თმის ნიმუშში კი დამატებით კოდეინიც გამოვლინდა. სარაჩოღლუს შემთხვევაში კოკაინი თმის ნიმუშში დაფიქსირდა. მსახიობ არას ბულუთ ინემლისა და ჟურნალისტ იაღიზ საბუნჯუოღლუს ტესტების პასუხები კი უარყოფითი აღმოჩნდა.
ბაქირქოის რესპუბლიკური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, 18 სექტემბერს ჟანდარმერიის თანამშრომლებმა ოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულთა შორის იყვნენ მსახიობი არას ბულუთ ინემლი, მომღერალი სეფო, რომლის ნამდვილი სახელია სეიფულაჰ საღირი, და მსახიობი მელის სეზენი.
დაკავებულები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სისხლის, თმისა და შარდის ნიმუშები აუღეს.

ნარკოტესტის პასუხი ცნობილი გახდა მსახიობ აფრა სარაჩოღლუს შემთხვევაშიც. გამოძიების დაწყებისას ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა. თურქეთში დაბრუნების შემდეგ მსახიობი სტამბოლის აეროპორტში დააკავეს. მისი ნიმუშების გამოკვლევის შედეგად, თმაში კოკაინი აღმოაჩინეს.
სარაჩოღლუ დაკავების შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცედურებს დაექვემდებარა და მოგვიანებით გაათავისუფლეს. მანამდე, თურქეთში დაბრუნებამდე, მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში დაბრუნდებოდა და გამოძიებასთან ითანამშრომლებდა. ამ ეტაპზე მსახიობი დაკავებული არ არის.
ყოფილი ფეხბურთელის, ჰასან შაშის ნარკოტესტის შედეგების მიხედვით, კოკაინი მის სისხლში, შარდსა და თმის ნიმუშებში გამოვლინდა. გარდა ამისა, თმის ნიმუშში კოდეინიც აღმოაჩინეს.
შაშს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში შესაბამისი ნიმუშები აუღეს. პროცედურების დასრულების შემდეგ ის სასამართლოში გაათავისუფლეს.
გამოძიების ფარგლებში დაკავებული მსახიობის, არას ბულუთ ინემლისა და ჟურნალისტ იაღიზ საბუნჯუოღლუს ნარკოტესტის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. მათი ნიმუშების გამოკვლევისას ნარკოტიკული ნივთიერებები არ გამოვლენილა.
ორივე მათგანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.